გასულ წელს საქართველოში 48 553 ადამიანი გარდაიცვალა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) 2013 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ 2013 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 1,6 პროცენტით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, 2004-2013 წლების მონაკვეთში, გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2011 წელს დაფიქსირდა 49 818 შემთხვევა, შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო ასევე 2012 წელს - 49 348 შემთხვევა. წელს კი გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 48 553 შეადგინა.
ამავე პერიოდში, 2004-დან 2013 წლამდე მონაკვეთში, გარდაცვალების ყველაზე ნაკლები ფაქტი დაფიქსირდა 2007 წელს 41 178 შემთხვევა.
გასულ წელს, გარდაცვალების შემთხვევებში ყველაზე დიდი კლება განიცადა ქალების 10-14, 20-29 და 80-84 ასაკობრივმა ჯგუფებმა, ხოლო მამაკაცებში - 20-29 ასაკობრივმა ჯგუფმა. ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა ქალების 75-79 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო მამაკაცებისთვის - 55-59 ასაკობრივ ჯგუფში.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ჩვილთა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2013 წელს 11,1 პრომილე (რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი, პროცენტის მეათედი) შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1,4 პუნქტით ნაკლებია. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2013 წელს 13,0 პრომილეა, ხოლო იგივე მაჩვენებელმა 2012 წელს 14,4 პრომილე შეადგინა.
2013 წელს ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 21,4 პროცენტით მოიმატა და 9 325 ერთეული შეადგინა.
გასულ წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
ნატალია დადიანი, Ambebi.ge