გიორგი კეკელიძის 9 აპრილის ამბავი "ამბებისთვის"

გიორგი კეკელიძის 9 აპრილის ამბავი "ამბებისთვის"

დღეს 9 აპრილია, - 25 წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რომელიც საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალდა. თავისუფლებისმოყვარე ქართველები საბჭოთა ჯარმა რუსთაველზე ნიჩბებით ჩახოცა: მათი უმრავლესობა ქალი იყო... ვისაც ის შემზარავი ამბავი ახსოვს, ვერასოდეს დაივიწყებს...

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, მაშინ სრულიად პატარა ყოფილა. მიუხედავად მისი მცირე ასაკისა (5 წლის იყო), მაინც სიზუსტით ასახავს და გადმოსცემს იმ საშინელ ემოციას, რასაც თითოეული ქართველი იმ პერიოდში განიცდიდა.

ამ თემაზე ის დღეს საკუთარი ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე წერს და მისი ''ამბები.გე''-ზე გადმოტანის უფლებაც მოგვცა.

გიორგი კეკელიძე:

- არის ამბები, რომელიც რაღაც ირიბი ნიუანსებით გამახსოვრდება. 9 აპრილი ასე იყო: მეორე დღეს 5 წლის ვხდებოდი. მაშინ მიხაროდა. საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს - ტელევიზორისგან ზურგით. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა.

გვიან დავფიქრდი - როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი - ზურგით თუ პირდაპირ. ამაზე სხვა დროს. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ - გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხული იყო. პატარა ვიყავი. საბავშვო ბაღს ვამთავრდები. ადრეც მომიყოლია - იქ ერთი გოგო მიყვარდა - მგონი, მთელ ჯგუფს - ქრისტინა მირიანაშვილი. სანამ შინ არ წაიყვანდნენ - ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ - მერე ფეხსაცმელებს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი სამიჯნურო რიტუალი. უცებ წარმოვიდგინე, ის რომ მოეკლათ. სრულიად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. შიში და ბრაზი ერთად. მალე გამიარა. გარეთ ბავშვები თამაშობდნენ - შევუერთდი.

მაგრამ მალე ისევ დამიბრუნდა. ერთი ოზურგეთელი გოგოც შეეწირა აპრილის დღეს, ლიხაურელი ნინო თოიძე, ლიხაურშივე დაკრძალეს. თვეების შემდეგ ჩემი ნათესავები ავიდნენ სასაფლაოზე. მე ხელში ცხრა აპრილის კალენდარი მეჭირა, გარდაცვლილთა სიით, სამძიმრებით, ნაჩუქარი თუ საჩუქებელი ტიტებით და სხვა ლექსებით. იქ კი ჰყვებოდნენ:

დედამისი იგონებს: დედა, სიზმარში ვნახე შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდი. მერე ვიკითხე და ბედია - გათხოვდებაო. 4 აპრილს სურათი გადაიღოო და 9-ში მომაკითხეო ფოტოგრაფმა. ცოტა ადრე გააკეთეო - ნინოს ღიმილით უთქვამს.

ასეთი ამბები მესმოდა, მე კი საფლავის ქვაზე სურათს ვუყურებდი. ნინოს ადგილას ისევ ქრისტინა წარმომედგინა. და დაბრუნდა ის ბრაზი - ყელში ბურთით და თვალში ცრემლით. ალბათ ეს ბრაზია, რომელიც ომებს იწყებს. უმწეობის და შურისძიების შეჯახების ბრაზი. ალბათ ეს ბრაზია - მშვიდობაზე ფიქრს რომ გკარნახობს, პირველ გაელვებას თუ გაუძელი. გააჩნია როგორ ზიხარ - პირდაპირ თუ ზურგით.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია