"იქნებ გვესაუბროთ მაცხოვრის მიერ მოციქულთა გამორჩევისა და საქადაგებლად წარგზავნასთან დაკავშირებით. სახარებიდან ცნობილია, რომ მაცხოვარმა ჯერ კიდევ მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში წარგზავნა მოციქულები საქადაგებლად და მისცა მათ სასწაულთა ქმნის ნიჭი. რა ნიშნით გამოარჩია უფალმა მოციქულებად წოდებული ადამიანები თავის მოწაფეთაგან და რა იყო იმ დროს მოციქულთა ქადაგების დანიშნულება?" - გვწერს "გზის" ერთ-ერთი მკითხველი. შევეცდებით, შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ კითხვას... მოციქულთა გამორჩევისა და საქადაგებლად წარგზავნის შესახებ მოგვითხრობენ მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები (მათე 10, 1-15; მარკოზი 3, 13-19; 6, 7-13; ლუკა 9, 1-6; 10, 1-12).
- მიწიერი ქადაგების დაწყების დროიდან უფალს უამრავი ადამიანი დაჰყვებოდა თან. მათ შორის გამოჩნდა უამრავი მოწაფეც. როგორ შეიძლება განვასხვაოთ ჩვეულებრივი ხალხი მოწაფეთაგან?
არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე:
- მოწაფეები გაცილებით ხშირად იმყოფებოდნენ უფალთან, თითქმის განუშორებლად დაჰყვებოდნენ და მის მორჩილებაში იყვნენ. სხვა ადამიანები კი, როდესაც მაცხოვარი მათ ქალაქში ან სოფელში გამოჩნდებოდა, მოუსმენდნენ, მის სასწაულებს იხილავდნენ და წავიდოდნენ. როდესაც უფალი სხვა ადგილას გადავიდოდა, იქ სხვა ხალხი ხვდებოდა. მოწაფეები ფაქტობრივად ყველგან დაჰყვებოდნენ. ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ სიღრმისეული გახდა მაცხოვრის სწავლება, ჭეშმარიტებას უფრო მეტად და მეტად აჩვენებდა უფალი თავის მოწაფეებს. ძალიან ბევრმა მოწაფემ დატოვა მაცხოვარი იმის გამო, რომ მათი გულები არ იყო გაღებული ღვთისთვის, - მისი სწავლება ვერ მიიღეს და წავიდნენ, დატოვეს უფალი. ე.ი. მოწაფეთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გულით ვერ მიიღეს უფალი, ასე ვთქვათ, აღტყინების მომენტში გაჰყვენენ უფალს, მაგრამ შემდეგ ვერ ჩასწვდნენ მის სწავლებას და მიატოვეს, მაგრამ იყვნენ მოწაფეები, რომლებიც განუწყვეტლივ დაჰყვებოდნენ თან. სწორედ მათგან გამოარჩია უფალმა ჯერ 12 და შემდეგ - 70 მოციქული.
- რა ნიშნით გამოარჩია უფალმა თავის მოწაფეთაგან მოციქულებად წოდებული ადამიანები?
- მათი გამორჩევა მოხდა მათივე შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე. უფალმა უწყოდა თითოეული იმ ადამიანის გული, რომელიც მას ემოწაფებოდა, მათ შორის კი სწორედ ისინი გამოარჩია, რომლებიც ყველაზე უკეთ იტვირთავდნენ იმ საქმეს, რაც მოციქულებს უნდა ეტვირთათ. რაც შეეხება იუდას, ის სულიერი წარმატებულობის გამო კი არ გამოარჩია, არამედ იმისათვის, რომ თავად იუდას სული გადაერჩინა. ყველა ის სასწაული, რაც მაცხოვარმა აღასრულა, იუდამაც იხილა, სხვა მოციქულების მსგავსად, იუდაც აღასრულებდა ღვთისგან მინიჭებული ძალით იმ სასწაულებსა და კურნებას, რასაც სხვა მოციქულები. ამ ყველაფრის შემდეგ, მას უნდა გახსნოდა გულისყური და თუ მაცხოვრის გაცემის ცოდვის ჩადენას ვერ ასცდებოდა, ამ უმძიმესი ცოდვის ჩადენის შემდეგ მაინც მოსულიყო ჭეშმარიტ სინანულში და საკუთარი სული გადაერჩინა. ყველაზე საუკეთესო შანსი იუდას სულის გადასარჩენად იყო სწორედ ის, რომ თორმეტ მოციქულს შორის ყოფილიყო, თუმცა გამოიყენებდა თუ არა ამ შანსს, ეს თავად იუდას თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული.
- რატომ წარგზავნა უფალმა მოციქულები საქადაგებლად თავისი მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში? რა იყო იმ დროს მოციქულთა მისია და დანიშნულება?
- როდესაც უფალი შემდგომ თვითონაც შევიდოდა ამ ადგილებში საქადაგებლად, ადამიანთა გონება და გულები ასე თუ ისე, მომზადებული უნდა ყოფილიყო იმ სწავლების მისაღებად, რასაც უფალი უქადაგებდა. ამ ადამიანებმა მოციქულებისგან იცოდნენ, რომ მათ ქალაქში მაცხოვარი უნდა მისულიყო. მოციქულები მათ აუწყებდნენ - ქრისტემ წარმოგვგზავნა, იესომ წარმოგვგზავნა. უბრალო მებადურებიდან, უბრალო ადამიანებისგან ნაქადაგები სიტყვა აკვირვებდა ადამიანებს. ისინი ფიქრობდნენ - თუ ეს უბრალო ხალხი ასეთ სწავლებას გვაძლევს, თავად ამ სწავლების მომცემი რაოდენ აღმატებული უნდა იყოს მათზეო? და მოუთმენლად ელოდნენ უკვე თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში იესოს გამოჩენას, რათა მისგან მოესმინათ მხსნელი სიტყვები. საქადაგებლად წარგზავნით ასევე მოხდა მოციქულთა გაბრძმობაც. უფალმა მოციქულები წინდაწინ შეამზადა მომავალი ღვაწლისთვის, რაც მათ მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომის, ზეცად ამაღლებისა და სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უნდა ეტვირთათ. საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები პირდაპირ, კონკრეტულად აუწყებდნენ ადამიანებს, რომ მხსნელი უკვე მოსულია და სულ მალე თქვენს ქალაქშიც გამოჩნდებაო.
- როგორ მოქმედებდნენ და ქადაგებდნენ იმ დროს მოციქულები? ვიცით, რომ იმ პერიოდში მათი თვალთახედვა ჯერ კიდევ უფრო მიწიერი იყო...
- როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ ან ნებისმიერი ადამიანი ღვთის სიტყვას ქადაგებს, ეს ხდება სულიწმინდისგან, ღვთისგან. მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, როდესაც მოხდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლა, მათზე უკვე საბოლოოდ დაივანა სულიწმიდამ. მოციქულთა პირით მაშინაც თავად უფალი მეტყველებდა, ოღონდ მოციქულების სულიერი მდგომარეობა გაცილებით სხვა იყო პირველი ქადაგების პერიოდში და სხვა იყო მას შემდეგ, რაც უკვე მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი ნახეს და ამის შემდეგ დაიწყეს ქადაგება.
- საქადაგებლად წარგზავნისას უფალი მოციქულებს აძლევს ეშმაკთა განსხმის, კურნებისა და სხვა სასწაულთა ქმნის ძალასა და ნიჭს. რატომ იყო საჭირო, რომ ღვთის სიტყვის ქადაგებასთან ერთად მოციქულებს სასწაულებიც აღესრულებინათ?
- როგორც ვიცით, ღვთის სასწაულები აღესრულება იმისათვის, რომ ადამიანებმა სულიერი სარგებელი მიიღონ. მოციქულებს სასწაულთა ქმნის ძალა და ნიჭი იმის გამო მიეცათ ღვთისგან, რომ მათ სიტყვას ფასი დასდებოდა და უფრო ადვილად მისულიყო ადამიანთა გულებამდე. როდესაც ისინი ქადაგებასთან ერთად სასწაულებსაც აღასრულებდნენ, მათი სიტყვა უფრო დამაჯერებელი ხდებოდა - არ იყო მხოლოდ სიტყვა, საქმითაც ამტკიცებდნენ თავიანთ ნათქვამს. იმდროინდელი კაცობრიობის გონება არ იყო ღვთისმეტყველებაში იმდენად ამაღლებული, რომ მხოლოდ სიტყვაში დაენახათ ჭეშმარიტება და როდესაც ადამიანები ხედავდნენ მოციქულთა მიერ ქმნილ სასწაულებს, უკვე მათ სიტყვასაც ერწმუნებოდნენ.
- საქადაგებლად წარგზავნის წინ მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება: "წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ; არამედ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან წადით". რატომ უნდა ექადაგათ მოციქულებს მხოლოდ ისრაელიანთა, იუდეველთა შორის?
- რათა ისრაელიანები, იუდეველები წინ არ აღსდგომოდნენ მოციქულთა ამ პირველ ქადაგებას და მათთვისაც არ წამოეყენებინათ ის ბრალდება, რასაც მაცხოვარს უყენებდნენ - წარმართებთან და ცოდვილებთან ერთად დადისო. ამასთან, იმ დროს მოციქულთა ქადაგებით უფალს ისრაელიანები უნდა მიეყვანა ჭეშმარიტებამდე, ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ კი უკვე მთელი კაცობრიობა.
(გამოდის ხუთშაბათობით)