ის, რაც ტელევიზიებმა პროკურატურის აქციებიდან არ აჩვენეს - ინტერვიუ მელორ ვაჩნაძესთან

ის, რაც ტელევიზიებმა პროკურატურის აქციებიდან არ აჩვენეს - ინტერვიუ მელორ ვაჩნაძესთან

27 მარტს მთავარ პროკურატურასთან გამართული აქციის დასრულებისას სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მელორ ვაჩნაძე დააკავეს, რომელიც ჯერ პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს და მალე ჯარიმით გაათავისუფლეს.

"ალია" მელორ ვაჩნაძეს დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა:

- 26 მარტს დამირეკეს ჟურნალისტებმა და მითხრეს, რომ 27 მარტს მიშას მომხრეები მასშტაბურ აქციას - "მეც მიშა ვარ"-ს აპირებდნენ და ამან ძალიან აღმაშფოთა. გაქცეულ სააკაშვილს, რაც ჩაიდინა, იმაზე აქვს პასუხები გასაცემი, ეს ადამიანი გაურბის პასუხისგებას და არ ჩამოდის. ეგრევე "ფეისბუკის" საშუალებით დავწერე მიმართვა ახალგაზრდების მიმართ, რომ დღეს საქართველოში არავინ უნდა თქვას, "მე სააკაშვილი ვარო". პროკურატურასთან 12 საათზე მივედით, იქ იყო 20 კაცამდე, ძალიან დიდი ნაწილი ვერ ვიცანით, ვინ იყვნენ, ამათ შეეშინდათ ახლოს მოსვლა და მხოლოდ ოთხი გოგო და სამი კაცი გამოვიდა. მოკლედ, ეს რამდენიმე ადამიანი იყო მოსული პროკურატურასთან პროვოკაციის მოსაწყობად.

- და რაში მდგომარეობდა პროვოკაცია, რა კადრებიც გავრცელდა, მარტო თქვენ იგინებით.

- არ ვიცი, კამერა მარტო მე რატომ მიღებდა, მაგრამ იქიდანაც იყო ლანძღვა და წყევლა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იყო გადაცდენა: მეც მივაყენე ამათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ასლარიანი ჯარიმა დამეწერა.

- ის მომიყევით, რაც ტელევიზიის კამერებს არ დაუფიქსირებია.

- ერთ მომენტში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, იყო გარკვეული შეხლა-შემოხლა. სიტუაცია აირია ჩვენს მეგობრებს შორის, არ იცნობდნენ ერთმანეთს და სანამ გაარკვევდნენ სიტუაციას... მოკლედ, გაუგებრობა მოხდა. მაგრამ ვაფიქსირებ, მათი მხრიდან იყო ძალიან დიდი აგრესია. გასაკვირი იყო ჩემთვის, რომ იქითა მხრიდან არავინ არ დაიჭირეს და დაგვიჭირეს მე და ჩემი მეგობარი. თუმცა, ისიცაა, რომ მისვლისთანავე განვაცხადე, რომ, თუ რამე მოხდებოდა, მე ვაგებდი ყველაფერზე პასუხს, როგორც აქციის ორგანიზატორი.

- ვინ იყვნენ მათი ორგანიზატორები? ახლომახლო ვინმე ცნობადი "ნაციონალი" არ შეგინიშნავთ?

- ეგენი ცოტა მოშორებით შეიკრიბნენ, ვერავინ ამოვიცანი, მაგრამ მარტო გოგოები გამოუშვეს, ყველამ ვერ გაბედა მოსვლა. ისე, საქართველოში თუ "ნაცმოძრაობა" ამ ადამიანების გარდა, სხვას ვერ იპოვნის მხარდასაჭერად, მე მგონია, კარგად მიდის ყველაფერი. "ნაციონალური მოძრაობა" დღითი დღე სუსტდება და მათი რეიტინგი ნულს უახლოვდება, რაც ძალიან მიხარია, და უბრალოდ, ეს სულგაყიდული ადამიანები დარჩნენ, ვინც ფულის გამო სააკაშვილსაც და რუსეთსაც შეეკვრებიან, როგორც თვითონ სააკაშვილი იყო ყველასთან შეკრული და ყველას აგენტი, საზოგადოებაში ასეთი აგენტები ჰყავთ თითზე ჩამოსათვლელები და ამ ადამიანებმა რამდენი უნდა ქნან? თუმცა, ვიმეორებ, ბრალდებები მათი მხრიდან წამოვიდა პირველად, სულ პუტინისტებს გვეძახდნენ. თვითონ არიან პუტინისტებიც და ყველაფერიც, ვინც 2008 წელს ოკუპანტი რუსეთი თბილისამდე მოგვიყვანეს. ეგენი არიან სწორედ რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები. ჩვენ გვინდა მშვიდობა, რა თქმა უნდა, ევროპული გზა და დასავლური ღირებულებები, ასევე მთავარი: ადამიანების უფლებების დაცვა. და არა ის სიტუაცია, რაც რუსეთშია, სააკაშვილმა აქ რომ დაამყარა და დასავლეთი რომ ამბობდა ჩვენზე, ლენინიზმია საქართველოშიო. რაც შეეხება კვერცხების სროლას, მოვუწოდე, ეს არ ყოფილიყო, მაგრამ ყველას ვერ გააკონტროლებ. ხალხი ძალიან გამწარებულია, რადგანაც წლების მანძილზე ტყვიასა და რეზინის ხელკეტებს გვირტყამდნენ და რატომ გაუკვირდათ, თუ ვინმემ კვერცხი ესროლათ? ჩვენ, უბრალოდ, უარესს არ ვკადრულობთ, რადგანაც მართლმადიდებელი ერი ვართ, მათსავით ზნედაცემულები არ ვართ და ეს კვერცხები როგორმე აიტანონ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია