მეოთხე სართულიდან გადმოგდებული გოგონას ოჯახმა სასამართლო პროცესი წააგო

მეოთხე სართულიდან გადმოგდებული გოგონას ოჯახმა სასამართლო პროცესი წააგო

იმ საზარელი შემთხვევიდან, როცა გვანცა ადამია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კიბიდან გადმოაგდეს, ათი თვე გავიდა. უპასუხო სიყვარულისთვის ვანო ღონღაძემ გვანცა სასიკვდილოდ გაიმეტა. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ოთხთვიანი წოლითი რეჟიმი, ექიმები, წამლები, რეაბილიტოლოგები, ფსიქოლოგები - ერთი სიტყვით, გოგონამ მძიმე ათი თვე გამოიარა.

ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მოძალადე ვანო ღონღაძე ფსიქიკურად დაავადებულია და მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ის წინასწარი დაკავების საკნიდან პირდაპირ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როდის დაასრულებს ვანო მკურნალობის კურსს, არავინ იცის.

გვანცა ადამია:

-  იმ დღის დავიწყებას ვერ ვახერხებ. მენჯის ძვლის მრავლობითი მოტეხილობის გამო ოთხი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, სპეციალური კორსეტი მეცვა და გვერდზე გადაბრუნებაც არ შემეძლო. მერე ნელ-ნელა ექიმებმა წამოჯდომის უფლება მომცეს, შემდეგ - საწოლიდან ფეხების ჩამოწევის, მერე წამოდგომის, გავლის... ერთი თვე რეაბილიტოლოგი მოდიოდა და მავარჯიშებდა. ახლა უკვე უნივერსიტეტშიც დავდივარ. წინა წელს გამოცდები სახლში ჩავაბარე, ჩემთან მოდიოდა დამკვირვებელი.

-  ალბათ მძიმე იყო შენთვის იმ კედლებში შესვლა, სადაც ეს ამბავი მოხდა...

-  რა თქმა უნდა! დღესაც მიჭირს მეორე კორპუსში შესვლა. იქაურობა ჯოჯოხეთად მეჩვენება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ოქტომბრიდან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა. დეკანმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა შემომთავაზეს, - თუ იმუშავებ, გულს გადააყოლებ და შემოსავალიც გექნებაო. დავთანხმდი.

-  მკურნალობა კიდევ გჭირდება?

-  მედიკამენტებს აღარ ვიღებ, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. კონსულტაციებზე ქირურგთან დავდივარ. ყველაზე რთული მაინც, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა: მას მერე ღამე მშვიდად არ მძინებია. სახლიდან გასვლის შიშიც მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შებინდდება. მშობლები მხვდებიან მეტროსთან, რომ სახლამდე მიმაცილონ. სულ მგონია, ვიღაც მითვალთვალებს. ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხს ვაკვირდები და თუ ვინმე არ მომეწონება, თავს ვარიდებ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, ვანო არ იყოს გამოსული ფსიქიატრიულიდან. ამდენი ხანი ვინ აჩერებს საავადმყოფოში პაციენტს? აბსოლუტურად დაუცველი ვარ.

-  როგორც ვიცი, ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.

-  ასეა. ის სასამართლომ შეურაცხადად ცნო. ავადმყოფს რა პასუხი მოვთხოვოთო და იძულების წესით, სამკურნალოდ ხონში გაუშვეს. მისი დიაგნოზი იყო არადიფერენცირებული შიზოფრენია. ახლაც რომ დამესხას თავს, ამაზე პასუხს ვინ აგებს?

-  ვიცი, რომ სამედიცინო დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზამ შეადგინა, ეჭვი გეპარებოდათ...

-  ამაში არა მხოლოდ ჩვენ, არამედ პროკურატურასაც და გამომძიებელსაც ეპარებოდათ ეჭვი. უცნაური იცით, რა იყო? ექსპერტიზამ ხომ მშობლების ჩვენებებიდან, მონათხრობიდან გამოიტანა დასკვნა და სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ექსპერტი, თამარ ნიკოლაიშვილი ამბობდა, - მშობ­ლებს შეიძლება, ვერ შეემჩნიათ ვანოს ფსიქიკური აშლილობაო. როგორ ვერ უნდა შეემჩნიათ, როცა თავად ჰყვებოდნენ ჩვენების მიცემისას, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი შვილი. პირდაპირ თუ ირიბად ყველა ამბობს, რომ ეს დასკვნა სანდო არ არის. მიუხედავად ამისა, სამედიცინო დასკვნის გასაჩივრებაზე პროკურატურამ უარი გვითხრა, - სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო.

-  ვიცი, რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვდით. როგორ დამთავრდა ეს პროცესი?

-  ადვოკატმა გვითხრა, რომ გვქონდა მოთხოვნის საფუძველი. ექსპერტიზის დასკვნიდან, მშობლების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ვანოს 11 წლის ასაკში აღმოაჩნდა ფსიქოლოგიური პრობლემები. ძაღლს შეუშინებია. დაჰყავდათ ნევროპათოლოგთან, რომელიც ფსიქიატრთან ვიზიტს სთხოვდა, შიზოფრენია რომ გამოერიცხათ. მისმა ოჯახმა კი შვილს მკურნალობა შეუწყვიტა. დედამისი თავს იტყუებდა, რომ მის შვილს არაფერი სჭირდა. ორი წლის წინ, ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ვანოს აგრესიას ახლობლებიც ატყობდნენ. თურმე, არაფერს ჭამდა და ამბობდა, - მოწამლული ვარო. თუ შეჭამდა, მერე გულს ირევდა. დღესაც ამბობს, შიზოფრენია გენიოსების დაავადებააო. მამამისის ჩვენებაში წერია, რომ ვანოს პრობლემები ბავშვობიდან ჰქონდა; საჭმელს არ ჭამდა, რადგან ეგონა, მოწამლული იყო და გარკვეული პერიოდი წყალსაც არ სვამდა თურმე. სწორედ მამისთვის უთქვამს, რომ 250-ჯერ იყო ჩემს სახლთან, მითვალთვალებდა, ფოტოებს მიღებდა და მერე ისტერიკულად ათვალიერებდა... ერთი სიტყვით, ჩვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვდით ოჯახისგან, იმის გამო, რომ მათ ვანოს დაავადების შესახებ იცოდნენ და არანაირი ზომები არ მიიღეს, რომ მას საზოგადოებასთან ურთიერთობა არ ჰქონოდა. პროცესი წავაგეთ. უფრო მეტიც, სასამართლო პროცესებს ვანოს მშობლები არც კი ესწრებოდნენ, მხოლოდ ნათესავები და ადვოკატი მოდიოდნენ. ახლა სააპელაციოში ვაპირებთ გასაჩივრებას.

გვანცას დედა, შორენა თვალთვაძე :

-  არ გავჩერდები, ყველა ინსტანციაში ვუჩივლებ. ეკა ბესელიასთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ პარლამენტიდან დამირეკეს, - ეკა ბესელიას ნაცვლად, გედევან ფოფხაძე მიგიღებსო. დამაწერინეს განცხადება და დღემდე პასუხი არ მიმიღია. გვანცამ მიხეილ სააკაშვილსაც მისწერა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, სააკაშვილმა კი პროკურატურას გადასცა საქმე, პროკურატურამ - სხვა ინსტანციას და საქმე კვლავ შეწყდა. აი, ასეა, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც განუკითხაობაა. გამოდის, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. თითქოს ჩვენი ბრალი ყოფილიყოს ყველაფერი. ვანოს დედას უთქვამს, - ნაზად გადმოაგდო ჩემმა შვილმა, თორემ არ გადარჩებოდაო. ასეთ არაადეკვატურ ხალხს რაზე უნდა ელაპარაკო?! ჩემთანაც მოვიდა დედამისი და მითხრა, ნოტარიუსს მოვიყვან და ფული აიღე, ვიდრე გვიანი არ არისო. უარი ვუთხარი: შენმა შვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილისთვის-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, ექსპერტიზის პასუხს თუ გააყალბებდნენ?! ექსპერტს უკითხავს ვანოსთვის, ადრე თუ გიფიქრია გვანცას მოკვლაო? - კი, ფიქსატორიანი დანით ვაპირებდი, ალბათ ზურგიდან ჩავარტყამდიო, - ასეთი ყოფილა მისი პასუხი.

-  გვანცა, ეს აგრესია, ნერვული აშლილობა მანამდე არ შეგინიშნავს მისთვის?

-  ვანო ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე გავიცანი. როცა თავისი გრძნობების შესახებ მითხრა, იმედი არ მიმიცია, მაგრამ მაინც მაწუხებდა, დამდევდა. უცნაური კი იყო, ზედმეტად წყნარი ისე ჩუმად ლაპარაკობდა, დიდი ძალისხმევა გჭირდებოდა, რამე რომ გაგეგო. არავისთან ურთიერთობდა და მეგობრებიც არ ჰყავდა. სულ კითხულობდა, წიგნებზე საუბრობდა. პირველივე დღიდან მოწიწებით მელაპარაკებოდა, მე კი მის მიმართ დადებითად ვერ განვეწყვე. თითქოს არაფერი აკლდა, ერუდირებული ადამიანი იყო, მაღალი, სიმპათიური, ჩემ მიმართ ყურადღებიანი, მაგრამ... ეტყობა ვგრძნობდი, რაც მოხდებოდა.

-  მართალია, რომ შემთხვევის წინადღეს ვანოს "ფეისბუკზე" დაუწერია: ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაცო?

-  ეს ერთ-ერთმა ლექტორმა ნახა. ორი მუსიკა ჰქონდა გაზიარებული, ერთი სათაურით, - "როგორ მოვხვდეთ ჯოჯოხეთში" - და მეორე, "სიკვდილის სიმღერა". სწორედ იმ დღეს დაუწერია ის ფრაზაც.

-  ვანო ქრისტიანია?

-  მონათლული კი არის, მაგრამ ღმერთის არ სწამდა. აუგად მოიხსენიებდა მღვდლებსაც, ეკლესიასაც და პატრიარქსაც.

-  ქალბატონო შორენა, ვანოს მშობლებმა გვანცას სამკურნალოდ თანხა არ გაიღეს?

-  3 ათასი ლარი მოგვცეს თავიდან. მას მერე ბევრი ვალი ავიღე, სახლი გავყიდე სენაკში... ჩემი ქმარიც ავად არის, რადგან გვანცას ამბავი ძალიან ინერვიულა და მას მერე ერთი დღეც აღარ უმუშავია. ვართ ამ ერთ ოთახში და სენაკის ბინის ფულიც დაგვეხარჯა ექიმებსა და საკვებში. ბინას ვინ დაეძებდა, როცა ჩვენი ერთადერთი შვილი სამკურნალო გახდა...

-  ახლა რას აპირებთ?

გვანცა:

-  როგორც გითხარით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ცალკე საჩივარი გვინდა შევიტანოთ იმისთვის, რომ ქმედუუნაროდ ცნონ ვანო ღონღაძე. ამ სტატუსის მატარებელი ვერც ისწავლის, ვერც საზოგადოებაში გაერევა, ვერც დასაქმდება, ვერც ცოლს მოიყვანს. მასზე მეთვალყურეობას დააკისრებენ მშობელს. იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს დააშავებს, მეთვალყურე აგებს პასუხს. მე უნდა მქონდეს გარანტია, რომ ამ შეურაცხად ადამიანს ვინმე აკონტროლებს. არც ისაა გამორიცხული, ხვალ სხვა ჩააგდოს მსგავს მდგომარეობაში.

გვანცას მამა, თამაზ ადამია:

-  ავარია ან სხვა შემთხვევითობა რომ მომხდარიყო, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს განზრახ მკვლელობის მცდელობა მაგიჟებს. მშენებლობაზე მუშა რომ ხარაჩოდან გადმოვარდეს, ამაზეც კი ვიღაც აგებს პასუხს. ჰოდა, ჩვენც გაგვაგებინონ, ვინ არის დამნაშავე გვანცას გადმოგდებაში? ისიც არ სურთ, გვანცას მკურნალობის ხარჯი დაფარონ. არადა, მართლა აღარ ვიცით, მკურნალობა როგორ უნდა გავაგრძელოთ, როცა საამისოდ საშუალება აღარ გვაქვს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია