"მიფრთხილდით, ძმაო, დღეს სისხლი მწყურია!" - 90-იანი წლების სისხლისმსმელთა ბანდა საქართველოში

"მიფრთხილდით, ძმაო, დღეს სისხლი მწყურია!" - 90-იანი წლების სისხლისმსმელთა ბანდა საქართველოში

90-იანი წლების საქართველოში მოთარეშე ეს ბანდიტური დაჯგუფება კრიმინალური სამყაროს ისტორიაში არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც შევიდოდა, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეთა ჯგუფის სტატუსით. შეძრწუნებელი მოსახლეობა მას სისხლისმსმელთა ბანდას უწოდებდა. გამოძიების ოქმებიდანაც ჩანს, რომ ბანდის წევრები, რომლებიც თავდაპირველად, სხვადასხვა რაიონის, შემდეგ დედაქალაქის მცხოვრებთ ესხმოდნენ თავს, იარაღიდან ცეცხლის გახსნას ნამდვილად არ ერიდებოდნენ, აყაჩაღებდნენ არა მარტო მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს, არამედ ორგანიზაციებსა და სავაჭრო დაწესებულებებსაც. ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაზარალებულთა მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ. ასეთ დროს ბანდიტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ყველას, ვინც კი გზაზე გადაეღობებოდა და ცოტათი მაინც ეცდებოდა მათი მზაკვრული გეგმის ჩაშლას. ბანდის წევრთა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალებში 14 სხადასხვა დანაშაულის ეპიზოდი, 42 დაზარალებული პირისა და 8 მოკლულის გვარი ფიქსირდებოდა. თუმცა, აწიოკებული სოფლების მოსახლეობა გაცილებით მეტ მსხვერპლსა და გაუხმაურებელ ფაქტს ასახელებდა...

სამართალდამცავებისთვის თითოეული დამნაშავის ვინაობა იყო ცნობილი. მათზე ძებნაც გამოაცხადეს, მაგრამ ბანდას იმ დროისთვის ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები მფარველობდნენ. ქურდებს საკმარისი გავლენა და მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელობასთან. ამიტომ, ბანდიტები წლების მანძილზე ხელშეუხებელი რჩებოდნენ და აუღელვებლად განაგრძობდნენ თარეშს. ავტორიტეტები და პოლიციის შეფები მათი ნადავლიდან მიღებულ ნაწილს ერთმანეთში ინაწილებდნენ. ერთხელ გამომძიებელმაც მითხრა პირად საუბარში, "არც ერთი დამნაშავე არ მოიყვანეს მანამ, სანამ მათსა და ქურდებს შორის უკმაყოფილება არ მოხდა", - ამბობს ბანდის ერთ-ერთი წევრის მიერ მოკლული პოლიციელის მამა.

34 წლის კობა ჯაფარიძე პოლიციის ოპერატიული მუშაკი გახლდათ. თბილისში მდებარე კომერციულ დაწესებულებაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, ცხელ კვალზე ადევნებულ პოლიციელებსა და ბოროტმოქმედებს შორის შეტაკება მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ჯაფარიძემ თავისი ტაბელური იარაღიდან მხოლოდ ერთი გამაფრთხილებელი გასროლა მოასწრო. იმწამსვე მას ბანდის წევრის - იმნაიშვილის მიერ ავტომატიდან გასროლილი ტყვია მოხვდა და სასიკვდილოდ დაჭრილი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიების მასალებში დაფიქსირებულია წამების რამდენიმე ფაქტიც. როგორც ჩანს, ოჯახებზე ყაჩაღური თავდასხმების დროს, ბოროტმოქმედები მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიოდნენ. მუქარა და ცემა თუ არ გაჭირდა, სადიზმს მიმართავდნენ. მარტვილის რაიონის მკვიდრი ჯღარკავების ოჯახი სწორედ განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლი გახდა. ბანდა ოჯახს ღამის 3 საათისთვის დაესხა თავს. ხმაურზე გაღვიძებული ცოლ-ქმარი - გულნაზ და ომარ ჯღარკავები ორ ნიღბიან და ავტომატებით შეიარაღებულ ბოროტმოქმედს საძინებლის ზღურბლთან შეეფეთნენ. თავდამსხმელებმა ჯღარკავები ჯერ გაკოჭეს, პირი სკოჩით აუკრეს, ქმარს ცოლის თვალწინ წიხლებს ურტყამდნენ და იარაღით იმუქრებოდნენ; ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ, მაგრამ ცოლ-ქმარი უარის ნიშნად თავს რომ იქნევდა, წამებაზე გადავიდნენ. ვიდრე ერთი თავდამსხმელი სახლს ჩხრეკდა, მეორე, ჯღარკავების დამორჩილებას ცდილობდა. გულნაზ ჯღარკავას გახურებული უთოთი დაშანთვა რომ დაიწყო, ქმარი მაშინვე გატყდა და ბანდიტებს კომოდის იმ უჯრაზე მიუთითა, სადაც ოქროულობასა და შვილის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ დოლარებს ინახავდა...

რამდენიმე თვის შემდგე, იმავე რაიონში მცხოვრები, ქაჩიბაიების ოჯახის დაყაჩაღებისას, ბანდიტებმა ოჯახის უფროსი - ნოდარ ქაჩიბაია მაშინ გამოასალმეს სიცოცხლეს, როცა მან საკუთარი სანადირო თოფით მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ერთ-ერთმა ყაჩაღმა - ქაშიბაძემ მას "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან გულმკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

მოგვიანებით, ყაჩაღებმა სისხლიანი კვალი დედაქალაქშიც დატოვეს...

ოფიციალური ცნობებით, ბანდა 1993 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ სამეგრელოს მხარის მკვიდრმა რამდენიმე ამბიციურმა ახალგაზრდამ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება ძარცვა-ყაჩაღობებითა და რეკეტით გადაწყვიტა. ეს იდეა, როგორც გაირკვა, წარსულში ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ნასამართლევ 22 წლის გიგა გვილავას გაუჩნდა. ციხეგამოვლილი და შავ სამყაროში ფეხშედგმული გვილავა უბნელ ახალგაზრდებში უდავოდ სარგებლობდა ავტორიტეტით. მას მართლაც ჰქონდა კავშირი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან და არ ფარავდა, რომ ამ კავშირების გაღრმავებას ცდილობდა. ქურდული ორიენტაციისკენ ჰქონდა გეზი აღებული და ყოველივე ამის გამო, გარშემო მყოფი ახალგაზრდებისგან რიდსა და პატივისცემასაც გრძნობდა. ბანდის ორგანიზების შესახებ იდეა მან უახლოეს მეგობრებს გაანდო და მათაც გვილავა ერთხმად და ულაპარაკოდ აირჩიეს ჯგუფის ლიდერად.

ბანდა თავიდან 4 კაცისგან შედგებოდა, გვილავას გარდა მასში შედიოდნენ 22 წლის მერაბ ქარჩავა და ძმები - 20 წლის დავით და 18 წლის ვასილ წოწორიები. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები, ავტომატები და საბრძოლო მასალა, დაამზადეს ნიღბები და სამოქმედო გეგმის შედგენა დაიწყეს. რამდენიმე ოჯახის დაყაჩაღების შემდეგ (რასაც ორ შემთხვევაში შედეგად ადამიანის სიკვდილი, სხვა შემთხვევებში კი არაერთის სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა), ბანდას სამი ახალი წევრი - კოპალაძე, ქაშიბაძე და იმნაიშვილი შეუერთდა. ჯგუფი უფრო ორგანიზებული და "მიზანდასახული" გახდა. გადაწყვიტეს მხოლოდ, კერძო პირების დაყაჩაღებით არ შემოფარგლულიყვნენ და იერიში თბილისში არსებულ მსხვილ საწარმოებზეც მიეტანათ. ამისთვის თბილისში საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილას ქირაობდნენ ბინებს. წინასწარ ადგენდნენ გეგმებს, თუ რომელ ორგანიზაციაზე მიეწყოთ თავდასხმა, წინასწარ სწავლობდნენ ობიექტებს, ანაწილებდნენ როლებს - თავდასხმის დროს ვის რა მოქმედება უნდა განეხორციელებინა. მოქმედებდნენ შემდეგი გეგმით: ორგანიზაციაზე თავდასხმამდე მოქალაქეებისგან იტაცებდნენ ავტომანქანებს, რასაც ყაჩაღობის დროს იყენებდნენ, შემდეგ კი ქუჩაში ტოვებდნენ მათ.

1994 წლის აპრილ-ივლისის განმავლობაში ბანდამ ოთხი კომერციული დაწესებულებისა და ორი შემნახველი ბანკის განყოფილების დაყაჩაღება და სოლიდური ქონების გატაცება მოახერხა. ყაჩაღობებს მუდამ თან სდევდა სისხლის ღვრა და მსხვერპლი. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაზე განხორციელებულ ბანდიტურ თავდასხმას შეეწირა ამავე მაღაზიის დირექტორის - 44 წლის ტარიელ ინანეიშვილის სიცოცხლე, ხოლო შემნახველი ბანკის დაყაჩაღებას თანამშრომელი ქალი - მარინა კილაძე ემსხვერპლა.

1994 წლის აპრილში, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, გვილავა და ბანდის დანარჩენი წევრები წერეთლის გამზირზე ჩაუსხდნენ გ. ჯაოშვილს კუთვნილ "ვაზ 2106"-ში და ელიავას ბაზრობამდე მიყვანა სთხოვეს. გზაში მათ მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღი დაანახვეს, უთხრეს, რომ დაუყოვნებლივ მოკლავდნენ, თუკი მანქანიდან არ გადავიდოდა. ჯაოშვილმა მითითებულ ადგილზე მისვლისას ავტომანქანა გააჩერა და უხმოდ გადავიდა იქიდან. ბანდიტებმა კი გზა განაგრძეს. გატაცებული მანქანით დღის 2 საათისთვის თბილისში მდებარე ერთ-ერთ მუნიციპალურ, საიუველირო სავაჭრო საწარმოს მიადგნენ. შეიარაღებულები და ნიღაბაფარებულები შეიჭრნენ მაღაზიაში. თავდაპირველად, დაცვის თანამშრომელი განაიარაღეს, წაართვეს ტაბელური იარაღი და მაღაზიაში მყოფ ხალხს უბრძანეს, არ განძრეულიყვნენ. ამის შემდეგ გვილავა მაღაზიის დირექტორის - ინანეიშვილის კაბინეტში შეიჭრა და მისი და ოთახში მყოფი სხვა პირების დამორჩილების მიზნით იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. ტყვია იქვე მყოფ მაღაზიის თანამშრომელს - გ. ნოზაძეს მარჯვენა ბარძაყის არეში მოხვდა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სწორედ ამ მომენტში გვილავამ შენინა, თუ როგორ წაიღო ზურგს უკან ხელი ინანეიშვილმა. იფიქრა, რომ დირექტორი საკუთარი იარაღის აღებას ცდილობდა და მაშინვე აღკვეთა მისი მოქმედება. ავტომატიდან ჯერით ესროლა რამდენიმე ტყვია და ადგილზე მოკლა იგი. ამასობაში ბანდის დანარჩენი წევრები მაღაზიის დახლებს აცარიელებდნენ. ოფიციალური მასალებით, სავაჭრო ცენტრიდან მათ 10 850 დოლარის ღირებულების ოქროს სამკაულები წაიღეს. მაღაზიიდან გასული ბანდიტები ისევ ჯაოშვილის ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. მანქანა მათ მოგვიანებით დიღმის მასივში მიატოვეს, მოხსნეს ნაწილები და გაიქცნენ. მეორე დღეს გაძარცული "ჟიგული" პოლიციამ იპოვა და ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

რამდენიმე დღის შემდეგ ყაჩაღურმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა ტანსაცმლის მაღაზიაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს მაღაზიის ორი თანამშრომელი და სხეულის დაზიანება მიაყენეს ასევე მაღაზიაში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეპატრონე. წაიღეს 300 ათასამდე რუსული რუბლი, 270 დოლარი და ნახევარი საათით ადრე გატაცებული ავტომანქანა "ვაზ 2107"-ით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

1994 წლის ივნისში ბანდამ შემნახველი ბანკის განყოფილება დააყაჩაღა. საქმის მასალების მიხედვით, განყოფილებიდან მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონება - 2 მილიონი რუბლი, 400 მილიონი კუპონი და 1.200 დოლარი გაიტაცეს. მიზნის მისაღწევად, მათ დაცვის პოლიციელების განიარაღება დასჭირდათ. ბანკის შენობაში წარმოებული გასროლის დროს ერთ-ერთი ტყვია მოხვდა მოლარე - მარინა კილაძეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად მეოთხე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იმავე თვის მიწურულს ბანდამ საბურთალოს რაიონში მდებარე კიდევ ერთი კომერციული დაწესებულება დააყაჩაღა, თუმცა თავდასხმის ფაქტს პოლიციის თანამშრომლები - ჯაფარიძე და ზარიძე შეესწრნენ. ბანდიტები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, დაეყარათ იარაღი და გ. ჩაფიძისგან გატაცებული ავტომანქანით გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მოკლე მანძილის გავლის შემდეგ, იმავე რაიონში, მათ მანქანა გაუფუჭდათ და იძულებული გახდნენ გადამხტარიყვნენ და ფეხით გაქცეულიყვნენ. შეცვივდნენ უახლოესი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, იქიდან გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს ინტენსიური ცეცხლი. ამავე ბანდიტებმა საშიშროება შეუქმნეს იქვე მყოფი მოქალაქეების სიცოცხლეს, სასიკვდილოდ დაიჭრა პოლიციელი ჯაფარიძე, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა სამართალდამცავმა და ეზოში შემთხვევით, სრულიად უდანაშაულო მოქალაქემ ავტომატიდან ნასროლი ტყვიებით, ასევე დაიცხრილა კორპუსის წინ მდგარი მსუბუქი ავტომანქანა.

შეიარაღებული წინააღმდეგობის შედეგად, ბანდის წევრებმა პოლიციელებისგან თავის დაღწევა მოახერხეს. გავიდნენ ქუჩაში, იქ ერთ-ერთ მოქალაქეს იარაღის მუქარით, წაართვეს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციის თანამშრომლებისგან თავის დაღწევის შემდგე, ბანდიტებმა იარაღის გასახვევად მანქანას უკანა საზურგის შალითა მოხსნეს, მანქანა ნაძალადევის რაიონში მიატოვეს და თავად ფეხით მიიმალნენ.

მორიგი დანაშაული ბანდის წევრმა გვილავამ 1995 წლის თებერვალში ჩაიდინა. ღამით, ქარჩავასთან ერთად მყოფს, ერთ სავაჭრო ჯიხურთან ორ უცნობ ახალგაზრდასთან მოუხდა შელაპარაკება. გვილავა და ქარჩავა, როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, გვილავამ უხეშად მიმართა უცნობ ახალგაზრდას, რომელიც სავაჭრო ჯიხურის პირდაპირ იდგა და დასაკეც დანას ათამაშებდა. ხან შლიდა, ხან კეცავდა მას და თან მეგობარს ესაუბრებოდა. ახალგაზრდამ გვილავას უხეში მიმართვა - "შენ, ბიჭო, მაგ დანა შეინახე" - ვერ მოითმინა და აგრესიულად უპასუხა. ყოველივე ამის გამო გაღიზიანებულმა გვილავამ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი "ნაგანის" სისტემის რევოლვერი აიღო და ახალგაზრდას, დამიზნებით ერთხელ ესროლა. 21 წლის ზურაბ გიგაურს ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მან გულის მარჯვენა პარკუჭის გამჭოლი დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. გვილავამ "ნაგანი" გიგაურის მეგობრისკენ - დავით შარაბიძისკენაც მიმართა - შენც მოგკლავო, დაუყვირა და ჩახმახს ხელი გამოჰკრა, მაგრამ ტყვია მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ გავარდა. ამით ისარგებლა არაბიძემ და გვილავას მივარდა, რათა მისთვის იარაღი წაერთმია. თუმცა, ზუსტად იმ მომენტში ქარჩავამ მიწაზე უკვე უსულოდ დავარდნილ გიგაურს ხელიდან დანა ააცალა და ის ზურგში ჩაარტყა შარაბიძეს. შარაბიძემ, როგორც ექიმებმა აღნიშნეს, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო, მაგრამ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა შეძლეს. რაც შეეხება გვილავასა და ქარჩავას, ისინი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ და მიიმალნენ.

გვილავას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგი მსხვერპლი თავად ბანდის წევრი თემურ იმნაიშვილი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით, დაკავებულმა ვასილ წოწონავამ სამართალდამცავებს დაკითხვისას განუცხადა, იმნაიშვილის მკვლელობის მიზეზი ბანდის ლიდერის ეჭვები იყო. მისი თქმით, გვილავამ ბოლო ხანს იმნაიშვილი გატაცებული თანხის არათანაბარ განაწილებაში შეამჩნია. გვილავა ეჭვობდა, რომ ის ჯგუფის დანარჩენ წევრებს ნაყაჩაღარი ფულის ნაწილს ხშირად უმლავდა. წოწორიას ჩვენებიდან:

- ჯგუფში გვილავა ყველასგან გამოირჩეოდა სიმკაცრითა და აგრესიულობით, ვინმეს რამე თუ შეეშლებოდა, არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდა... იმ დღეს მერაბის ნაქირავებ ბინაში ვიყავით - ქაშიბაძე, იმნაიშვილი, გვილავა და ქარჩავა. ჩემი ძმა და კოპალაძე ჩვენთან იყვნენ. მე "ზალაში" ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, გვერდით ოთახში ბიჭები ლაპარაკობდნენ. მაშინ გავიგონე გვილავას სიტყვები - მიფრითხილდი, ძმაო, დღეს სისხლი მწყურიაო. ვიფიქრე, წამლის ქვეშაა-მეთქი და სერიოზულად არ მივიღე მისი ნათქვამი.

ცოტა ხანში თემურ იმნაიშვილი გამოვიდა, ანერვიულებული იყო. მას უკან მოჰყვა გვილავა, ხელში გადაჭრილი სანადირო თოფი ეკავა. იარაღი გადატენა, თემურს მიუახლოვდა და ესროლა. ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად და უცებ მოხდა, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. ამიტომაც არ დამიფიქსირებია, გიგამ რამდენჯერ ისროლა. თუ არ ვცდები ორჯერ ან სამჯერ... თემური იატაკზე დავარდა. როცა გავაცნობიერე, რაც მოხდა, სკამიდან წამოვხტი და გიგას დავუყვირე - რა ქენი-მეთქი? მან მიპასუხა - ვიცი, რასაც ვაკეთებ, შენ ნუ ჩაერევიო და იარაღი მეც დამიმიზნა. ეტყობოდა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო... თემური გვერდულად იწვა იატაკზე, ღია ფერის მაისური ეცვა და სულ დასისხლიანებოდა. მაშინ გავიფიქრე - ალბათ, ტყვიები მუცელში მოხვდა-მეთქი და კიდევ ერთხელ წამოვიწიე მის დასახმარებლად, მაგრამ ამ დროს გიგამ მაგიდიდან სამზარეულოს დანა აიღო და თემურს რამდენჯერმე ზედიზედ ჩაარტყა მუცლის არეში"...

თემურ იმნაიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. გვილავა კი დანარჩენებთან ერთად იქაურობას გაშორდა და მიიმალა. მკვლელობის იარაღი, როგორც ჩანს, თან წაიღო, რადგან შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ, ბინაში ვერც გადაჭრილი თოფი იპოვა და ვერც სამზარეულო დანა. არც ერთი იარაღი მას შემდეგ მის ან სხვის ხელში არ მინახავს", - წერდა ვასილ წოწორია.

სწორედ ძმები წოწორიები იყვნენ პირველები, ვინც პოლიციამ ამ ბანდიდან დააკავა, თუმცა ეს მხოლოდ 1997 წელს მოხდა. წინასწარ გამოძიებას მათ აღიარებითი ჩვენებები მისცეს და ჯგუფის დანარჩენი წევრებიც ამხილეს ჩადენილ დანაშაულებში. ბანდის ლიდერმა გვილავამ, რომელიც სამართალდამცავებმა ერთი თვის შემდეგ თბილისში დააკავეს, დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა, ყველაზე მძიმე მუხლებით ბრალი პროკურატურამ სწორედ მას წაუყენა. მოგვიანებით დააკავეს ქარჩავა და კოპალაძეც. რაც შეეხება ქაშიბაძეს, მისი ადგილსამყოფელის დადგენა პოლიციამ ვერ შეძლო. როგორც ამბობენ, მან საქართველოს ფარგლების დატოვება და საზღვარგარეთ მიმალვა მოახერხა.

საქმის წინასწარი გამოძიება და სასამართლო პროცესი ძალზედ რთული და დაძაბული აღმოჩნდა.

პროკურატურამ დაკავებულ პირებს 8 სხვადასხვა მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალდებულებმა ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული, თუმცა სასამართლოში აღნიშნავდნენ, რომ პროკურატურამ მათ ისეთ ფაქტებში დასდო ბრალი, რაც არ ჩაუდენიათ. ზოგიერთმა დაშინებულმა დაზარალებულმა ოჯახის უსაფრთხოების მიზნით გამოძიებისთვის მიცემული მამხილებელი ჩვენება სასამართლოში შეცვალა და განაცხადა, რომ თავდამსხმელების ამოცნობა არ შეუძლია. თუმცა, ამის მიუხედავად, ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულება წარადგინა სასამართლოში, განსასჯელთათვის ბრალის დასადასტურებლად. საბოლოოდ, ხუთივე განსასჯელი დამნაშავედ ცნეს. მათგან გვილავას ყველაზე მკაცრი სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ერგო. ქარჩავას - 19 წლით, დავით წოწორიას - 15 წლით, ხოლო ვასილ წოწორიასა და გურამ კოპალაძეს - 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ განზრახ მკვლელობების, ყაჩაღური თავდასხმებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გარდა, ბანდას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების - ჰეროინის შენახვასა და მის უკანონოდ მოხმარებაშიც დაედო ბრალი.

განაჩენით უკმაყოფილო მსჯავრდებულებმა საჩივრით შემდგომ ინსტანციას მიმართეს, თუმცა საკასაციო პალატამ განაჩენი უცვლელი დატოვა და რომელიმე მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

P.S. ბოროტმოქმედთა გვარები შეცვლილია

მეგი ცანავა

ჟურნალი "გზა"

#8 24.02.2005

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია