გადაიწევა თუ არა საქართველოში საათი

გადაიწევა თუ არა საქართველოში საათი

"ის გადაწყვეტილება, რომ ზაფხულის დროზე გადავედით, სწორად მიმაჩნია. განსხვავება ევროპისგან რაც შეიძლება ნაკლები უნდა გვქონდეს", - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მიღებული ეს გადაწყვეტილება დადებითი იყო და სამომავლოდ სასაათო ზოლში ევროპასთან დაახლოება კიდევ იქნება შესაძლებელი.

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მარტის ბოლო შაბათ დღეს საათი 60 წუთით წინ, ოქტომბრის ბოლო შაბათს კი უკან იწევა.

"ევროპასთან მიმართებაში საათობრივზე მეტად გეოგრაფიული დაშორებაა მნიშვნელოვანი. მაგრამ პირადად მე ის გადაწყვეტილება, რომ ზაფხულის დროზე გადავედით, სწორად მიმაჩნია. განსხვავება ევროპისგან რაც შეიძლება ნაკლები უნდა გვქონდეს. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ საკითხის დასმა სწორია, თუმცა არ ვიცი ამ საკითხის აღძვრა ვის ეხება.

"თუ ევროპას ამ მხრივაც უფრო დავუახლოვდებით, კარგი იქნება. მათთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ალბათ ამაზეც მოგვიწევს გადასვლა", - უთხრა "რეზონანსს" ბერძენიშვილმა.

საქართველოში დროის ცვალებადობა ხელისუფლების ცვალებადობასთან იყო კავშირში. მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ წლების განმავლობაში დროის გადაწევა-გადმოწევამ ბიოლოგიური დროდან საერთოდ ამოგვაგდო.

"ჩემი აზრით ევროპასთან დაახლოების კუთხით ეს ხელს არ გვიშლის, მაგრამ ჩვენთან პრობლემაა ის, რომ დროის საკითხი საერთოდ აირია. ამდენი გადაწევა-გადმოწევით რეალური დროის სივრციდან ამოვარდით. ამიტომაც წინა ხელისუფლების დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთ დროზე გავჩერებულიყავით.

"პირველ რიგში ჩვენ ჩვენი ბიოლოგიური საათი უნდა განვსაზღვროთ, რომლიდანაც ამოვარდნილები ვართ. ის რასაც ევროპა აკეთებს, ხელოვნურია, რომელიც ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარეობს.

"ჩემი აზრით, დროსთან მიმართებაში სამუშაო დღის დაწყების საკითხიც მნიშვნელოვანია. სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობას 10.00 სთ-ის ნაცვლად 09.00-ზე მაინც უნდა იწყებდნენ, როგორც ეს ევროპაშია. სამუშაო დღის დასაწყისი იქ 8-დან და 9 სთ-მდეა. ჩვენთან კი ამ დროს ყველაფერი მკვდარია.

"იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას, მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილება არ კმარა. აუცილებელია შესაბამისი გარემო პირობების შექმნაც, ტრანსპორტის მოძრაობა და სხვა მრავალი. გარემოს მთლიანი გადაწყობა უნდა მოხდეს. თუმცა ამ ეტაპზე ეს ალბათ უფრო დიდ არეულობას გამოიწვევს", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დროის გადაწევით გამოწვეულ გაღიზიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს. ე.წ. ტოროლებს და ბუებს შორის საქართველოში ბუთა რაოდენობა სჭარბობს.

"გამოთვლილია, რომ მთელს ქალაქში ელექტროენერგიის 1 წუთი გათიშვა სახელმწიფოს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის მოგებას აძლევს. აქედან გამომდინარე, გაზაფხულიდან, როდესაც მზე ადრე ამოდის, დრო იმისთვის გადააქვთ, რომ მინიმალური ენერგია დაიხარჯოს. ზამთარში კი პირიქით. შესაბამისად დროის ეს გადანაწილება ეკონომიკურ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

"ევროპა დღემდე ასე იქცევა, ორი დღეა ისინი საგაზაფხულო დროზე გადავიდნენ. ეკონომიკის თვალსაზრისით, დროის ცვალებადობა სახელმწიფოს დიდ თანხებს უზოგავს ბიუჯეტში, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოება დროის გადანაცვლებაზე ღიზიანდებოდა ხოლმე.

"ასევე იყო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა. თუმცა ევროპაში ჩათვალეს, რომ სხვა პრობლემებთან შედარებით ეკონომიკური ფაქტორი უფრო პრიორიტეტული იყო. საქართველოში კი საბჭოთა პერიოდიდან არსებული ტრადიცია წინა ხელისუფლების დროს შეიცვალა.

"ზოგადად არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: ტოროლა და ბუ. ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლება ბუს ტიპის ადამიანებმა იგდეს ხელთ. ყველა რესტორანი, ყველა გასართობი ადგილი ეპიცენტრში გვიან ღამით არის, ყველაზე კარგი გადაცემები ასევე არის გვიან, რისთვის კეთდება ეს? ბუს რიტმის მქონე ადამიანებისთვის, რომლებმაც ტოროლებიც ამ პრინციპზე გადაიყვანეს.

"შესაბამისად, არც სამუშაო დღე არ იწყება ძალიან ადრე, თუმცა ამის გადაწყობა შესაძლებელია. ისევე როგორც ტოროლების გადაწყობა მოხდა", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია