არასრულწლოვანმა გოგონა მოკლა და გვამს ცეცხლი წაუკიდა - რეალური ისტორიები დაუნდობელ ქართველ მოზარდებზე

არასრულწლოვანმა გოგონა მოკლა და გვამს ცეცხლი წაუკიდა - რეალური ისტორიები დაუნდობელ ქართველ მოზარდებზე

Ambebi.ge გთავაზობთ სტატიების ციკლს ახლო წარსულში სისასტიკით გამორჩეულ დანაშაულებზე, რომელთა ჩამდენებიც არასრულწლოვნები არიან.

ორი წლის წინ, დმანისის რაიონის სოფელ ჯავახის მკვიდრი, 16 წლის ევგენია ანდიაშვილი გაუჩინარდა. ქვემო ქართლის პოლიციის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთკვირიანი ძებნის შედეგად, გოგონას გვამი დმანისთან ახლოს, მიტოვებული რძის ქარხნის ტერიტორიაზე ორმოში იპოვეს.

გოგონა განსაკუთრებული სისასტიკით იყო მოკლული. დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ასევე არასრულწლოვანი ჯონი იასაღაშვილი, რომელმაც დანაშაული აღიარა და გამოძიებას განუმარტა, რომ იგი ევგენია ანდიაშვილს თვე-ნახევრის განმავლობაში ხვდებოდა, უკანასკნელად კი ქარხნის ტერიტორიაზე შეხვდა, სადაც ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა მოკლულს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვარი გვამის ნაწილი ერთ-ერთ მიტოვებულ რეზერვუარში ჩააგდო, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით წარიმართა, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯონი იასაღაშვილს თავი დამნაშავედ არ უცვნია და აცხადებდა, რომ მას აღიარებითი ჩვენება გამოსძალეს.

15 წლის გოგონამ მეგობრის "კონკურენტი" ბიჭის გამო დაჭრა

2011 წლის 16 სექტემბერს, ჩიქობავას ქუჩაზე 55-ე სკოლის 15 წლის მოსწავლე გოგონამ 13 წლის მოზარდს (63-ე სკოლიდან) დანით მუცელსა და ბარძაყში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გოგონა წმინდა მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაციაც გაუკეთეს.

წყაროს ინფორმაციით, დაჭრილ გოგონას დიდი ხანია ვიღაც ბიჭის გამო კონფლიქტი ჰქონდა დამჭრელის მეგობრებთან. თავად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ამ სასიყვარულო ისტორიასთან არაფერი აკავშირებს. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა მეგობარს "ატმაზკა აუღო" და დაზარალებულს "სტრელკა" ლონდონის ბაღში დაუთქვა. გარჩევას მოჰყვა ის, რომ გოგონა ძლივს გადაურჩა სიკვდილს, 15 წლის მოზარდი კი მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. ის, როგორც არასრულწლოვანი, წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წყაროს ინფორმაციით, ბრალდებული თანატოლებში "ძველი გოგოს " სახელით სარგებლობდა და საკმაოდ აგრესიულიც იყო. ბოლო ორი წლის მანძილზე ამის გამო რამდენიმე სკოლაც გამოიცვალა.

არასრულწლოვანმა "ქორთიარდ მარიოტში" საფრანგეთის მოქალაქე მოკლა

2011 წლის 27 იანვარს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოჰი მოკლეს. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავეს. როგორც გაირკვა, არასრულწლოვანმა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა სტეფან კოჰს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 17 წლის მკვლელი კი მიიმალა. ბრალდებულმა სასტუმროს ნომრიდან სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი მოიპარა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

"უცხოელთან ერთად ვიყავი სასტუმროში. მოწევა მომინდა და გარეთ გავედი. უკან რომ დავრუნდი, ცოტა ხნის შემდეგ მოგვივიდა კამათი. ამოვიღე დანა და პირველი დარტყმა ყელში მივაყენე. ის ფოიეში გავარდა, მაგრამ უკან შევათრიე. ცოტა ხანში გარდაიცვალა. მერე ვიღაც კარზე აკაუნებდა. ჩემი აზრით, დაცვა იყო, რომელმაც კარის გაღება მომთხოვა. ვუთხარი ცოტა ხანს დაცადა, ზურგაჩანთაში ფოტოაპარატი, ტელეფონები და ლეპტოპი ჩვადე და ფანჯრიდან გავიქეცი", - აღნიშნა დაკითხვაზე ეჭვმიტანილმა.

სტეფან კოჰი ფრანგულ კომპანია "სისტრაში" მუშაობდა, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტს ახორციელებდა. ამ პროექტს მთლიანად ფრანგული კომპანია აფინანსებდა.

ნანა ფიცხელაური, Ambebi.ge

ასევე იხილეთ: "კახეთში ბიძები სანადირო თოფით დახოცა" – მოზარდთა მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები საქართველოში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია