"უკრაინის საზღვართან ერთად, რუსებმა სამხედრო წვრთნები აფხაზეთშიც დაიწყეს"

"უკრაინის საზღვართან ერთად, რუსებმა სამხედრო წვრთნები აფხაზეთშიც დაიწყეს"

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერიის წვრთნები მიმდინარეობს. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაზეთ "რეზონანსთან" აცხადებს, დნესტრისპირეთსა და აფხაზეთში სწავლებები ერთდროულად დაიწყო და დიდი ალბათობით მსგავსი წვრთნები ცხინვალის რეგიონშიც მალე დაიწყება.

"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას დაჩქარებული წესით მოაწერს ხელს და თან, ხელშეკრულება უკრაინას გაუფორმეს, კრემლი გააქტიურდა და თუ ევროპა მკაფიოდ მხარში არ დაგვიდგება, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავვარდებით. ეს სიტუაცია სამწუხაროდ ძალიან მაგონებს 1921 წლის იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს", - აღნიშნავს მაისაია.

როგორც "აფსნიპრესი" წერს, სამხედრო ტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების გამოყენებით ფართომასშტაბიანი სწავლება აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე მიმდინარეობს და სწავლებაში, რომელიც საარტილერიო ცეცხლის მართვის დეტალების დახვეწას ითვალისწინებს, 400 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული, მათ შორისაა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადი", თვითმავალი ჰაუბიცა "აკაცია", ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "შტურმი", გადასატანი სარაკეტო კომპლექსი "იგლა" და ნაღმტყორცნი "სანი".წვრთნების შინაარსის მიხედვით, სამხედროები ფარულად გადაადგილდებიან ცეცხლის არეალისკენ, შემდეგ საარტილერიო ცეცხლით ანადგურებენ მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო მიზანს. წვრთნების ნახევარზე მეტი ღამის პერიოდში ჩატარდება, სიბნელეში მანევრირების გაუმჯობესების მიზნით.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რაც ახლა ხდება, ეს სამხედრო ძალის დემონსტრაციაა. ამას ემატება ის, რომ ევრაზიული კავშირის თემაც ამ ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ჯავახეთში სომხურ მოსახლეობაზე რუსული პასპორტების დარიგება დაიწყეს.

"თუ პასპორტების დარიგება დადასტურდება, საკმაოდ საგანგაშო ფაქტია. ეს ყველაფერი არის დაშინება და მიზანმიმართული გეგმები... მაგალითად, მოლდოვაში სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული და ვარაუდია, რომ იქ კომუნისტები გაიმარჯვებენ. ეს კი რუსეთს აძლევს ხელს", - აღნიშნავს მაისაია.

მაისაის განცხადებით, აფხაზეთში დაწყებული წვრთნები არ ნიშნავს იმას, რომ ამით რუსეთს ყირიმის მსგავსად აფხაზეთის მიერთებაზე აკეთებს მინიშნებას, კრემლს უფრო დიდი გეგმები აქვს. მისი თქმით, ერთი მომენტია, რომ მოსკოვმა შეიძლება კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი გამოიყენოს - აპრილის ან მაისის დასაწყისისათვის ცხინვალის ჩრდილოეთ ოსეთთან და, შესაბამისად, რუსეთთან მიერთების თემით რეფერედუმის გამართვის საკითხი წამოწიოს.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა