"სი-თი პარკის" ვალდებულებები, რაც აქამდე არ ვიცოდით და რასაც კომპანია არ ასრულებს

"სი-თი პარკის" ვალდებულებები, რაც აქამდე არ ვიცოდით და რასაც კომპანია არ ასრულებს

საკრებულოს შემდეგ "სი-თი პარკზე" უკვე საავტომობილო ფედერაციის შეფი, შალვა ოგბაიძე ალაპარაკდა. კერძოდ, 3 აპრილს, მან ბრიფინგი გამართა და კომპანია "სი-თი პარკს", "ნაციონალური რეჟიმის" ერთ-ერთი ფინანსური აფიორა უწოდა, რომელიც წლების მანძილზე მოქალაქეების პირადი ქონების ხელყოფასა და დედაქალაქში გაუსაძლისი პირობების შექმნას უკანონოდ და უსამართლოდ ეწევა.

"ნაცმოძრაობა" და მისი მერი წლების მანძილზე კერძო ბიზნესში ჩაურევლობის საბაბით "სი-თი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას ასაიდუმლოებდა. "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ლეგიტიმურად მოიძია აღნიშნული ხელშეკრულება. ჩვენი ეჭვები გამართლდა და ეს დოკუმენტი გიგი უგულავას (დღესაც თბილისის ფაქტობრივი მერის) და მთელი რიგი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები აღმოჩნდა. ხელშეკრულება ისეა შედგენილი, რომ შეუძლებელია "სი-თი პარკისთვის" გადაცემული მოქალაქეების კუთვნილი მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და იქიდან მიღებული მოგების დათვლა; ხელშეკრულების შესაბამისად, შემოღებული უნდა ყოფილიყო არათუ ყოველდღიური, არამედ საათობრივი გადასახადიც. დღეს თუ თქვენ "სი-თი პარკისგან" მოითხოვთ ერთდღიან საშვს, პასუხად მიიღებთ ერთკვირიანი საშვის შემოთავაზებას", - დასძინა ოგბაიძემ.

მისივე განცხადებით, "ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კეთილმოწყობილი თანამედროვე მრავალსართულიანი ავტოსადგომების აშენებაც. უგულავამ თავი დააყენა კანონზე მაღლა და თავისი ბრძანებით, ფაქტობრივად, დააკანონა შპს-სთვის საკუთარი თანამოქალაქეებისგან ხარკის აკრეფა. აღნიშნული ბრძანება არის ანტიკონსტიტუციური, კორუფციისა და უფლებამოსილების აშკარა გადამეტების ნიშნის შემცველი და, ფაქტობრივად, წარმოადგენს თბილისის ახლაც ფაქტიური მერის, უგულავას საბრალდებო დასკვნას," - აღნიშნა ოგბაიძემ.

ამ განცხადებას მერია კი არა, "სი-თი პარკის" ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და განაცხადა, არაფერიც, არანაირი არც მიწისზედა და არც მიწისქვეშა სადგომების აშენებას არავის დავპირებივართო.

"ალია" შალვა ოგბაიძეს იმ დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა, რაც სააგენტოებს არ "გაუნიუსებიათ":

- დავიწყოთ მთავარით: მე ფინანსურ აფიორაში ვამხელ თბილისის მერიას და რატომღაც პასუხს მცემს "სი-თი პარკი". ეს ხომ რაღაც ეჭვს ბადებს? მათ შორის გამოდის, რაღაც ტოლობის ნიშანი დგას, არა? ჩვენ მიერ მოძიებულ ხელშეკრულებაში გამარჯვებული კომპანიები გახლავთ "ამაგონ ლიმიტედ" და "შოჰარ პარკინგ სერვის ლიმითედის" კონსორციუმი და რეალურად ეს ფირმები ინტერნეტშიც კი არ იძებნება. რაც შეეხება მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს, თვლების ბლოკირებაზე იყო ვალდებულება და არ შესრულებულა, გარდა ამისა მერიის არაერთგზის საჯარო განცხადებისა და ეს ხელშეკრულებაშიც წერია, რომ უნდა გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა ავტოსადგომების, არც ეს დაპირება არ შესრულებულა. მეტიც: გაუარესდა ტროტუარებზე ავტოსადგომების პანდუსების გარეშე მოწყობის თვალსაზრისით. მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე, ტროტუარი გადააქციეს ავტომანქანების სავალ ნაწილად. ამის გარდა, ის ვალდებულება, რაც ხელისუფლებას გააჩნია ადმინისტრაციული ოქმების შედგენის თვალსაზრისით, ეს უგულავამ კომპანიას საკუთარი ბრძანებით გადაავალა, ანუ ეს უფლება ჩამოართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მისცა "სი-თი პარკს", შემდგომ ვიღაცამ ურჩია, რომ ეს უხეში შეცდომააო და ორი წლის მერე შეტანილია შესაბამისი ცვლილება, თუმცაღა ესეც ანტიკონსტიტუციურია, იმიტომ რომ "სითი პარკს" შეიძლება უფლებამოსილება მისცე, დაგვაჯარიმოს პარკირების წესის დარღვვისთვის, შეიძლება დაგვაჯარიმოს, თუ გადახდილი არ გვაქვს და "მათ ადგილზე" გავაჩერებ მანქანას, მაგრამ მას არავითარი უფლება არ გააჩნია, არავის ტერიტორიაზე გაჩერების ამკრძალავი ნიშნის ქვეშ მდგარ ავტმობილს გამოუწეროს ჯარიმა. ესაა ის მცირე ჩამონათვალი, რის გახმოვანებასაც უახლოეს პერიოდში ვაპირებ.

რაც შეეხება კეთილმოწყობილ მრავალსართულიან ავტოსადგომებს, ეს ვალდებულება ჰქონდა მერიას აღებული და მე ველაპარაკები მერიას და არა "სი-თი პარკს". მე საქმე მაქვს მერიასთან და უგულავასთან და რატომ მპასუხობს "სითი პარკი", გაუგებარია...

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია