სუიციდი - თანამედროვე საქართველოს გადაუჭრელი პრობლემა

სუიციდი - თანამედროვე საქართველოს გადაუჭრელი პრობლემა

23 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ რუისში, 15 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. ქარელის რაიონული სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სამწუხაროდ, ქართული რეალობისთვის, ეს თვითმკვლელობის ერთადერთი შემთხვევა არ არის, ორმაგად სამწუხარო კი ისაა, რომ თვითმკვლელთა ასაკი, როგორც იტყვიან, გაახალგაზრდავდა. სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანების რაოდენობის ზრდა საქართველოსთვის უახლოეს წარსულშიც არ ყოფილა უცხო - კომუნიზმის ნგრევის, რთული 90-იანებისა და ქვეყანაში კაპიტალიზმის სწრაფი ტემპით დამკვიდრების შემდეგ, არაერთი ადამიანი "გაურბოდა" უცხო და მკაცრ რეალობას, ძირითადად, შუახნის ან ასაკოვანი მამაკაცები ასრულებდნენ, რაც გასაგები იყო ფსიქოლოგებისთვის – მათი შეფასებით, მამაკაცებმა ფუნქცია დაკარგეს, ოჯახს ვეღარ არჩენდნენ, სიდუხჭირეში ცხოვრებას ვერ ეგუებოდნენ, ფიქრობდნენ, ცოლ-შვილს მძიმე ტვირთად ვაწვებითო და თავს იკლავდნენ. დღეს რა ვითარებაა და როგორია ჩვენ ქვეყანაში სუიციდის სტატისტიკა? "ვერსია" ფსიქიატრ გიორგი გელეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე რჩევა მოგვცა, როგორ ამოვიცნოთ გარშემომყოფებში პოტენციური თვითმკვლელი.

- ბატონო გიორგი, როგორია საქართველოში სუიციდის სტატისტიკა?

- დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაშია, შესაბამისი სტატისტიკა არ გააჩნია, ამ მონაცემებს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგროვებს. 12 წელია ფსიქიატრიაში ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში, თივთმკვლელობით სიცოცხლე ჩემმა მხოლოდ ერთმა პაციენტმა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის მცდელობა ქალებში ორჯერ უფრო ხშირია, თავს უმეტესად მამაკაცები იკლავენ - ხერხი, რომელსაც ქალები და მამაკაცები თვითმკვლელობისთვის იყენებენ, განსხვავებულია. მაგალითად, ქალები უმეტესად აბებს სვამენ, ვენებს იჭრიან... კაცები კი იარაღს ან ე.წ. 100-პროცენტიან მეთოდს იყენებენ. ქალის ბუნება უფროა მიდრეკილი დემონსტრაციული ქცევისადმი და მიმართავენ ხერხებს, რომლებიც ნაკლებად გარანტირებულ სიკვდილს განაპირობებს, კაცებს კი დემონსტრატიულობა ნაკლებად ახასიათებს.

- გამოდის, სუიციდის მცდელობა ერთგვარი მანიპულაციის საშუალებაცაა?

- სუიციდის მცდელობას თავის მიზანი აქვს. თუ ეს გამიკეთე ან პირიქით, თუ ამას არ გააკეთებ, თავის მოკვლაც შემიძლია - მსგავს ლოგიკას ჩხუბის, გაბრაზების, წყენისას ვაწყდებით... ადამიანს რაღაცის მიღწევა დემონსტრაციულად უნდა. ეს ერთგვარი მანიპულაციის საშუალება მართლაცაა, რა დროსაც, შეიძლება ადამიანს სულ არ ჰქონდეს გადაწყვეტილი თვითმკვლელობა, მაგრამ, საუბედუროდ, ასეთი შედეგი დადგეს.

- ბოლო დროს გახშირდა სუიციდის ფაქტები?

- ფსიქიკური პრობლემები ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ, უბრალოდ, როცა საზოგადოება აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, ეს მეტად თვალსაჩინოა და ბევრი შემთხვევა, რომელიც ადრე შეიძლება არ გახმაურებულიყო, ახლა აღარ იმალება. პრობლემაა, რომ არ ხდება ფსიქიკური პრობლემების პროფილაქტიკა, დროული გამოვლენა და სწორი მკურნალობა... 2004 წლიდან სკოლებში, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა ფსიქოლოგის კაბინეტი. ერთი წლის წინ, განათლების სამინისტროში კი გაკეთდა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, მაგრამ სასწავლო დაწესებულებებს ვერ გააკონტროლებს. ინტენსიური მუშაობაა საჭირო, თუმცა კარგია, რაღაც რომ დაიწყო. გამოვლენილი პრობლემის მკურნალობა, როცა უკვე საჭიროა ფსიქიატრის დახმარება, მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მხრებზეა, ბიუჯეტი კი წელიწადში სულ რაღაც 14 მილიონი ლარი გახლავთ. სწორედ ამიტომაა დარჩენილი რიგი რეგიონები, პროფილაქტიკური დაწესებულებების, ექიმისა და ფსიქოლოგის გარეშე. შესაბამისად, ამ სპეციფიკური სერვისის ხელმისაწვდომობაც, ქვენის მასშტაბით, საკმაოდ დაბალია. პრობლემაა ისიც, რომ სტიგმის გამო ადამიანს ურჩევნია, სპეციალისტის ნაცვლად, მივიდეს "ჯადოქართან" ან ვინმესთნა, ვისაც თითქოს კარგი რჩევის მიცემა შეუძლია, ასეთ დროს კი მდგომარეობა აუცილებლად რთულდება. ადამიანი რომც მივიდეს ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერამდე და ფსიქიატრთან გაიაროს კონსულტაცია, უმეტესად შეიძლება გაირკვეს, რომ ერთი ვიზიტი საკმარისი არ არის და ამ პრობლემას სჭირდება სისტემატური მეთვალყურეობა, წამალი, განმეორებითი კონსულტაცია... ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც პაციენტებს ხშირად არ აქვთ. ესაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთნა დაურეგულირებელია. ცალკეული კაბინეტებისა და წერტილოვანი ჩარევით კი პრობლემა ვერ გადაიჭრება, მას ყურადღება სკოლის პერიოდიდან უნდა მიექცეს. ზოგადად, სუიციდისადმი მიდრეკილება უმეტესად გარდატეხის ასაკში ან 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ახასიათებთ.

- თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ადამიანები რა ნიშნით გამოირჩევიან?

- შესაძლებელია, სუიციდთან საქმე სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის დროს გვქონდეს... ხშირად, ესაა ისეთი ღრმა დეპრესია, როცა ადამიანს მიაჩნია, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა და კარგი აღარაფერი მოხდება, ასეთ დროს ხსნას სიკვდილში ხედავს. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება აქვთ ასევე მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის დროს - ადამიანებს უჩნდებათ დაახლოებით ისეთი აზრი და განცდა, თითქოს, თუ ფანჯარას გამოაღებ, ზეწარს შემოიხვევ და გადახტები, შეიძლება გაფრინდე... ამ დროს თავის მოკვლა არც აქვთ განზრახული, მიაჩნიათ, რომ ანგელოზის მსგავსად, ფრენა შეუძლიათ. სუიციდის შემთხვევები ხდება არაფხიზელ მდგომარეობაშიც - სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. თვითმკვლელობის მიზეზი შეიძლება გახდეს ტრავმა, რომლის "გადახარშვაც" ადამიანს უჭირს. ამ დროს შეიძლება გაუფუჭდეს გუნება-განწყობა და გაუჩნდეს განცდა, თითქოს, მდგომარეობიდან გამოსავალი აღარ არსებობს. ცუდია, რომ ომის შემდეგაც კი, როცა პოსტტრავმული აშლილობები, გუნება-განწყობის დაქვეითება საკმაოდ ხშირი იყო, როგორც ჯარისკაცებში, ასევე ზოგადად, მოსახლეობაში, არ მახსენდება რაიმე კვლევა, რომელიც იმ დროს საზოგადოებაში სუიციდის რაოდენობას დაითვლიდა.

ანი ბეშიტაიშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია