არ გამოგრჩეთ "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერი - თქვენ საშვილიშვილო პროექტის თანამონაწილე გახდებით!

არ გამოგრჩეთ "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერი - თქვენ საშვილიშვილო პროექტის თანამონაწილე გახდებით!

"დარგე შენი ხე! - მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე!" - ასე ჰქვია "კვირის პალიტრის" საშვილიშვილო პროექტს, რომელსაც თავისი ჩანართის "მამულ-დედულის" საშუალებით, მკითხველს სთავაზობს. დიახ, 14 აპრილს მკითხველი ნომერთან ერთად, სპეციალურ პაკეტში ჩადებულ მარადმწვანე ხის, ჰიმალაის კედრის თესლს მიიღებს, რომელსაც ქოთანში, ან რაიმე სხვა ჭურჭელში გაახარებს.

ერთი წლის შემდეგ კი, 2015 წლის 18 აპრილს, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილეზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (შესაძლოა, ასეთი რამდენიმე ადგილი გამოიყოს სხვადასხვა რეგიონში), გაზეთი მკითხველს თავიანთი კედრის ჩითილით მოუხმობს, რათა ყველამ ერთად, ღია გრუნტში გადავიტანოთ პატარა ნერგები და საფუძველი ჩავუყაროთ ტყის გაშენებას.

ამ აქციაში "კვირის პალიტრას" მხარი სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობამ დაუჭირა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მეურნეობამ პროექტის განსახორციელებლად, კომპანიას კედრის თესლი საჩუქრად გადასცა.

ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის პედაგოგ მაია ქურდაძესთან, რომელიც კედრის ხის შესახებ გვესაუბრება.

- "კვირის პალიტრა," როგორც ყოველთვის დგას "იქ, სადაც ქარიშხალია!" მივესალმები თქვენს ინიციატივას: სასარგებლო, დროული და აქტუალური საქმე წამოგიწყიათ. ხეების გარეშე ადამიანი ხომ ვერ იარსებებს. თქვენს მკითხველებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გყავთ, სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას ამ საშვილიშვილო საქმეში, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

- კედარი, ძლიერი, მარადმწვანე ხეა. როგორც მებაღე, რას გვეტყვით კიდევ ამ მცენარეზე?

- ჰიმალაის კედარი 50 მ-მდე იზრდება და გამორჩეულად ლამაზი მარადმწვანე წიწვოვანი ხეა. სწრაფად მზარდია, ცოცხლობს რამდენიმე ასეული წელი… გამოიყენება ქალაქების გასამწვანებლად. თბილისშიც საკმაოდ არის გავრცელებული, რომელიც მართლაც ამშვენებს ჩვენს ქალაქს. მისი ცნობა ადვილად შეგიძლიათ, თუ ცოტა შორიდან შეხედავთ: კენწერო კედარს მოხრილი აქვს, დიდ ხეებს კი წვერი შეიძლება ვერც შეამჩნიოთ ისე განზე მოზარდია კენწეროს ტოტი. მუქი მწვანე ფერის ნემსისებური წიწვებით შემოსილი უზარმაზარი ხეები მართლაც შთამბეჭდავია, აბა, დააკვირდით?

- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კედრის თესლმა გაიხაროს? რა რჩევებს მისცემთ მკითხველს?

- კედარი გარკვეულ დრომდე, შინ, ქოთანში შეგიძლიათ გამოზარდოთ - შემდეგ კი აუცილებლად ღია ცის ქვეშ, მიწაში გადარგათ, რადგან იმხელა იზრდება, რომ ქოთანში ვერაფრით დაატევთ. საერთოდ, უპრეტენზიო მცენარეა.

მისი აღმოცენება კი ასე შეგიძლიათ: პატარა ქოთანში ყვავილების მიწა ჩაყარეთ და ოდნავ დატკეპნეთ. თუ ქოთანი არა გაქვთ, პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენეთ, ოღონდ, ძირი აუცილებლად გაუხვრიტეთ, რომ წყალი გაუვიდეს და არ ჩალპეს. თუ რამდენიმეს რგავთ, თესლები ერთმანეთისგან 3-4 სანტიმეტრის დაშორებით მოათავსეთ მიწის ზედაპირზე და ზემოდანაც ცოტა მიწა მოაყარეთ, მხოლოდ იმდენი, რომ თესლები დაიფაროს: დაახლოებით ერთი სანტიმეტრი. დადგით თბილ ადგილას. სანამ აღმოცენდება, ქოთანი მზეზე იქნება თუ ჩრდილში, მნიშვნელობა არა აქვს. მიწა ოდნავ ტენიანი უნდა იყოს. შემდეგ ამოიწვერება მოკლე, მწვანე ღერო, დაბოლოებული რამდენიმე ძაფისებური წიწვით. აუცილებელი არ არის ქოთნის მზეზე დგომა, ნათელი ადგილი საკმარისია. ჭარბი წყალი კედარს ვნებს - ადვილად ლპება. მაშინ მორწყეთ, როცა მიწის ზედაპირი კარგად გაშრება. ზაფხულში შუადღის თაკარა მზეს მოარიდეთ, რომ ქოთანი არ გადახურდეს. ზამთარს კედარი გარეთ ან აივანზეც ადვილად გადაიტანს. მომავალი გაზაფხულიდან უკვე პატარა ხის ფორმას მიიღებს და გადასარგავად მზად იქნება.

- ცნობილია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს კედრის ხე განსაკუთრებულად უყვარს...

- პატრიარქს მხოლოდ კედარი კი არა, ყველა მცენარე და არსება უყვარს. კედარი მისთვისაც და ჩვენთვის იმით არის გამორჩეული, რომ დიდი, ლამაზი, მარადმწვანე და ძლიერი ხეა. ადვილად გასამრავლებელია, როგორც გითხარით, ადვილად იზრდება, ჩვენი პირობებისთვის, შეიძლება ითქვას, ზედგამოჭრილია. პატრიარქმა ისე კარგად იცის, რა გვჭირდება და რა უკეთესია ჩვენთვის, რომ ამ შემთხვევაშიც უშეცდომოდ გვირჩევს, რა პირობებში რომელი მცენარე ჯობია.

- კედარს მგონი, გარკვეული საკულტო მნიშვნელობაც აქვს?

- კედრის ფისისგან საკმეველს აკეთებენ. ბიბლიიდან ვიცით, რომ კედარს იყენებდნენ სამეფო სასახლეების ასაშენებლად, იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაში… კედარს არამარტო საკულტო მნიშვნელობა აქვს, მისი გამძლე მერქანი გემთმშენებლობაშიც გამოიყენება, ფისი - პარფიუმერიაში, ეთერზეთი - არომათერაპიაში (დამამშვიდებელია)...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

"თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია