გამოკითხულთა 25% არც ერთ დეპუტატს არ ენდობა

გამოკითხულთა 25% არც ერთ დეპუტატს არ ენდობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საკუთარი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა მხოლოდ რესპონდენტთა 41%-მა იცის.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასების ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რესპონდენტთა ნახევარი ამბობს, რომ თვალს ადევნებს ინფორმაციას პარლამენტის მუშაობის შესახებ.

პარლამენტის წევრთა ზუსტი რაოდენობის დასახელება ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 28%-მა შეძლო. 46%-ის აზრით, პარლამენტის 150 წევრი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ზედმეტია, ხოლო 49%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრთა ეს რაოდენობა საკმარისია.

ამასთან, მაღალია პარლამენტის თავმჯდომარის ცნობადობა. დავით უსუფაშვილის დასახელება გამოკითხულთა 83%-მა შეძლო. მსგავსი პოპულარობით, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამწუხაროდ, ვერ სარგებლობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რესპონდენტთა მხოლოდ 41%-მა იცის, თუ ვინ წარმოადგენს მათ რაიონს, ოლქს საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრთან დაკავშირებით პასუხები ასე გადანაწილდა: 14%-ს მიაჩნია, რომ არც ერთი არ არის საკმარისად აქტიური, ხოლო 53%-მა არ ან ვერ დაასახელა პარლამენტის ასეთი წევრი. დასახელებული დეპუტატებიდან ყველაზე მეტი - 6% ყველაზე აქტიურად ეკა ბესელიას მიიჩნევს.

კითხვაზე, თუ პარლამენტის რომელ წევრ ენდობიან ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ არც ერთს არ ენდობა, ხოლო 51%-მა არ ან ვერ დაასახელა პარლამენტის წევრი. ნდობის კუთხით პირველ ორ ადგილზე ახლანდელი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეები არიან, შესაბამისად 6%-ითა და 4%-ით. ამასთანავე, დავით ბაქრაძე პარლამენტის ერთადერთი წევრია ყოფილი მმართველი გუნდიდან, რომელიც ამ რეიტინგში მოხვდა.

გამოკითხულთა თითო პროცენტმა ორ შეკითხვაზე პასუხად: "საქართველოს პარლამენტის რომელ წევრს ენდობით და როგორც წესი, პარლამენტის რომელი წევრი საუბრობს იმ საკითხებზე, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენთვის", შეცდომით დაასახელა იმ დროისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა.

პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, გამოკითხულთა მხოლოდ 1/4 ენდობა. გამოკითხულთა უმრავლესობის, 55% აზრით, პარლამენტის წინაშე მდგარი გამოწვევა პოლიტიკური დაპირისპირებაა.

შეკითხვაზე, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი, 66%-მა განაცხადა, რომ ის თბილისში უნდა იყოს, ხოლო 20% პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა