სტუდენტური გრანტების დაფინანსება 3 მილიონით შემცირდა

სტუდენტური გრანტების დაფინანსება 3 მილიონით შემცირდა

შარშანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებაზე 12 მილიონ 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, წელს კი ეს თანხა 9 მილიონ 165 ათას ლარამდე შემცირდება. ამის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ 9 მილიონ 165 ათასი ლარი საგრანტო წესით გადასანაწილებელი თანხაა. ცალკე თანხა კი არსებობს იმათთვის, ვინც გრანტის გარეშე დარჩებიან.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფზე თანაბრად გადანაწილდება. თითოეული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხის 4% შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგნებზე, 96% კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისთვის მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის პროპორციულად გადანაწილდება.

4 მილიონ 582 ათას 500 ლარი მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის საგნებზე გადანაწილდა. თანხის ანალოგიური რაოდენობა მოხმარდება ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნებზე გამოყოფილ ადგილებს.

განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% სრულ საგრანტო დაფინანსებას, 25% - 70 პროცენტიან საგრანტო დაფინანსებას, ხოლო დარჩენილი თანხა - 50 პროცენტიან საგრანტო დაფინანსებას მოხმარდება.

მთავრობის შარშანდელი დადგენილების მიხედვით, 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, წელს განსხვავება ის არის, რომ სტუდენტები სოციალურ ნაწილში დაფინანსდებიან.

მაია მიმინოშვილი: "თანხა პრაქტიკულად იგივეა, რაც შარშან იყო. 9 მილიონ 165 ათასი - ეს არის თანხა, რომელიც ჩვეულებრივი საგრანტო კონკურსისთვის განაწილდება. არის კიდევ სოციალური პროგრამა. როცა ჩარიცხვა დასრულდება, აბიტურიენტების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ვერ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, ამ პროგრამით დაფინანსდებიან და ის განსხვავებული თანხა მოხმარდება სწორედ სოციალურ პროგრამას".

ცნობისათვის, 2013 წელს 17 მიმართულებაზე ჩარიცხული აბიტურიენტების სწავლის საფასური სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდა. ეს მიმართულებებია: აგრარული მეცნიერებები, განათლება, ინჟინერია. მეცნიერება-საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები.

წელსაც თუ მოხდება სრულად ამ მიმართულებების დაფინანსება, უცნობია, რადგან ამის შესახებ ოფიციალური დადგენილება ამ დრომდე არ არსებობს. მიმინოშვილის ვარაუდით, მთავრობის მიერ პრიორიტეტულად ისევ ის მიმართულებები დარჩება, რომლებიც შარშან იყო.

პედაგოგიკის დარგში მომუშავე აკადემიკოსი ზურაბ ვახანია მიიჩნევს, რომ თუკი წელს დაფინანსების კლება მართლაც მოხდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩარიცხულ სტუდენტებს თანხა არ ეყოფათ და ვინმე ღირსეული სტუდენტი დაფინანსების გარეშე დარჩება.

ზურაბ ვახანია: "თუკი შარშან 12 მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდნენ სტუდენტები და წელს 9 მილიონ 165 ათასი ლარი გამოიყო, გამოდის, რომ მოიკლო და ეს ალბათ ბუნებრივიც არის; ეს გამოწვეული უნდა იყოს ეკონომიკური კრიზისისგან. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს თანხა ჩარიცხულ სტუდენტობას არ ეყოფა.

ყველა ჩარიცხული რატომ უნდა დაფინანსდეს?! უნდა დაფინანსდეს ის, ვინც ღირსია. მთავარი აქ გამოყოფილი თანხის ოდენობა კი არ არის, არამედ მთავარია ის, თუ როგორ მოხდება ამ თანხის გადანაწილება.

საერთოდ კი ჩვენთან მინიმალური ბარიერი არის ძალიან დაბალი. იმდენად დაბალია, რომ რეალურად ბარიერს არც ნიშნავს. სინამდვილეში უბარიერო გამოცდები გვაქვს; შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს კი გაზარდა, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოდ. რაც არის ამ ტესტების სტანდარტები, იმის დაახლოებით ნახევარია ბარიერი. როგორც ჩანს, აქ ხარისხზე კი არა, შემოსავალზე ფიქრობენ - უმაღლესმა სასწავლებელმა რომ მიიღოს შემოსავალი და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტმაც. აქ მხოლოდ საბაზრო ვაჭრობაა და სხვა არაფერი".

შეგახსენებთ, რომ წელს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა 42 000-ს აღწევს. დარეგისტრირებულია დაახლოებით 36 000 აბიტურიენტი.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია