ეკლესიებს ანგრევენ და სამშენებლო მასალად იყენებენ - შემაშფოთებელი რეპორტაჟი ოკუპირებული აფხაზეთიდან (+ვიდეო)

ეკლესიებს ანგრევენ და სამშენებლო მასალად იყენებენ - შემაშფოთებელი რეპორტაჟი ოკუპირებული აფხაზეთიდან (+ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება, ანგრევენ ისტორიულ სახლებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება. "მოამბის" სიუჟეტის მიხედვით, შენობები, რომელთაც სტატუსი თავად დე-ფაქტო ხელისფლებამ მიანიჭა, დაუცველი აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ბოლო ორი კვირის მანძილზე ორი ნაგებობა სრულიად გაანადგურეს, უფრო ადრე კი რეგიონში არსებული შენობები დაშალეს და სამშენებლო მასალად გამოიყენეს. კულტურული მემკვიდრეობის მხრივ აფხაზეთში მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. თავად ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას მიაჩნია, რომ მომხდარი ვანდლური ფაქტია და აღიარებენ, რომ მდგომარეობას ამ მხრივ ვერ აკონტროლებენ.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი, გარიკ სანგულია "მოამბესთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, "ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღეს კონკრეტულმა ადამიანებმა. ამ ძეგლების რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, და არა აღება. თუ ასე აიღეს ყველა უძველესი ნაგებობა, მაშინ სოხუმი იერსახეს დაკარგავს. უნდა დადგინდეს, ვინ ჩაიდინა ეს ქმედება და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს".

ასეთი მასშტაბის თვითნებობა სოხუმში პირველად მოხდა, თუმცა პერიფერიებში კულტურულ მემკვიდრეობას რუსი სპეციალისტები განზრახ ანადგურებენ. სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოებით ცნობილი გახდა, რომ ილორის წმინდა გიორგის ტაძრის იერსახის შეცვლის შემდეგ, მის ეზოში ახალი ნაგებობა აშენდა, გაგრაში კი სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით, აბაათის ციხესიმაგრეც შეკეთდა, სადაც მიშენებები ბეტონის გამოყენებით არის გაკეთებული.

ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიას თქმით, ქართულმა მხარემ თავის დროზე გამოთქვა წუხილი ილორის გამო, როდესაც კედლები შეათეთრეს და ტაძარმა დაკარგა ავთენტრობა:

"ახლანდელი მონაცემებით, რამდენადაც შეიძლება ამ ფოტოსურათების მიხედვით ვიმსჯელოთ, იქ აშენდა პატარა სამლოცველო, რომელიც არაფერს არ ჰგავს, დარღვეულია ყველა წესი. ისტორიულ არქიტექტურას აქვს თავისი დაცვის ზონა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს".

მოყვარულების მიერ გადაღებული და ასევე სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეომასალიდან ცნობილი გახდა, რომ ცანდრეფშის ტაძრის ნანგრევებში სახელდახელო საკურთხეველია მოწყობილი. რუსი ტურისტების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სოფელ ანუხვაში დედათა მონასტრის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელსაც 90-იანი წლების საომარი მოქმედებების კვალი დღესაც ეტყობა. შერიგების სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების დროს უკვე დაისვა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა  "მოამბეს" განუცხადა, რომ სამინისტრომ მიიღო ერთგვარი პირობა, რომ შეიძლება შეიქმნას საერთო კომისია, რომელშიც ჩაერთვებიან როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები, რათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი განიხილონ.

ბზიფში ტაძრის აღსადგენად რუს არქიტექტორებს შესაძლო პროექტი დამუშავებული აქვთ. ასევე რუსი სპეციალისტების მონაწილეობით ლიხნიში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია და ტაძარში წვიმა ჩადის.

ოკუპირებულ რეგიონებში ქართული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ამ დრომდე მხოლოდ სოციალური ქსელებითა და იქ ჩასული ტურისტების მიერ ვრცელდება. რეალურად კი მათი მონიტორინგის საშუალება ამ დრომდე არც საერთაშორისო და არც ქართველ ექსპერტებს არ აქვთ.

იხილეთ "მოამბის" სიუჟეტი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა