მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - რატომ და ვისთან ერთად იმყოფებოდა ნინო იოსელიანი ავღანეთში

მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - რატომ და ვისთან ერთად იმყოფებოდა ნინო იოსელიანი ავღანეთში

ცნობილი ესპანელი ბატალისტი მხატვარი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ცხოვრებას საკუთარ ნახატებში ასახავს. ავგუსტო ფერერ-დელმაუმ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად თითქმის ერთი კვირა გაატარა და 25 ჩანახატიც გააკეთა. მასთან ერთად იმყოფებოდა ესპანელი მწერალი და გამომცემელი ლუკას მოლინა, რომელიც ავღანეთში მოგზაურობისა და ქართველი ჯარისკაცების შესახებ წიგნის დაწერას აპირებს.

ცნობილ ესპანელებს მეგზურობა ნინო იოსელიანმა გაუწია, რომელიც ამ პროექტის კურატორი და ხელმძღვანელია. ისინი ერთად იყვნენ ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა ლეზერნეკზე, ასევე ყანდაჰარსა და ქაბულში.

პროექტის დეტალები და ავღანეთში მოგაზურობის ამსახველი ფოტომასალა ნინო იოსელიანმა ambebi.ge-ს ექსკლუზიურად გააცნო.

- ნინო გავიგეთ, რომ ავღანეთში იმყოფებოდით, რა მიზნით წახვედით მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში?

- ავღანეთში თითქმის ერთი კვირა ვიყავი. წავედი ორ ესპანელთან ერთად. მათგან ერთი არის ძალიან ცნობილი მხატვარი ავგუსტო ფერერ-დელმაუ. ის არის ბატალისტი და ხატავს ომის თემებს. არის ევროპაში აღიარებული მხატვარი და მისი ნახატები გამოფენილია როგორც პრადოს მუზეუმში, ასევე აწყობს გამოფენებს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებში. მსოფლიოში 15 ბატალისტი მხატვარია და ევროპაში ერთადერთი ავგუსტოა, რომელიც არის ამ საზოგადოების წევრი. ავგუსტო ფერერ-დელმაუ სამეფო კარის პერსონალური მხატვარია, რომელსაც შეუძლია მეფის დახატვა. რაც შეეხება პროექტს და ჩვენს მიზანს - ავგუსტომ უნდა დახატოს ქართველი ჯარები ავღანეთში - თუ როგორ მოქმედებენ და რას აკეთებენ. ამ ყველაფერზე ჩვენი იქ ყოფნის დროს რეალურად შეიქმნა 25 ჩანახატი. შემდეგ კი გამოიცემა წიგნი. მეორე ესპანელი, ვინც ჩვენ გვახლდა, ცნობილი მწერალი და გამომცემელი ლუკას მოლინაა. სწორედ ლუკასი დაწერს ისტორიას ქართველი ჯარისკაცებისა და მათი მოგზაურობის შესახებ ავღანეთში.

გვინდა ხალხს გავაცნოთ, რომ საქართველოს ყავს საკმაოდ ძლიერი ჯარი და ისინი მსახურობენ ავღანეთში ამერიკელების გვერდით. ავგუსტოს უნდა, რომ ომი, ჯარი - ეს სურათი თავისი ხელოვნებით დაანახოს ხალხს, გადმოსცეს ეს კონცეფცია ხელოვნების საშუალებით. ხალხისთვის ეს საინტერესოა, როდესაც უყურებ მის ნახატებს, იმდენად ლამაზია და ისეთი ენერგეტიკა აქვს, რომ ყველას ძალიან მოსწონს.

გვინდა, რომ სექტემბრის ბოლოს საქართველოში ნახატების გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გავმართოთ. შემდეგ კი იგივე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გაკეთედეს. მსოფლიოს რომ მოივლის ეს გამოფენა, ნახატები საქართველოს დარჩება. ავგუსტო ნახატებს საქართველოს საჩუქრად გადასცემს. გვინდა, რომ საქართველოში შეიქმნას სამხედრო მუზეუმი, თუ ეს მოხერხდება, იქ გამოიფინება, ან რომელიმე მუზეუმის ერთ-ერთ ნაწილში განთავსდება.

- ნახატების და წიგნის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?

- ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი მოხვდა ავგუსტოს გამოფენაზე. ავგუსტომ იგივე პროექტი ესპანურ ჯარზე გააკეთა, ის ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში, დახატა და შექმნა წიგნი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყიდება და ძალიან პოპულარულია. როდესაც ზურამ ნახა ეს ყველაფერი მადრიდში, შესთავაზა ავგუსტოს, რომ იგივე სახის პროექტი გაეკეთებინა ქართულ ჯარზეც და ქართული ჯარი გაეცნო მსოფლიოსთვის.

- როგორც ვიცი, პირველად იყავი ავღანეთში, როგორია პირადად შენი შთაბეჭდილებები?

- დიახ, პირველად ვიყავი და ეს იყო ჩემთვის საუკეთესო მოგზაურობა. თითქმის მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის სრულიად განსხვავებული, რაც აქამდე არასოდეს მინახავს და ვერასოდეს ნახავ, თუ ავღანეთში არ წახვედი. ეს არის საერთოდ სხვა სამყარო, სხვა განზომილება. ამ ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე, მათ შორის თუ რა დიდი ფუნქცია აკისრია საერთოდ ჯარისკაცს, რამდენად დადებითი ადამიანები არიან ისინი, როგორ იცავენ სამშობლოს. ბევრი რამ სულ სხვა თვალით დავინახე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

- პრაქტიკულად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გაატარე თითქმის ერთი კვირა, არ გეშინოდა?

- თავიდან, როდესაც შემომთავაზეს წასვლა და ამის შესახებ ვთქვი ჩემს მეგობრებთან, მძაფრი რეაქცია მივიღე, მეუბნებოდნენ,  ხომ არ გაგიჟდიო. თუმცა, რომ დავფიქრდი, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იქნებოდა და იმდენად საინტერესო, რომ ყველანაირი შიშის ფაქტორი გვერდზე დარჩა.

ყველაფერი, რაც უკავშირდება სამხედროებს, ამერიკაშიც და ევროპაშიც ძალიან დაფასებულია. საქართვლოში არ არის ასე და ძალიან მინდა ყველამ, ვისაც საშუალება გვაქვს პიარის, მარკეტინგის სფეროში, დავეხმაროთ, რომ ეს დონე აიწიოს და ეს ხალხი დაფასდეს. ისინი რომ არ იცავდნენ ჩვენს უსაფრთხოებას და არ იყვნენ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ღამე მშვიდად ვერ დავიძინებდით, ვერც მოდა გვექნებოდა განვითრებული, და ვერც ბევრი სხვა რამ, ამიტომ პირველ რიგში საქართველოს საზოგადოებამ უნდა დააფასოს ქართველი ჯარისკაცი.

- მოდა ახსენე, ავღანეთში ამ კუთხითაც ხომ არ გაჩნდა ახალი იდეები?

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან დამაინტერესა ავღანური ბაზრის დათვალიერება, რომელიც ბაზის ტერიტორიაზე იყო მოწყობილი სამხედროებისთვის და ჩასული ხალხისთვის. მათ აქვთ ბეწვეული, რამაც დამაინტერესა. სამომავლოდ ბეწვის ქუდების და მუფტების კოლექციას ვგეგმავთ მე და თამუნა ინგოროყვა. აქედან გამომდინარე, ყურადღება მივაქციე ბეწვეულს. შევიძინე ავღანური ნაწარმიც. მაინტერესებდა, როგორ იყო იქ ეს ყველაფერი განვითარებული. ჩემი თვალით დანახული ავღანეთი სულ სხვა არის. რეალურად იქ ხომ საომარი სიტუაციაა და არავინ ეძებს, რა მოდაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ სხვა განზომილებაა, მათაც აქვთ ხელნაკეთი და საინტერესო ნივთები.

ნათია ლეშკაშელი, ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია