მრევლი, ჩოხოსნები და სასულიერო პირები ქართული გეი ფილმის წინააღმდეგ - "არ დავუშვათ საქართველოში გარყვნილების ქადაგება"

მრევლი, ჩოხოსნები და სასულიერო პირები ქართული გეი ფილმის წინააღმდეგ - "არ დავუშვათ საქართველოში გარყვნილების ქადაგება"

"არ დავუშვათ საქართველოში გარყვნილების ქადაგება"- 13 აპრილს საღამოს 5 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სასულიერო და საერო პირები სავედრებელი პარაკლისის აღსავლენად შეიკრიბებიან. აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კინოთეატრებში ქართული გეი-კომედიის "ჩვენ გიჟები ვართ" ჩვენება იგეგმება.

როგორც დეკანოზმა დავით ქვლივიძემ Ambebi.ge-ს აცნობა, მრევლი, ჩოხოსნები და სასულიერო პირები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და პარაკლისს აღავლენენ, რათა არ მოხდეს გარყვნილების პროპაგანდა:

"დამისახელეთ თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც დღისით, მზისით დედაქალაქის ცენტრში გაბედავენ და მსგავსი გარყვნილების ჩვენებას გადაწყვეტენ. გაიხსენეთ რა მოხდა 17 მაისს, იქ რომ სამღვდელოება არ ყოფილიყო, უარეს შედეგს ვიხილავდით. რაც შეეხება ფილმის ჩვენებას, ეს კომედია კი არა, გარყვნილების პროპაგანდაა. მსგავსი რამ ამსტერდამშიც კი არ მოხდება. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახის აგრესიულ ქმედებას. ჩვენი იარაღი ლოცვა და ღმერთისადმი ვედრებაა", - განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პროდუსერი და იდეის ავტორი ცნობილი ფილმების, " გარიგება 2-ისა" და "დარჩი ჩემთან"-ის პროდიუსერი, დავით ბეჟიტაშვილია.

არატრადიციული კომედია პროვინციელი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს.

ერთი სამეგრელოდანაა, მეორე კი ლაგოდეხიდან. ბიჭებს ერთმანეთთან რომანი აქვთ და ერთ დღესაც ევროპაში გამგზავრებას გადაწყვეტენ.

როგორც დავით ბეჟიტაშვილი აცხადებს, ფილმი დღევანდელ ქართულ რეალობას ასახავს, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ხვდებიან არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს ტრადიციების დამცველი, "ნამდვილ ქართულ ოჯახში" აღზრდილი მშობლები და საზოგადოების განსხვავებული ჯგუფები.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

პირველი ქართული გეი-კომედია: მეგრელი და კახელი ბიჭების სიყვარულის ისტორიას 17 მაისს კინოთეატრში აჩვენებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია