ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი და ვუთხრა, რომ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა

ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი და ვუთხრა, რომ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარის თქმით მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის, რომ სააკაშვილი შეკითხვებს გაურბის, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს.

"არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს ადამიანი კვლავაც უარს ამბობს პროკურატურის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დაკითხვის წესზეც, ვგულისხმობ ვიდეო დაკითხვის ფორმას. მან კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის, უბრალოდ გაურბის საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმულ ამ მძიმე კითხვებს, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვებს - არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგაოდების და მსოფლიოს ეჭვებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილს ყველა შეკითხვაზე მაინც მოუწევს პასუხის გაცემა.

"თქვენ ალბათ ნახეთ, როგორი კორექტული იყო საქართველოს პროკურატურა. მან აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იმოქმედა. როცა გამოძიება მივიდა იმ კონდიციამდე, რომ საჭირო გახდა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა, კანონის ფარგლებში მოიწვია იგი, თუმცა სააკაშვილმა თავიდანვე იგნორი გაუკეთა მას და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს. ამის შემდეგ პროკურატურამ დაკითხვის ალტერნატიული მეთოდი შესთავაზა მას, თუმცა სააკაშვილმა უკვე მეორედ გაუკეთა მას იგნორი. გვესმის, რომ მას ძალიან ეშინია და გაურბის ამ მძიმე კითხვებს, მაგრამ მინდა, დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი და ვუთხრა, რომ მაინც მოუწევს პასუხის გაცემა დღეს თუ ხალ ამ კითხვებზე და არა მარტო ამ კითხვებზე. მას მოუწევს პასუხის გაცემა სხვა კითხვებზეც, ვინაიდან, რაც ხდებოდა ბოლო 9 წლის განმავლობაში სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. სხვა თუ არაფერი, მოხდა 300 ათასი ადამიანის გასამართლება, ათასობით ადამიანს წაართვეს ბიზნესი, უამრავი ადამიანი გახდა წამების მსხვერპლი და უამრავ გახმაურებულ მკვლელობას ჰქონდა ადგილი, რაზეც გამოძიება საჭიროებს პასუხების მიღებას", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან პროკურატურისგან მიიღო დასტური, რომ გამოძიება ბოლომდე მივა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ თანმიმდევრულები, იგივე თუნდაც ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენთვის გაუგებარია თუ საიდან მომდინარეობს ეს ისტერიკა, რომელიც "ნაციონალებმა" წამოიწყეს - ისინი უნდა იყვნენ პირგველ რიგში დაინტერესებული, რომ გამოძიება წარიმართოს მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და მაქვს სრული დასტური პროკურატურის მხრიდან, რომ ისინი გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა კითხვას პასუხს გასცემენ", - დასძინა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა