ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე - რა არის ცნობილი შს მინისტრისთვის სააკაშვილის გეგმების შესახებ

ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე - რა არის ცნობილი შს მინისტრისთვის სააკაშვილის გეგმების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც შს მინისტრმა "პრაიმ ტაიმსს" მისცა.

- "ნაციონალური მოძრაობა" ხშირად აკეთებს მინიშნებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, საქართველოში განმეორდეს ევრომაიდანის მოვლენები... ხედავთ თუ არა ამის ალბათობას და როგორ იმოქმედებს პოლიცია უკრაინული სცენარის შემთხვევაში?

- რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც საქართველოში არ შეიმჩნევა, პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან. რა მიზნითაც უკრაინაში ევრომაიდანი მოხდა, ჩვენთან ამის წინაპირობა ნამდვილად არ არის. წინა წლებთან შედარებით 200 და 300 პროცენტით მეტადაა დაცული ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც.

- ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად განიხილავს მასშტაბური გამოსვლების სცენარს და ამ მიზნით მოიმარაგეს საბურავები?

- დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. მათ სურთ რაღაც ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება. შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე. მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს გააჩნია, არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მერწმუნეთ, საქართველოს მთავრობა, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის დაძლევის მიზნით. ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ექნებათ არეულობის მცდელობები, მაგრამ ეს არის მხოლოდ მათი სურვილი და ასეთ იდეებს რეალობაში განხორციელება არ უწერია. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოხადენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები, თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს.

- თუკი თქვენ საუბრობთ მოსალოდნელ სისხლისღვრაზე, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს?

- დღეს ჩვენ არ ვართ ის უწყება, რომელიც სურვილებისა და იდეების გამო, რა გინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს, დავიწყებთ დაჭერებს. მათ აქვთ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან! ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება.

- უკრაინაში ევრომაიდანის შედეგედ იანუკოვიჩის მთავრობა დაემხო... ამ შემთხვევაშიც მიზანი იგივე იქნება, თუკი თქვენ უკრაინულ სცენარზე საუბრობთ?

- მიზანი არის დესტაბილიზაცია, შეეცდებიან, ევროპელ პოლიტიკოსებს ცრუ ინფორმაციები მიაწოდონ და ამით გარკვეული წრეების მხარდაჭერა მოიპოვონ. მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა, ხელისუფლების შეცვლა და ა.შ. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს სცენარი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშაონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ.

- საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, მით უმეტეს, როცა ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს, თუმცა არჩევნებამდე წინ გვაქვს 17 მაისი, რომელიც ერთგვარ ტესტად იქცევა როგორც საზოგადოებისათვის, ასევე თქვენი უწყებისთვის... გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად ადეკვატურად მოიქცევა პოლიცია, თუ იგივე ექსცესებს ექნება ადგილი?

- პირველ რიგში, მოვუწოდებ საზოგადოებას, კანონს სცეს პატივი. ის, რაც გასულ წელს მოხდა, არ არის მისასალმებელი. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანს, ნებისმიერ ჯგუფს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. არა მგონია, წელსაც დრამატულად განვითარდეს მოვლენები. ქართველი ხალხი არის ბრძენი, მას აქვს ანალიზის შესანიშნავი უნარი და დასკვნებსაც კარგად აკეთებს. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველით, თუმცა ნებისმიერ სამართალდარღვევას პოლიცია ადეკვატურად უპასუხებს და იქნება შესაბამისი რეაგირება.

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი "პრაიმ ტაიმი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა