საქართველოში მძღოლები ძველ მანქანებს იშორებენ

საქართველოში მძღოლები ძველ მანქანებს იშორებენ

ტექდათვალიერების მოლოდინში შედარებით ახალი ავტომანქანები გაძვირდება, ხოლო უფრო ძველი მანქანების ფასი მკვეთრად დაიკლებს. ამიტომაც ავტომფლობელთა ნაწილმა თადარიგი დაიჭირა და ძველი ავტომანქანების მოშორებას ცდილობს. მათ ასეთი მანქანის გაყიდვა საკმაოდ იაფად უწევთ.

საქართველოში 20 წელზე მეტი ხნის 320 ათასზე მეტი ავტომანქანაა. დიდი ალბათობით, მათი უმეტესობა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. არ არის გამორიცხული, ისინი ჯართად იქცეს ან მეორადი ნაწილების ბაზრობაზე ამოყოს თავი.

ავტოექსპერტ დავით მესხიშვილის შეფასებით, მეორადი ავტომანქანების დიდი ნაწილი პოტენციური ჯართია. ამდენად, ქართველი მძღოლებისთვის ტექდათვალიერება საკმაოდ რთულ პროცესად იქცევა. შესაბამისად, მძღოლების ნაწილმა თადარიგი დაიჭირა და ძველი ავტომანქანების მოშორებას ცდილობს. მფლობელს ასეთი მანქანის გაყიდვა საკმაოდ იაფად უწევს. ტექდათვალიერებისთვის მანქანების მოსამზადებლად გასაწევ ხარჯს, ბევრი ახლის შეძენას ამჯობინებს. მართალია, ასეთი ავტომანქანის შეძენა არც მყიდველისთვის არის ხელსაყრელი და რეალიზაციის პრობლემა, წესით, უნდა არსებობდეს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. როგორც მძღოლები ამბობენ, გაყიდვა არ უჭირთ.

დღესდღეობით ყველაზე მეტად 2000-02 წლამდე გამოშვებული მანქანები იყიდება. ავტობაზრობებზე ასეთ მანქანებს მრავლად წააწყდებით, მათი ნაკლებობა არც სოციალურ ქსელებშია. სპეციალურ ვებ-საიტებზე კი ასეთი განცხადებები მრავლად გვხვდება.

ძველი ავტომანქანების საწყისი ფასი 600-700 დოლარია, ხოლო შედარებით ახალი ავტომანქანის ღირებულება მინიმუმ 5000 დოლარიდან იწყება და ბრენდისა და ხარისხის შესაბამისად მატულობს.

მესხიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ავტობაზარზე მკვეთრი საფასო ცვლილებაა მოსალოდნელი. მისი შეფასებით, რაც დრო გავა, რადიკალურად დაიკლებს ძველი მანქანების ფასი, ხოლო ახალი მკვეთრად გაძვირდება.

"ავტომანქანებს მოსახლეობის ერთი ნაწილი ყიდის იმიტომ, რომ შეიძინოს ახალი და ტექდათვალიერებისთვის მოემზადოს. ვინც ყიდულობს, სხვა ფული არ აქვს და რისკზე მიდის. შედარებით ახალგამოშვებულ ავტომანქანებზე მოთხოვნა ავტომატურად მოიმატებს. მძღოლების დიდი ნაწილისთვის მისი შეძენა მარტივი საქმე არ იქნება. ასაკიანი ავტომანქანები დაშლილ ნაწილებში გადაინაცვლებს, თუმცა ტექდათვალიერების მოლოდინში მყიდველი მასაც შემოაკლდება.

განსაკუთრებით 2007-08 წლებში გამოშვებულ მანქანებზე მოიმატებს მოთხოვნა, ხოლო ძველების ფასი მკვეთრად დაიკლებს. ამასწინათ კახეთში ვიყავი. იქ ყველა მეორე ოჯახშია საბჭოური წარმოების ავტომანქანები, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. ტექნიკურად მათი გამართვა წარმოუდგენელია. ამიტომ მფლობელებს მათი გაჩერება მოუწევთ.

20 წელზე მეტი ხნის 320 ათასი ავტომანქანაა ქვეყანაში და მათი წესრიგში მოყვანა მფლობელებს თვითღირებულებაზე ძვირი დაუჯდებათ. დიდზე დიდი ნაწილი პოტენციური ჯართია", - აცხადებს მესხიშვილი.

ექსპერტის აზრით, უმჯობესია, ავტომანქანების ტექდათვალიერება ეტაპობრივად მოხდეს, რომ ის მფლობელებისთვის ნაკლებად მტკივნეული პროცესი გახდეს.

"ვფიქრობ, ტექდათვალიერება საქართველოში რთული პროცესი იქნება და ბევრი მძღოლისთვის სავალალო შედეგით დასრულდება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს სტატისტიკა და ამ თემაზე სიფრთხილით ვისაუბროთ. ახალი ავტომანქანები აუცილებლად გაძვირდება. ის, რომელიც ახლა 6000-7000 ღირს, მინიმუმ 1000-1500 დოლარით გაძვირდება. არ გამოვრიცხავ, განვადებაც უფრო პოპულარული გახდეს, რადგან ნაღდი ანგარიშსწორებით მანქანის შეძენა ბევრ მყიდველს გაუჭირდება", - ამბობს დავით მესხიშვილი.

ქართველი მძღოლები, რომლებმაც ძველი ავტომანქანები თავიდან მოიშორეს, ამბობენ, რომ გაყიდვა არ გაჭირვებიათ. მათი ნაწილი ახლის შეძენას არ ჩქარობს, ნაწილიც - განვადების იმედადაა.

"მე და ჩემი ავტომანქანა ლამის ერთად დავბერდით. 17 წლის წინ გამოშვებული "ფორდი" მყავდა და მისი ნაწილების შეკეთება სისტემატურად მიწევდა. 600 დოლარად გავყიდე, ტექდათვალიერებისთვის მისი მომზადება 2 ამდენი დამიჯდებოდა და მანქანის შენახვას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

ნორმალური ავტომანქანის შესაძენად, სულ მცირე 4000-5000 დოლარი მჭირდება, რის შესაძლებლობაც არ მაქვს. გამოდის, რომ წლობით მომიწევს მანქანის გარეშე ყოფნა. ერთადერთი გამოსავალია განვადებით ვისარგებლო. თანხის შეგროვებას სხვა საშუალებით ვერ შევძლებ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბესო ხავთასი.

"ავტომანქანა ერთგული ადამიანივითაა, რაც უფრო დიდხანს გყავს, ეჩვევი და მისთვის თავის დანებება გიჭირს. ასე დამემართა მეც, მაგრამ ბოლოს მაინც გაყიდვა ვარჩიე. ერთი-ორჯერ ავტობაზრობაზე ვიყავი, პარალელურად, სოციალურ ქსელებშიც ვათავსებ განცხადებას. რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა, მაგრამ რეალური მყიდველი ჯერ არ გამოჩენილა.

ძველი გამოშვების "ოპელი" მყავს, რომელსაც 1500 დოლარად ვყიდი. მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ბევრმა გამოთქვა შეძენის სურვილი, ჯერჯერობით ფასში ვერ მოვრიგდით. ცოტასაც გადავხედავ და 1200 დოლარადაც გავყიდი. მთავარია, დროზე მოვიშორო, რომ ახალი ავტომანქანის ყიდვა მოვასწრო. მოდელს მნიშვნელობა არ აქვს, 2008 წლამდე გამოშვებულს შევიძენ, რომ ტექდათვალიერების გავლა გამიადვილდეს", - ამბობს ლუკა ხოჯავა, მძღოლი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია