წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: შედიხართ ქალაქ თბილისის მერიაში და მოქალაქეების მისაღებ ადგილას გაშლილ ხალიჩაზე წამოწოლილი გოგონა წიგნს კითხულობს, იქვე ორი მამაკაცი დომინოს თამაშობს, ზოგი ვარჯიშობს, სხვები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ. 2014 წლის 28 მარტს თბილისის მერიის პირველ სართულზე მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" წევრებმა არც მეტი, არც ნაკლები, პიკნიკი გამართეს. მშვიდობიან აქცია-პროტესტს ფლეშმობის სახე ჰქონდა და ვაკის პარკში მიმდინარე სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
"სასტუმრო პარკში? პიკნიკი მერიაში" - ასეთი ლოზუნგით გამოხატეს პროსტესტი მერიის წარმომადგენლების მიმართ "პარტიზანმა მებაღეებმა". Ambebi.ge ფლეშმობის იდეის ერთ-ერთ ავტორს, ნიკა დავითაშვილს ესაუბრა.
- ნიკა, რატომ გადაწყვიტეთ პროტესტის ასეთი სახით გამოხატვა?
- პირველ რიგში იმიტომ, რომ პროტესტის ეს სახე - პიკნიკი მერიაში, არ ყოფილა აგრესიული. მიმაჩნია, რომ აგრესიული ფორმებით ნებისმიერი პროტესტის გამოხატვა არ არის ეფექტური და ხშირ შემთხვევაში ბადებს უფრო მეტ აგრესიას და არა დადებით შედეგს.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფორმას, ეს არის პოზიტიური პროტესტის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელშიც მონაწილეობდა როგორც დაზარალებული მხარე, ისე დამნაშავე - თავად მერია. ფაქტობრივად, მერიის წარმომადგენლებმა ამ ფლეშმობში მონაწილეობა თავისდაუნებურად მიიღეს, რადგან მათ ტერიტორიაზე ხდებოდა მოქმედება. მათთვის გვინდოდა გვეთქვა, რომ იმას, რასაც მერია ვაკის პარკში აკეთებს, საპასუხო რეაქცია აუცილებლად უნდა მოჰყვეს, რაც შეიძლება იყოს მსგავსი ფლეშმობები, თავად მერიის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, და ბევრი სხვაგვარი ნეგატიური შედეგი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჯარო ინტერესს არ ითვალისწინებენ.
- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც პიკნინი და არა რაიმე სხვა სახის აქტივობა?
-სკვერები და პარკები ქალაქში სწორედ დასვენებისა და პიკნიკისთვის განკუთვნილი სივრცე უნდა იყოს. რადგან თბილისის მერია არ აქცევს ყურადღებას სარეკრეაციო ზონებს, ვაჩვენებთ, რომ თუ მომავალშიც ასე განაგრძობენ გულგრილ დამოკიდებულებას, მალე ალბათ ბავშვების გასეირნება და პიკნიკის მოწყობა ბეტონის კონსტრუქციებს შორის მოგვიწევს.
- მერიის დაცვის სამსახურმა ხელი არ შეგიშალათ?
- ისინი აბსოლუტურად დაბნეულები იყვნენ. ალბათ, მათ შინაგანაწესში არ არის განსაზღვრული, რა უნდა გააკეთოს მერიის დაცვამ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები შენობაში პიკნიკს მოაწყობენ. უბრალოდ დაიბნნენ და სანამ ხელმძღვანელებს დაუკავშირდებოდნენ, ყველაფერი დამთავრდა. შეეცადნენ ოპერატორებისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ პასიურები იყვნენ. ჩემთვისაც სცადეს ხელის შეშლა, მაგრამ მშვიდად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე რომ დაელაპარაკები ადამიანს, საპასუხოდაც იმავეს მიიღებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით Ambebi.ge ქ.თბილისი მერიას დაუკავშირდა შეკითხვით, რამდენად ნორმალურია, რომ საჯარო დაწესებულებაში მსგავსი ფაქტი ხდება, და, ზოგადად იცოდა თუ არა ადმინისტრაციამ აღნიშნული აქცია-პროტესტის მოტივის შესახებ. როგორც ქ. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა ბეგიაშვილმა განაცხადა, მან ამ ფლეშმობის შესახებ არაფერი იცოდა, მოგვიანებით კი გვაცნობა, რომ ფლეშმობის მონაწილეებმა შენობაში შესვლა მოქალაქეთა მიღების საათებში მოახერხეს, ცოტა ხანში კი ექსპრომტად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს მოქმედება:
"როგორც კი ფლეშმობი წამოიწყეს, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მათ შენობაში ამის უფლება არ ჰქონდათ და დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ შენობა. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და კონფლიქტი არ მოჰყოლია", - განაცხადა თეა ბეგიაშვილმა.
"პარტიზანი მებაღეები" უკვე თვეზე მეტია თბილისის ცენტრში, ვაკის პარკში, სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. პროექტს სასტუმროების ქსელის მართვის ოპერატორი BEST WESTERN და სამშენებლო კომპანია "ტიფლის დეველოფმენტი" ერთობლივად ახორციელებენ. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი ქორქაშვილის მიერ 2013 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ სასტუმროს მშენებლობის განხორციელების მიზნით ქ.თბილისის მერია თანახმაა მოჭრას ხე-მცენარეები 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში სარეკრეაციო ზონები საგრძნობლად შემცირდა. გამწვანებულ ტერიტორიებსა და პარკებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მრავალი ასწლოვანი ნარგავი შეეწირა. 8 ივლისს ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე 42 ხე მოიჭრა, კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობას კი შედეგად ე.წ. ციყვების ტერიტორიის მწვანე ნარგავებისგან გასუფთავება მოჰყვა.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge