რას კურნავს იპოთერაპია? - სამკურნალო ცხენოსნობის ხიბლი

რას კურნავს იპოთერაპია? - სამკურნალო ცხენოსნობის ხიბლი

ჩემდა სამარცხვინოდ, იპოთერაპიის ქართული სკოლის არსებობაზე ჩემი უკრაინელი მეგობრისგან შევიტყვე. კიეველმა ახალგაზრდამ, ვიქტორია ბონდარენკომ საქართველოში რამდენიმედღიანი საგაზაფხულო ვიზიტი ნაყოფიერად გამოიყენა და სამკურნალო ცხენოსნობის ქართულ სკოლაში იპოთერაპიის კურსიც გაიარა. მკურნალობის ამ მეთოდით მეც დავინტერესდი. პაციენტების მოსვლამდე სამკურნალო ცხენოსნობაზე ნევროლოგს, ქალბატონ ირინე ურუშაძეს გამოვკითხე:

- მკურნალობის ამ მეთოდს რაიდთერაპიასაც უწოდებენ და იპოთერაპიასაც, თუმცა მსოფლიოში ძირითადად, იპოთერაპიითაა ცნობილი - "იპოს" ბერძნულად, მოგეხსენებათ, ცხენს ნიშნავს ანუ ეს არის სამკურნალო ცხენოსნობა. მკურნალობის ამ ფორმას საფუძველი XX საუკუნის 50-იანი წლებიდან დანიაში ჩაეყარა, ჩვენთან, საქართველოში კი 1980-იან წლებში დაინერგა და მისი ფუძემდებელი აკადემიკოსი დიმიტრი წვერავა გახლავთ. ბატონი დიმიტრი ექიმიც იყო და იმავდროულად - ცხენოსანიც. ჩვენ კი მისი მოწაფეები ვართ.

- ძალიან საყვარელი, ერთგული და გონიერი ცხოველით - ცხენით მკურნალობის მეთოდზე ბევრს არაფერი სმენია. მაინც რას ნიშნავს სამკურნალო ცხენოსნობა - იპოთერაპია და რას კურნავს იგი?

- დაავადებათა ჩამონათვალი ძალიან დიდია და პირიქით, ძალიან მცირეა იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლისთვისაც სამკურნალო ცხე­ნოსნობა უკუჩვენებად მიიჩნევა. იპოთერაპიით შეიძლება ვუმკურნალოთ გინეკოლოგიურ, ძვალ-სახსროვან, კუნთოვან, ნერვულ და კიდევ ძალიან ბევრ დაავადებას. მაგრამ ვერ გამოვიყენებთ მაგალითად, ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, მით უმეტეს - მწვავე პერიოდში. მკურნალობის ეს მეთოდი უნიკალური იმითაა, რომ აქ შესანიშნავადაა შერწყმული ორი აუცილებელი კომპონენტი - მექანიკური ზემოქმედება, რომელსაც ცხენი ადამიანის ორგანიზმზე ახდენს და პოზიტიური ფსიქო-ემოციური განწყობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაავადების განსაკურნად. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ: ადამიანი ცხენიდან რომ არ გადმოვარდეს, წონასწორობა შეინარჩუნოს, მან იზომეტრიულად უნდა დაძაბოს ანუ აამუშაოს ყველა კუნთი. ამიტომაცაა, რომ ცხენზე ამხედრებული ადამიანის კუნთოვანი, სისხლძარღვოვანი, ძვალსახსროვანი, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი - მოკლედ, ყველა სისტემა მუშაობს. ეს ააქტიურებს სისხლის მოძრაობას, რაც თავისთავად, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ასე, თანამიმდევრულად იქმნება რგოლი, რომელიც ადამიანის უკვე მთელ ორგანიზმს ააქტიურებს. ამოდენა მუშაობა ჩვენს სხეულზე, კანის ზედაპირზე, აგრეთვე, შიგნით, კუნთოვან სისტემაში განლაგებულ რეცეპტორებს აღაგზნებს და ეს გააქტიურებული ნერვული დაბოლოებები თავის აღმავალ იმპულსებს აწვდის ტვინის ქერქს, რომელიც ასევე აქტიურდება. ეს ფიზიოლოგიური მექანიზმი კი შეკმაზულია იმ არაჩვეულებრივი პოზიტიური სტიმულით, რასაც ადამიანს ცხენოსნობა ანიჭებს.

- მაგრამ ალბათ მხოლოდ ჯირითით ვერ იმკურნალებს ადამიანი?

- ცხადია... იპოთერაპიით მკურნალობა ზოგადად, 2 წლიდან დაწყებული, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ წინასწარი საფუძვლიანი გამოკვლე­ვების შემდეგ. ხანდაზმულების შემთხვევაში გაცილებით მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ ასაკში ძვლები დათხელებული და მყიფეა. ამ ეტაპზე ძირითადად, ბავშვებთან ვმუშაობთ და მათი უმეტესობა ცერებრული დამბლითაა დაავადებული. ასეთი პაციენტებისთვის ჩვენთან სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ასევე გვყავს აუტიზმით, სკოლიოზით, რამდენიმე კი - დაუნის სინდრომით დაავადებულიც. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი პაციენტები იპოთერაპიით განვკურნეთ, რადგან ამ ტიპის დაავადებების სრულ განკურნებაზე ჯერჯერობით ზედმეტია ლაპარაკი, თუმცა კარგი შედეგები გვაქვს. მაგალითად, იპოთერაპია საკმაოდ უწყობს ხელს ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვს, დამოუკიდებლად გაიაროს - საგრძნობ სტიმულს აძლევს და უადვილებს კიდეც. იპოთერაპიით იგი სიარულის გარეშე სწავლობს სიარულს. ამხედრებულ ადამიანს მოძრაობისას ცხე­ნის ზურგიდან სამგანზომილებიანი რხევები გადაეცემა. ანუ ადამიანი, რომელიც გადაადგილების უნარსაა მოკლებული, ცხენზე ამხედრებული იმავეს განიცდის, რასაც ჩვენ განვიცდით სიარულისას.

- განცდის ცხენიდან მიწაზე გადმოტანას როგორღა ახერხებს ადამიანი?

- ნევროლოგიაში არსებობს ცნება - "პირობითი რეფლექსი". ჩვენ სწორედ ეს რეფლექსები გვმართავს. მაგალითად, გახურებულ ნივთზე მიკარებით ხელს ერთხელ რომ დავიწვავთ, რეფლექსი გვკარნახობს, აღარ შევეხოთ მას. ასეთი "ჩანაწერები" კეთდება თავის ტვინში და იქმნება "სქემები", რაც ჩვენს ორგანიზმს, სხეულს მართავს. ტვინის ამ უნარს ვიყენებთ იპოთერაპიაშიც. მართალია, ჯერჯერობით მაინც ძიების პროცესში ვართ, რადგან 1980-იანი წლებიდან არცთუ დიდი პერიოდია გასული. რაც მთავარია, სადავო არავისთვისაა, რომ იპოთერაპია შედეგიანი, ეფექტიანი და ძალიან პერსპექტიულია.

- ბავშვებს ცხენის არ ეშინიათ?

- ზოგს - კი, ზოგს - არა. სხვა­თა შორის, პანიკური არა, მაგრამ ცო­ტაოდენი შიში ხშირად გვეხმარება კიდეც - ბავშვი უფრო მეტად კონცენტრირებული და მობილიზებულია, ამით კი თავის პრობლემურ სხეულს წინააღმდეგობების გადალახვას აიძულებს. საკმაოდ პოზიტიურია უშუალოდ შიშის გადალახვის მომენტიც, რაშიც ბავშვს ჩვენი კარგად მომზადებული პერსონალი ეხმარება. მე ექიმი გახლავართ, ოთხი რაიდთერაპევტი გვყავს და ორიც - მეთოდისტი. მკურნალობისას პაციენტს ინდივიდუალურად ვურჩევთ ცხენის ალურს ანუ გადაადგილების ტიპს - როდისაა რეკომენდებული ნაბიჯი, როდის - ჩორთი და ა.შ. ცხენებიც კარგად გაწვრთნილები არიან. ამწუთას სამკურნალოდ ოთხი ცხენი გვყავს და ორიც - პონი, პატარებისთვის. ახლახან ერთმა პონიმ იმშობიარა და კვიციც შემოგვემატა.

ბადრი გამეზარდაშვილი, რაიდ­თერაპევტი:

- იპოთერაპიისთვის ჯიშიანი ცხენის გამოყენება არაა რეკომენდებული. ცხენი მოძრაობის მიხედვით ირჩევა. ცნობილია, რომ საუკეთესო მოძრაობა - ნაზი ჩორთი ინგლისურ ცხენს ახასიათებს. სწორედ ნაზი ჩორთით მიიღება კარგი რყევები და რხევები, რაც პაციენტისთვის ძალიან სასარგებლოა. ინგლისურთან ერთად სოფლის ცხენებიც გვყავს, ქართული ჯიშის. ეს ცხენები საგანგებოდ გავწვრთენით და მოვათვინიერეთ. აბა, ბავშვთან სამუშაოდ ჩემზე მეტი ცხენმა უნდა იცოდეს (იღიმის)! რასაკვირველია, ბავშვს მაშინვე არ ვსვამთ ცხენზე. არც არის საჭირო. უმჯობესია, თავიდან მის მოვლაში მოგვეხმაროს, თივა დაუყაროს, მოეფეროს, შეიყვაროს, მერე კი დაჯდომაც გაუადვილდება. მართალია, ცხენზე დაჯდომა იპოთერაპიის მთავარი პრინციპი და მიზანია, მაგრამ აქამდე მისასვლელად ძალიან ეფექტიანი "შემოვლითი გზაა".

ირინე ურუშაძე:

- იპოთერაპია მხოლოდ ცხენზე ამხედრებასა და ჯირითს არც გულისხმობს. მკურნალობის ამ სისტემის პირველი ეტაპი სწორედ ცხენის, მისი ყოფის გაცნობაა. მასთან ურთიერთობა, მისი მოვლის წესების სწავლა ისე აახლოებს პაციენტს ცხენთან, შიშიც იოლად ილახება. მაგალითად, აუტიზმის მკურნალობაში სწორედ ეს მომენტია წამყვანი. აუტიზმით დაავადებულისთვის, რომელსაც მოტორული, ტონუსური და სხვა მექანიკური, სომატური ანუ ორგანოების მხრივ დეფიციტი არ აქვს და საწინააღმდეგოდ - მისი პრობლემა კომუნიკაციაა, იპოთერაპია სწორედაც მისწრებაა. მჭიდროდ ვურთიერთობთ უცხოეთის, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სკოლებთან და ერთმანეთს გამოცდილებასაც ვუზიარებთ. საქართველოში უკვე რაიდთერაპიის ფედერაციაც არსებობს და მას ქალბატონი ხათუნა საგანელიძე ხელმძღვანელობს; არსებობს საერთაშორისო იპოთერაპიის სკოლაც, ასე რომ, ამ მეთოდის სრულყოფისთვის სერიოზულად ვმუშაობთ.

ვიქტორია ბონდარენკო, კიეველი ახალგაზრდა:

- კიევში საცხენოსნო სპორტზე დავდივარ, იპოთერაპიის ნახევარწლიანი კურსი კი ქალაქ ნიკოლაევის საერთაშორისო სკოლაში გავიარე. ვიცოდი, საქართველოში იპოთერაპიის ძალიან ძლიერი სკოლა გქონდათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უძლიერესიც კი და რადგან თქვენი ქვეყანა განსაკუთრებულად მიყვარს, პრაქტიკისთვის სწორედ აქაურობა შევარჩიე. იცი, როგორი განსხვავება აღმოვაჩინე ნიკოლაევისა და თქვენს სკოლებს შორის? აქ ბავშვები თითო­ეულ რაიდთერაპევტს მეგობრად მიიჩნევენ და ენდობიან. მწვრთნელს კი საოცრად უყვარს პაციენტი ბავშვები ანუ აქ აქცენტს ბავშვისა და მწვრთნელის ურთიერთობაზე აკეთებენ. ნიკოლაევის სკოლაში მთელი სტრუქტურა მანქანის მექანიზმივითაა, ყოველი მოძრაობა, ნაბიჯი ზედმიწევნითაა გათვლილი, საქართველოში კი ყველაფერი გრძნობაზეა აგებული.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია