"მივუთითოთ მაინც იმაზე, რასაც დასავლეთის უნივერსიტეტებში "აუცილებელი საკითხავი" ჰქვია" - თემურ ალასანიას აზრით, ბიძინა ივანიშვილმა მეტი უნდა იკითხოს

"მივუთითოთ მაინც იმაზე, რასაც დასავლეთის უნივერსიტეტებში "აუცილებელი საკითხავი" ჰქვია" - თემურ ალასანიას აზრით, ბიძინა ივანიშვილმა მეტი უნდა იკითხოს

გაერო-ს განიარაღების კომისიის ყოფილი წარმომადგენელი, პოლიტოლოგი და საქართველოს ექსპრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს "აუცილებლად საკითხავზე" მიუთითებს.

როგორც ალასანიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უკიდურესად სუსტია.

"არ ვისურვებდი, ახლა გავაკრიტიკო საქართველოს ხელისუფლება შიდა პოლიტიკის მიმართულებით. მოდი, ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებზე. ჩვენი საგარეო პოლიტიკა დღეს უკიდურესად სუსტია. საერთოდ, ნებისმიერი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის სუსტია, როდესაც გარე ფაქტორების გავლენის ქვეშ ფორმირდება, ხოლო უფრო ეფექტურია, როდესაც თავად ახდენს გავლენას გარე ფაქტორების ფორმირებაზე – ეს აქსიომაა. დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკიკა არა თუ გავლენას ახდენს, არამედ არც კი რეაგირებს დროულად შექმნილ ვითარებაზე. როგორ მოხდა ასე, რომ საქართველოს ხმა, როგორც რუსეთის ყველაზე უფრო ძლიერი კრიტიკოსისა, საერთოდ დახშულია მაშინ, როდესაც უკრაინის მოვლენების ფონზე წინა რიგებში უნდა მდგარიყო. რით აიხსნება ეს – უცოდინრობით, გამოუცდელობით თუ გააზრებული თამაშით, რომ მოდი, ჩვენ თქვენ არ გაგაკრიტიკებთ და თქვენ...? აქ უკვე მრავალწერტილია, და რა, საინტერესოა, თქვენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებთ? ეს ხომ გულუბრყვილობაა", - განაცხადა თემურ ალასანიამ.

მისივე თქმით, კონტექსტიდან ამოვარდნილ დისონანსად ჟღერს ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება – არ მჯერა, რომ რუსეთს სხვისი ტერიტორიების მიტაცება სურდესო.

"როდის აქეთ, უკაცრავად?! ამ ადამიანს ან არასდროს შეუსწავლია რუსეთის ეროვნული დოქტრინა და მისი ისტორია. ყველაზე არაობიექტური ისტორიკოსები მაინც წაიკითხოს. რადგან მას არ უსწავლია, რადგან მას არ ესმის, ჩვენი საზრუნავია, მათ ან ვასწავლოთ ან ავუხსნათ, ან რადგან დაკავებული ხალხი ვართ და ცოტა დრო გვაქვს, მივუთითოთ მაინც იმაზე, რასაც დასავლეთის უნივერსიტეტებში "აუცილებელი საკითხავი" ჰქვია", - განაცხადა თემურ ალასანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა