სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანმა საქართველო მინისკანდალში გახვია, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან თავისი ჭკუით რუსული დროშის ფერებიანი ლენტი დაწვა. დროშა სლოვაკური აღმოჩნდა და ამ ტრაგიკომედიამ გაზდელიანი "დღის გმირად" აქცია. მას შეუძლია თავი იმით დაიმშვიდოს, რომ მსგავსი შეცდომები არაერთხელ დაფიქსირებულა.
მაგალითად, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციისას ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPN საქართველოს დროშის მაგივრად აშშ-ს დროშა აჩვენა. ტელეარხის რედაქტორების შეცდომა იმით ახსნეს, რომ მათ რატომღაც ეგონათ –ესპანეთს ჯორჯიის შტატის ნაკრები ეთამაშებოდა.

2009 წელს ფონდმა Heritage Foundation ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის პრეზენტაციისას საქართველოს რუკის მაგივრად, ჯორჯიის შტატის რუკა აჩვენა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს უკრაინა და პოლონეთი ხვდებოდნენ. მატჩის ოფიციალურ პროგრამაზე უკრაინის დროშის ნაცვლად რატომღაც სსრკ-ს დროშა იყო გამოსახული. პოლონელებმა ბოდიში მოიხადეს.
ტელეკომპანია "ბიბისიმ" გაეროს ლოგოს ნაცვლად, კომპიუტერული თამაშის HALO ლოგო აჩვენა.

2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოეთ კორეის ქალთა საფეხბურთო ნაკრები კოლუმბიას ხვდებოდა. ორგანიზატორებმა კი სამხრეთ კორეის დროშა ააფრიალეს. ჩრდილოკორეელებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს მოედანი და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დაუბრუნდნენ მოედანს.
ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის სამიტის ორგანიზატორებმა მექსიკელებს "სიურპრიზი" მოუწყვეს. კერძოდ, მათ ბანერზე მექსიკის ძველი დროშა გამოსახეს, რომელიც ამ სახელმწიფოს 19-ე საუკუნეში ჰქონდა.
ნორვეგიის პროვინციალ ნურლანში ჩინეთის დელეგაციის ვიზიტისას, მათ საპატივცემულოდ მასპინძლებმა… სსრკ-ს დროშა ააფრიალეს.

სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მოლდოვას ნაკრების ფორმაზე ამ ქვეყნის სახელმწიფო დროშა არასწორად იყო გამოსახული. ჯერ ერთი, დროშაზე ზოლების განლაგება არეული იყო. მეორეც, მასზე გამოსახულ არწივს თავი დროშის წითელი სეგმენტისკენ ჰქონდა მიბრუნებული. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო.

უკრაინის ქალაქ ალჩევკსში პრორუსულმა აქტივისტებმა მიტინგი გამართეს. მიტინგის კულმინაციური მომენტი რუსეთის დროშის აღმართვა უნდა ყოფილიყო. თუმცა ამის მაგივრად, მათ აღმართეს დროშა, რომელიც საფრანგეთისას ჰგავდა და სკანდირებდნენ "რასია, რასია".