ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ნებისმიერი ავტოტრანსპორტისთვის, დღეიდან 16 აპრილის 19:00 საათამდე გვირაბში მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ნებისმიერი ავტოტრანსპორტისთვის, ელექტრო-მექანიკური სისტემების სრულყოფისა და ტესტირების სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, 16:00 საათიდან 16 აპრილის 19:00 საათამდე გვირაბში მოძრაობა იკრძალება. ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარატმენტთან 2012 წლის 17 დეკემბერს შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის შესაბამისად.
ამასთან, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88–ე კმ–ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში თბილისი–ხაშურის მიმართულებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება მარჯვენა გვირაბის გავლით.