ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, ვინ და რატომ მოკლა სანდრო გირგვლიანი! - ინტერვიუ სკანდალური საბავშვო კითხვარის ავტორთან

ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, ვინ და რატომ მოკლა სანდრო გირგვლიანი! - ინტერვიუ სკანდალური საბავშვო კითხვარის ავტორთან

წიგნი - "კითხვარები მოაზროვნეთათვის". გვერდი - 53, კითხვა - "რომელი პოლიტიკოსის მეუღლესთან არის დაკავშირებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობა?" სავარაუდო პასუხები - A. "დავით ბაქრაძის; B. ბაჩანა ახალაიას; C. ვანო მერაბიშვილის; D. გივი თარგამაძის". წიგნის ავტორი და გამომცემელი თემურ აბაშიძეა. ეს წიგნი სკოლის მოსწავლეთათვის კლასგარეშე კითხვარს წარმოადგენს და მე-5-8 კლასელებისათვის არის განკუთვნილი.

"ასავალ-დასავალი" წიგნის ავტორს, თემურ აბაშიძეს ესაუბრა:

- ჩემს წიგნში ეს შეკითხვა იმიტომ შევიტანე, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილია. ყველას კარგად გვახსოვს, ამ მკვლელობას იმხელა სახალხო მღელვარება მოჰყვა, ლამის ქვეყანა ჩამოიშალა.

დიახ, უნდა თუ არა ეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, გირგვლიანის მკვლელობა უკვე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში და არამარტო ჩაიწერა, მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა.

ვის აქვს უფლება, ვინმეს, მათ შორის ბავშვებს, საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების ცოდნა აუკრძალოს?

- ზოგიერთების გაღიზიანება, ალბათ, იმან გამოიწვია, რომ შეკითხვაში წინა ხელისუფლების მაღალი პერსონები ფიგურირებენ...

- მე ამ შეკითხვით არც არავისთვის დამიდია ბრალი და არც ვინმეს მსამჯულად გამოვსულვარ. დიახ, შეკითხვა მაქსიმალურად ნეიტრალურად არის ფორმირებული და არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევს. მე არ დამისვამს კითხვა - ვინ მოკლა გირგვლიანი? მე დავსვი კითხვა - ვისთან არის დაკავშირებული გირგვლიანის მკვლელობა? ასე რომ, აქ სასკანდალო არაფერია.

ზოგიერთი საინფორმცაიო სააგენტოს "ნიუსში" ისიც კი ამოვიკითხე, რომ, თურმე, მე ვყოფილვარ "ქართული ოცნების" იარაღი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ! პირდაპირ ვაცხადებ - არავის იარაღი არ ვყოფილვარ, არ ვარ და არც ვიქნები, პოლიტიკა რომ მდომოდა, 2000 წელს ბატონმა ზურაბ ჟვანიამ სერიოზული პოლიტიკური ასპარეზი შემომთავაზა, მაგრამ მოკრძალებით უარი ვუთხარი.

კიდევ ვიმეორებ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ვიღაცისათვის თუ პოლიტიკაა, მე ეს არ მაინტერესებს, ჩემთვის ეს არის ისტორიული ფაქტი და ვთვლი, რომ ბავშვებს სრული უფლება აქვთ, წარმოდგენა ჰქონდეთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე!

ძვირფასო მკითხველო, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაულია, რომელიც ჩაიდინეს არა რიგითმა კრიმინალებმა და შარაგზის ყაჩაღებმა, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა.

ხოლო იმაში, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამართლიანი სასამართლო არ შემდგარიყო და მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო, ჩართული იყო უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც დამტკიცებული და ბეჭედდასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

ასე რომ, უნდა ეს ვინმეს თუ არა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საკვანძო ფაქტია, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არათუ კლასგარეშე წიგნებში მოხვდება, არამედ აუცილებლად იქნება შეტანილი საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში.

დიახ, როცა დაიწერება 21-ე საუკუნის საქართველოს მართალი და ობიექტური ისტორია, იქ აუცილებლად იქნება განხილული და შეფასებული სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა, ხოლო ამ მმართველობის შეფასებისას სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ვერცერთი მემატიანე, თუ იგი სვიმონ მასხარაშვილივით დოქსოპულო არ არის, გვერდს ვერ აუვლის!

დიახ, ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, ვინ და რატომ მოკლა სანდრო გირგვლიანი! უნდა იცოდნენ თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში თავადვე არ დაუშვან ქვეყანაში მსგავსი ტრაგედიების განმეორება! დიახ, ეს პოლიტიკა არ არის! ეს საქართველოს ისტორიაა!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

ასევე დაგაინტერესებთ: მოსწავლეებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი - რომელი პოლიტიკოსის მეუღლესთან არის დაკავშირებული გირგვლიანის მკვლელობა?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია