სად ირჩევენ სამოსს თბილისში

სად ირჩევენ სამოსს თბილისში

სამკერვალო სალონების მიმართ ინტერესი დროდადრო სულ უფრო იკლებს. წლების წინ მკერავებს და დიზაინერებს უფრო მეტი ადამიანი აკითხავდა, ახლა კი მათი კლიენტების რაოდენობა სულ უფრო იკლებს.

როგორც ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის - "ეისითის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, დედაქალაქის მოსახლეობა 10 წლის წინათ უფრო ხშირად იკერავდა სამოსს, ვიდრე ახლა. დღეს ქალების 80% მზა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ყიდულობს. მამაკაცები კიდევ უფრო პასიურები აღმოჩნდნენ. მათი 90% შეკერვას, პროდუქციის ყიდვას ამჯობინებს და მხოლოდ 10% აკითხავს დიზაინერსა თუ მკერავს.

დედაქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მზა ტანსაცმელს (78%) და ფეხსაცმელს (87%) ყიდულობს. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეისათვის ათიდან ორი თბილისელი (20%) პერიოდულად მიმართავს დიზაინერს – კერძო მკერავს, ათიდან ერთი თბილისელი (9%) კი ისევ კერძოდ უკვეთს ფეხსაცმელს. არსებული ინფორმაციის დასადგენად, საკონსულტაციო კომპანია "ეისითიმ" სულ 407 ზრდასრული თბილისელი გამოკითხა.

"რეზონანსთან" საუბრისას რესპონდენტების უმეტესობამაც უპირატესობა მზა პროდუქციას მიანიჭა. მათთვის ამ სახით შემოსვა მეტად მოსახერხებელი და შეღავათიანია.

"პრიორიტეტს შეკერილ სამოსს ვანიჭებ. ხშირად მიმაქვს იგი მკერავთან გადასაკეთებლად. ძალიან ბევრ ტანსაცმელს სჭირდება კორექცია, ამაში სხვადასხვა სამკერვალო სალონი მეხმარება.

მაღაზიებსა და ბაზრობებზე გამოფენილია ერთი და იგივე საქონელი. მერე მთელ თბილისს ერთნაირი პიჯაკი, ფეხსაცმელი თუ კაბა აცვია. მირჩევნია, ინდივიდუალობა შევინარჩუნო და სხვებს არ დავემსგავსო. ვიზუალურადაც უნდა იყო განსხვავებული დანარჩენებისგან. სწორედ მკერავთან სიარულით და ასე შემოსვით ვინარჩუნებ საკუთარ სტილს. მართალია, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს. დღეს ლილოში იმხელა არჩევანია, რომ კარგი და სასურველი მასალის ყიდვა პრობლემას აღარ წარმოადგენას", - ამბობს თეონა ჭინჭარაული.

როგორც "რეზონანსის" მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, სამკერვალო სალონებს მამაკაცებთან შედარებით, ქალბატონები უფრო ხშირად მიმართავენ, თუმცა მათი უმრავლესობაც პრიორიტეტს მაღაზიებსა და ბაზრობებზე წარმოდგენილ პროდუქციას ანიჭებს.

"რა თქმა უნდა, მზა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ვყიდულობ. არის ხოლმე გამონაკლისი და ზოგჯერ სამოსი მკერავთან მიმაქვს შესაკერად, მაგრამ ეს წელიწადში შეიძლება ერთი-ორჯერ მოხდეს. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ დღეს საქართველოში მომსახურების სფეროში უმეტესად არაპროფესიონალები მუშაობენ. ყველა დიზაინერობას იბრალებს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამკერვალო სალონებია. შესაძლოა, ეს სარფიანი პროფესიაა, მაგრამ ჩემთვის მათთან სტუმრობა მომგებიანი ნამდვილად არ არის.

მზა ტანსაცმელი გარანტიაა იმისა, რომ ფულის გადაყრა არ გიწევს. თუ არ მოგეწონება და ვერ მოირგებ, არც იყიდი. შეკერვის შემთხვევაში კი ასე არ ხდება. ვერაფერს გახდები, მასალა და შრომა დახარჯულია, რომც არ მოგწონდეს, თანხა მაინც უნდა გაიღო. სწორედ ამიტომ ვარიდებ თავს სამკერვალო სალონებს", - ამბობს სალომე ირემაშვილი.

წინა რესპონდენტისგან განსხვავებით, ნიკოლოზ ბაშარაული სამკერვალო სალონებს საერთოდ არ სტუმრობს. თანხისა და დროის დაზოგვის მიზნით, იგი დიზაინერთან სიარულს, მზა პროუდქტის ყიდვას ამჯობინებს.

"დღეს ბაზრობაზე, მაღაზიის დახლებზე უამრავი პროდუქციაა გამოფენილი. უპირატესობას მზა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ვანიჭებ. ჩემთვის ამ ფორმით ჩაცმა-დახურვა უფრო მარტივი და მოსახერხებელია.

მკერავთან სიარული არ მიყვარს იმ მიზეზით, რომ მეტი დრო და თანხა სჭირდება. უკვე შეკერილი, დახლზე გამოტანილი სამოსი კი ბევრად იაფად შეიძლება იყიდო. ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. ხალხს უნდა, რაც შეიძლება ნაკლები თანხა დახარჯოს.

მაგალითად, ბაზრობაზე ფეხსაცმელი 40-50 ლარადაც იყიდება, შეკერვას კი მინიმუმ 100-150 ლარი მაინც სჭირდება. დროის სიმცირისა და ფულის დაზოგვის გამო, მირჩევნია, მზა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვიყიდო", - ამბობს ნიკოლოზ ბაშარული.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები ნაკლებად სარგებლობენ ინდივიდუალური კერვის მომსახურებით და მზა ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას (90%).

ქალებს კი, სავარაუდოდ, ბევრად მეტი დრო ემეტებათ ინდივიდუალური ჩაცმისთვის. მხოლოდ მათ სხეულზე მორგებული ტანისამოსისთვის ქალების 28% პერიოდულად მიმართავს დიზაინერს ან კერძო მკერავს.

"ეისითი" ასევე დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა თბილისელების ქცევა ტანსაცმლის ინდივიდუალურ შეკერვასთან დაკავშირებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში. თბილისელი ქალების თითქმის მესამედი (30%) აცხადებს, რომ 10 წლის წინათ უფრო ხშირად იკერავდა ტანსაცმელს, ვიდრე ახლა. მსგავსი ქცევა დაფიქსირდა თბილისელი კაცების 14%-ში. საგულისხმოა, რომ ორივე სქესის წარმომადგენლების შემთხვევაში, მათი რიცხვი ვინც 10 წლის წინ უფრო ხშირად იკერავდა ტანსაცმელს, თითქმის სამჯერ აღემატება იმათ, ვინც ახლა უფრო ხშირად მიმართავს აღნიშნულ მომსახურებას (9% - ქალი, 5% - კაცი).

"ბაზრობებზე, მაღაზიებში წარმოდგენილი სამოსის უმეტესობა უცხოური წარმოებისაა. ქართველი მყიდველი კი ორიენტირებულია ფასზე და მოდელზე. მე პირადად მზა პროდუქციას ვყიდულობ - მოსახერხებელია და მეტად იაფიც ჯდება.

სამკერვალო სალონებს ადრე უფრო ვსტუმრობდი. მოგეხსენებათ, წლების წინ, საბჭოთა პერიოდში მზა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რთული საშოვნელი იყო, მუდმივ დეფიციტს განვიცდიდით, ამიტომ ხშირად სამკერვალო სალონებს მივმართავდით და ვიკერავდით.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. მაღაზიის დახლებზე და ბაზრობებზე უამრავი იმპორტირებული პროდუქციაა. არჩევანი ძალიან დიდია - ფასი, ხარისხი, მოდელები მრავალფეროვანია. მკერავთან მისვლა თითქმის აღარ არის საჭირო", - ამბობს თამარ ქოიავა.

მარიამ აფციაური

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია