ამონარიდი ლევან ვასაძის წერილიდან "სამართლიანობის აღდგენა":
სამართლიანობის აღდგენის პროცესს ჩვენი საზოგადოება უკვე წელიწადზე მეტია ელოდება. იგი გაგებით ეკიდება ახალი მთავრობის რთულ მდგომარეობასაც, რომელიც განპირობებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკური საჭადრაკო დაფის უკიდურესი სირთულით. მაგრამ მიუხედავად დასავლეთის დიდი წნეხისა, მაინც გაუგებარია, რატომ არ ჩანს არანაირი სისტემური წინსვლა სამართლიანობის აღსადგენად.
ხშირად გვესმის, რომ ჩვენს სახელმწიფოს ახლა არც მაგისთვის სცხელა და არც მაგის საკომპენსაციო ფული აქვს. მაგრამ ქართველი საზოგადოებისათვის ფული არ არის მთავარი, მადლობა ღმერთს, ჯერ ასე არ გადავგვარებულვართ, გარედან ამის გამუდმებული მცდელობის მიუხედავად.
მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა, ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ღირსების შეგრძნება. ასეთ ქვეყანაში ძალიან ძნელია სახელმწიფოებრივი მშენებლობა წინ წასწიო, თუ ადამიანებს ჩამორთმეული ღირსების შეგრძნება არ დაუბრუნე. ახალი მთავრობის მოხელეებისაგან ხშირად გვესმის, რომ ეს ძნელია(?!). ეგ ჩვენთან ბავშვმაც კი იცის, მაგრამ ის, რომ ხალხი ვერ ხედავს ახალი მთავრობისგან სამართლიანობის აღდგენის სისტემურ მცდელობასაც კი, არის ან ახალი ხელისუფლების პირველი სერიოზული შეცდომა, ან საზოგადოებისათვის ჯერ გაუგებარი სტრატეგიული ჩანაფიქრი.
330 000 - ეს არის ციფრი სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში დაპატიმრებული ადამიანებისა. იგი ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში პირველ, სამარცხვინო ადგილზე ამყოფებს. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 7.5%, ქართული ეთნოსის დაახლოებით 10% და სამუშაო ასაკის ქართველი მამაკაცების 35%. ამდენი ხალხი, თავისი ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებით, ციხეში 9 წელიწადში არ ჩაუყრია მსოფლიოს არც ერთ თანამედროვე ხელისუფლებას. თუ დავუშვებთ, რომ ერთ ქართველ კაცს საშუალოდ 4 უახლოესი ოჯახის წევრი-ნათესავი მაინც ჰყავს, გამოდის, ეს უბედურება ოჯახის დონეზე შეეხო 1.5 მილიონ კაცზე მეტს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის 40%-მდე იყო ციხეში", რადგან ქართულ ოჯახში ადამიანისათვის შვილის, ძმის, დის ან მშობლის ციხეში მოხვედრა უარესია, ვიდრე თავად ამ ადამიანის დაპატიმრება. და თუ საქართველოში 3 მილიონი ქართველიღა დავრჩით, ეს 1.5 მილიონი ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ქართველი "იყო" ციხეში ამ ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის წყალობით.
ამ 330 000-დან, თითქმის არც ერთი პატიმარი არ გამოუშვიათ ციხიდან ფულის გადახდის გარეშე. ხალხი აიძულეს გაეყიდათ ყველაფერი, რათა გაეთავისუფლებინათ თავიანთი ახლობლები. სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების ოფიციალური სტატისტიკა იყო გამაოგნებელი 0.1%, რაც 5-ჯერ ნაკლებია პუტინის სასამართლოს 0.5%-ზეც კი და 120-ჯერ ნაკლებია სტალინის ტროიკების 12%-ზე გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს.
ახალი ხელისუფლება ვერავითარ ახალ საქართველოს ვერ ააშენებს ასეთი დათრგუნვილი, დაშინებული, შეურაცხყოფილი, ღირსებააყრილი მოსახლეობით. იგი ვერ შეძლებს ეკონომიკის წინ წაწევას, ქვეყანაში ჯანსაღი კულტურული პროცესების სტიმულირებას, გადაშენების პირას მისული ეროვნების შობადობის გაზრდას, თუ არ გააჩენს სამართლიანობის განცდას მოქალაქეში, შეგრძნებას იმისა, რომ მისი ღირსეულად და შეურყვნელად ცხოვრების უფლებები დაცულია, არა მხოლოდ უახლოეს მომავალში, არამედ უახლოეს წარსულშიც.
ახალ ხელისუფალთ კერძო და საჯარო საუბრებში არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს ფული, რომ დაუბრუნოს ამ გაწეწილ და დაჩაგრულ ხალხს. ჯერ ერთი, როგორც უკვე ვთქვით, ქართველი ხალხისათვის ფული არ არის მთავარი.
ბოდიში მაინც მოუხადონ ხალხს სახელმწიფოს სახელით, რადგან ახლა მას ისინი წარმოადგენენ. მერე აიღონ და ყველა ის პოლიტიკოსი, მოსამართლე, პროკურორი და ბადრაგი გაასამართლონ კანონით, ვინც ამას სჩადიოდა, მათი უკანონო ქონების კონფისკაცია მოახდინონ და რამდენსაც შეძლებენ, იმდენი კომპენსაცია მისცენ ხალხს. სხვა სახის კომპენსაციებიც მოიფიქრონ, მაგალითად, სამართლიანობის აღდგენის კომისია შექმნან, რომელშიც შევლენ სახელისუფლებო სამივე შტოს ხელმძღვანელი და პატრიარქი და გამოიმუშაონ სამართლიანობის აღდგენის მეთოდიკა, ანუ აიყვანონ ეს პროცესი სახელმწიფო პრიორიტეტის რანგში არა სიტყვებით, არამედ საქმით. რეჟიმის მსხვერპლთ სიცოცხლის ბოლომდე საგადასახადო და სამედიცინო შეღავათები დაუწესონ და ა.შ. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. და ჩვენი ზოგიერთი მოხელის გასაგონად ვიტყვი, ეს იქნება არა სახელმწიფოს ხარჯი, არამედ სახელმწიფოს მოგება, რადგან წელში გამართული, რეაბილიტირებული მოქალაქე მეტს შეიტანს იმ ბიუჯეტში, რომლითაც სახელმწიფო იკვებება. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც გვესმის, ამდენს ჩვენი სასამართლო ვერ მოერევაო.