მიხეილ სააკაშვილი - ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება

ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი ინიციატივით აშენებული ბიბლიოთეკის გახსნისას, ამერიკიდან ვიდეოჩართვაში განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნულით ხელისუფლებისადმი გაზეთ "ასავალ-დასავალის" მოწოდებას გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ილია ჭავჭავაძის ეპოქისგან განსხვავებით მასთან ბრძოლა რთულია, რადგან ქვეყანაში უკვე ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა არსებობს.

"მაშინდელი "ასავალ-დასავალი" იყო გაზეთები "მგზავრი” და ”კვალი", რომელიც დღე და ღამე ლანძღავდა ილია ჭავჭავაძეს, აბრალებდა ათასგვარ სისაძაგლეს. საბოლოო ჯამში, ილია ჭავჭავაძის მკვლეობა მოამზადა სწორედ ამ გაზეთმა. მე ვნახე, რომ დღეს უკვე "ასავალ-დასავალი" მოუწოდებს ხელისუფლებას ჩემი "გაგორებისკენ". ძალიან ბევრი პარალელია იმ ეპოქასთან - ნუთუ ვერავინ ისწავლა ჭკუა და ვერავინ გამოიტანა დასკვნები?! მინდა ვთქვა, რომ ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაწყდება, რადგან იდეა ქართული სახელმწიფოებრიობის უკვე არსებობს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ინგრეოდა საქართველო, სიმართლე არის ის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანა შენდებოდა და პირველად შევქმენით ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ტრადიცია. ასე რომ, ვფიქრობ დღეს უკეთეს მდგომარეობაში ვართ ჩვენ და ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში იყო ილია ჭავჭავაძე, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შექმნა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ქართველების უმეტესობა ძალიან ნიჭიერი, ცოდნას მოწყურებულია და ვერანაირი სიძულვილის მუხტი და სიბნელის მცდელობა ვერ შეაბრუნებს მათ.

"დარწმუნებული ვარ, ყველანაირი სიცრუის მექანიზმი ჩამოიშლება და მივაღწევთ იმას, რომ ბევრად მეტი ინფორმაცია იყოს ჩვენთვისაც და ჩვენზე სხვებისთვისაც. ყოველდღიურად ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ადგილის დამკვიდრებისთვის ცხოვრებაში და ქვეყნის დამკვიდრებისთვის მსოფლიოში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა