სახლში დამზადებული პროდუქტების რეალიზატორებისთვის კანონს იღებენ

სახლში დამზადებული პროდუქტების რეალიზატორებისთვის კანონს იღებენ

2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ახალი კანონპროექტი, საიდანაც ამოიღეს ის პუნქტი, რომელიც სურსათის კუსტარული მეწარმეების კონტროლს გულისხმობდა. თუკი კოდექსს პარლამენტი იმ სახით დაამტკიცებს, სურსათის კუსტარულ მეწარმეებს 2020 წლამდე არავინ შეამოწმებს. რატომ ამოიღეს კოდექსიდან ეს ნაწილი და რა საფრთხეები ელის მომხმარებელს?

"ალიას" ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების" მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ლია თოდუა:

- კოდექსში ჩადებული იყო, რომ კონტროლს დაექვემდებარებოდნენ არა მხოლოდ ის მეწარმეები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირები, არამედ ისინიც, ვინც არ არის მეწარმედ რეგისტრირებული, მაგრამ მისი დამზადებული პროდუქცია ხვდება ბაზარზე. მაგალითად, რძის პროდუქტებიდან, ყველი, მაწონი, რძე იწარმოება საქართველოში არარეგისტრირებული პირების მიერ და პირდაპირ გამოდის ბაზარზე, ასევეა კრემიანი ნამცხვრები. ხან ბრუცელიოზია გავრცელებული ცხოველებში და ხან სხვა დაავადება, დაუშვებელია ამ პროდუქციის შეუმოწმებლად გამოტანა ბაზარზე. იყო ფაქტი, როცა შიგელოზი (ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის დიზენტერია. - შ.გ.) დაემართა 200-ზე მეტ ბავშვს. ძალიან საშიში დაავადებებია, რომელიც ყველით, მაწვნით ან ხორცით ვრცელდება. იგივე კრემიანი ნამცხვრები, რომელსაც სახლის პირობებში ამზადებენ. ამიტომ ამაზე აუცილებლად უნდა გავრცელდეს რაღაცა ტიპის კონტროლი, რომ ჰიგიენა მაინც მოწმდებოდეს.

- რაც კოდექსიდან ამოიღეს, იქ კონტროლის რა მექანზმები იყო ჩადებული?

- კოდექსში ჩადებული ჩანაწერი გულისხმობდა იმას, რომ კონტროლს დაექვემდებარებოდნენ როგორც რეგისტრირებული მეწარმეები (ფიზიკური ან იურიდიული პირები), ასევე, სურსათის კუსტარული მეწარმეები. საერთოდ, სურსათი არის ისეთი რამ, რომლის შემოწმებასაც აზრი აღარ აქვს, როცა უკვე ბაზარზეა გამოტანილი. ბაზარზე გამოტანილში ვერ შეამოწმებ ყველაფერს, ყველა ლუკმას ვერ გაუწევ კონტროლს. სურსათი არის პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს წარმოების პროცესში, წარმოება უნდა იყოს ჰიგიენური ნორმების დაცვით და სწორად წარმართული.

- ცალკეული პირების შემოწმება როგორ მოხდებოდა?

- კოდექსში ჩადებული ჩანაწერი არ გულისხმობდა, რომ ვინმეს თავზე დაადგებოდნენ და შეამოწმებდნენ, ყველს როგორ იყვანს ადამიანი, ან როგორ აცხობს ნამცხვარს. თვითონ მეწარმე უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს, მაგრამ უნდა იცოდეს მეწარმემ, რა უნდა აკეთოს. საუბარია იმაზე, რომ ყველის მკეთებელმა უნდა იცოდეს, ხელი დაიბანოს, უნდა იცოდეს, რა სიხშირით გარეცხოს ჭურჭელი, რომ ალუმინის ჭურჭელი არ უნდა გამოიყენოს და ა.შ. ელემენტარული ჰიგიენის პირობების დაცვაზეა საუბარი. გარდა ამისა, ამ პირებს მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, რომ დღეს იქნება თუ ხვალ აუცილებლად შეამოწმებენ. როდესაც მას ექნება შემოწმების მოლოდინი, ის თვითონ დაიცავს ნორმებს. როდესაც ეს ადამიანი ინსპექტირებას იქნებიან დაქვემდებარებულები, ეს ნიშნავს, რომ დაიცავენ ჰიგიენას. მათ იციან, რომ არ ვრცელდება მათზე ინსპექტირება და შესაბამისად, არ იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს.

- გამოდის, რომ ინსპექტირებას მხოლოდ დარეგისტრირებული მეწარმეები დაექვემდებარებიან? არადა ბაზარში მოთხოვნა სწორედაც, რომ სოფლის ნატურალურ პროდუქტზეა.

- ახლა ასეა. საგადასახადო ძალიან ლმობიერია გლეხებისადმი, სახლში ნამცხვრების მცხობელებისადმი... კი ბატონო, გაუწიოს ქვეყანამ მათ ანგარიში, ამაზე ლაპარაკი არ არის, ნუ დარეგისტრირდებიან და ნუ იქნებიან გადამხდელები, მაგრამ მათ პროდუქციას საკვებად იყენებს მომხმარებელი და მომხმარებელს აქვს უფლება, ჰქონდეს შემოწმებული პროდუქციის მიღების საშუალება.

- არგუმენტი არ დაასახელეს, რატომ ვიღებთ ამ ნორმას კოდექსიდან?

- მიზეზი დაასახელეს ის, რომ მთავრობის სხდომაზე განიხილეს კოდექსი და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა იყო ასეთი, რომ არ შეიძლება ამ პირების შემოწმებაო. თუ ახლა არ ჩადეს ეს ცვლილება კოდექსში, გადაიწევს 2020 წლამდე და მანამდე შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდეს უკონტროლო პროდუქციის ბაზარზე გამოტანას.

რატომ არ ითვალისწინებს კოდექსის ახალი ვარიანტი მომხმარებელთა უფლებების დაცვას?

კომენტარისთვის "ალია" აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგლა აგულაშვილს დაუკავშირდა: "ამ კოდექსს რვა კომიტეტი განიხილავს მიმდინარე კვირაში, ჩვენ განვიხილავთ ყველაზე ბოლოს, საკომიტეტო მოსმენებზე გავაკეთებთ ჩვენს შენიშვნებს და მოსაზრებებს. იქ ცოტა ობიექტური გარემოებებია. ამიტომ ჩვენ ვეცდებით მივიღოთ ის ვერსია, ის ვარიანტი, რომელიც იქნება ოპტიმალური როგორც მეწარმეებისთვის, ასევე იმ სექტორისთვის, რომელმაც ეს თემა წამოსწია. ვიცნობ მე ამ საკითხს, საგანგაშო არაფერი არ არის. ჩვენ გვექნება სწორი პოზიცია".

"ალია" ამ თემას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც კომიტეტებში განხილვები დასრულდება.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია