26 მარტს, ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლიდან, ბავშვური სიცელქის გამო ორი მოსწავლე გარიცხეს. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის სკამზე ჯერ სილა დაყარეს, შემდეგ კი წყალი დაასხეს. როგორც "კვირის პალიტრასთან " საუბარში ერთ-ერთი მოსწავლის, გაბრიელ დოლიძის დედა აცხადებს, ბავშვების გარიცხვის გადაწყვეტილება, სკოლის პრორექტორმა, მამა ვასილ გოგოტიშვილმა მიიღო. ინგა სარიშვილის განცხადებით, მის 12 წლის შვილს, მამა ვასილმა უთხრა, რომ პატიმარი მამის შვილის ადგილი სამრევლო სკოლაში არ იყო. მშობლის განცხადებით, ამ ფაქტმა მოზარდის ფსიქიკაზე ისე იმოქმედა, რომ უკვე ათი დღეა ნერვოპათოლოგის დანიშნულებით მკურნალობს.
ინგა სარიშვილი, გარიცხული მოსწავლის დედა:
- მოდით, მასწავლებელი გავაბრაზოთო და ბავშვებს სკამზე სილა დაუყრიათ და წყალი დაუსხამთ. როდესაც საკლასო ოთახში მასწავლებელი შემოსულა, მაშინვე პრორექტორი, მამა ვასილი გამოუძახია. მას უკითხავს, ვინც ეს გააკეთა, ახლავე ადგეს ფეხზეო. ჩემი შვილი და კიდევ ერთი ბავშვი წამომდგარა. ორივეს ეგონათ, რომ მთელი კლასი ადგებოდა, მაგრამ... მამა ვასილს გაბრიელისთვის უთქვამს, მოკიდე ხელი შენს ნივთებს და გაეთრიე აქედან, არ დაგინახო ამ სკოლაში მოსულიო. ბავშვს უთქვამს, მამაო, სახლში ვერ მივალ, დედა დამსჯის, იქნებ მაპატიოთო. იცით, რა უპასუხა მამა ვასილმა?! ეს არ არის ჩემი პრობლემაო... სხვა რა გზა ჰქონდა, აუღია ჩანთა და წამოსულა სკოლიდან. სახლში გვიან მოვიდა. გავუბრაზდი, სად იყავი აქამდე, რატომ დაიგვიანე-მეთქი. მომიყვა, სკოლაში რაც მოხდა, სახლში მოსვლის მეშინოდა, ვიცოდი, გამიბრაზდებოდიო...
- სკოლიდან რომ გამოუშვეს, მასწავლებელი არ შეგხმიანებიათ?
- არც დამრიგებელს დაურეკავს, არც სასწავლო ნაწილს და არც თავად მამა ვასილს. ელემენტარულად ვიღაცას ხომ უნდა ჩავეყენებინე საქმის კურსში?! ყველაზე მეტად იცით, რა მაინტერესებს? რა უფლებით გარიცხეს სასულიერო გიმნაზიიდან ორი მოსწავლე მეუფის გადაწყვეტილების გარეშე? ჩემს უმცროს ბავშვს, დაუნის სინდრომი აქვს და უმეტეს დროს მას ვუთმობ. უფროსი სასულიერო გიმნაზიაში შევიყვანე და ვფიქრობდი, მამაოებთან ექნება ურთიერთობა და ბევრ რამეს ისწავლის-მეთქი, მაგრამ ბავშვური საქციელის გამო, სკოლიდან გამორიცხეს.
- ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ მხოლოდ ამ საქციელის გამო გარიცხეს თქვენი შვილი სკოლიდან?
- იცით კიდევ რა უთქვამს მამა ვასილს? ამ ბავშვმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომ შენდობას და პატიებას არ იმსახურებსო. მე არ ვამართლებ გაბრიელის საქციელს, უნდა დაესაჯათ ალბათ ბავშვი, მაგრამ გარიცხვა გამოსავალი არ იყო. ეს იგივეა, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო, ადამიანი ტაძრიდან გამოაგდო. მოძღვარი, რომელიც აღსარებას იბარებს, აზიარებს მრევლს და ეკლესიაში ლოცვებს კითხულობს, ბავშვებს ასე არ უნდა ექცეოდეს. ბავშვს რომ ქუჩაში გამოაგდებს მამაო და მიაძახებს, პატიმარის შვილები არ მჭირდება სკოლაშიო, ეს ნორმალური საქციელია?! გამწარებული ქალი ვარ, ჯერ პატარა ბავშვის ჯანმრთელობის გამო, შემდეგ იმიტომ, რომ მეუღლე პატიმარი მყავს. წარმოიდგინეთ, მეუღლე პატიმარი, უმცროში შვილი ავადმყოფი... მთელ იმედებს გაბრიელზე ვამყარებ... იმ დონეზე განიცადა ბავშვმა ეს ყველაფერი, რომ უკვე ათი დღეა ნერვოპათოლოგის დანიშნულებით მკურნალობს. მეექვსე კლასელ ბავშვს უძილობა დაემართა, რომ ჩაეძინება, ბორგავს და რაღაცეებს ლაპარაკობს... არავის ვაპატიებ ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას. ახლა ამბობენ, ცელქი ბავშვი იყო და მშობელი არაერთხელ გავაფრთხილეთო, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამთ არაფერი, პირიქით, როდესაც მე, ან დედაჩემი ვურეკავდით კლასის დამრიგებელს ან მამაოს და ვეკითხებოდით, ბავშვი როგორ სწავლობსო, ყოველთვის ამბობდნენ, სხვებისგან განსხვავებით, ცუდი არ არისო. ჩემს შვილზე ცელქი ბავშვები სწავლობენ იმ სკოლაში, მაგრამ მათი მშობლები სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობენ. იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე პატიმარია, ადვილად მიიღეს გარიცხვის გადაწყვეტილება.