რატომ გახშირდა ავტობანზე ავარიები - "საჭის დამორჩილება გამოცდილ მძღოლსაც გაუჭირდება"

რატომ გახშირდა ავტობანზე ავარიები - "საჭის დამორჩილება გამოცდილ მძღოლსაც გაუჭირდება"

ის მძღოლები, რომლებიც ცენტრალურ ავტობანზე ინტენსიურად მოძრაობენ, ირწმუნებიან, რომ მომრავლდა ავარიები და ავარიული სიტუაციები. მძღოლების გარკვეული ნაწილი ამას არასწორად დაგებულ გზის საფარს აბრალებს.

ნოდარ გელაშვილი მძღოლი:

- ავტობანი მართლა შვებაა მძღოლებისთვის, მაგრამ რამდენიმე მონაკვეთში არის შემდეგი სიტუაცია: არის ჩაღმავებები, რომელიც ჩვეულებრივ ამინდში შეუმჩნეველია, მაგრამ წვიმიან ამინდში გუბდება წყალი, რაც ძალიან სახიფათოა. მაგალითად, როდესაც 100კმ/სთ სიჩქარით მიდიხარ, წყალში გავლისას მანქანა ვერ ასწრებს აკვაპლანირებას ( საბურავი ვერ ასწრებს წყლის დაწურვას მათი შეხების ზედაპირიდან. ამ დროს ავტომობილი სრიალებს და იქმნება მისი გზიდან გადასვლის საშიშროება). იქმნება ავარიული სიტუაცია და თუ გამოცდილი მძღოლი არ არის, შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს ყველაფერი. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოასწორონ ეს სიტუაცია. ყოველდღე მიწევს ავტობანზე მოძრაობა - სამსახური მაქვს ასეთი. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ავარიები გახშირდა. ავარიულ სიტუაციებზე აღარაფერს ვიტყვი. განსაკუთრებით ეს წვიმიან ამინდს ეხება. ასევე, გზის გარკვეულ მონაკვეთზე დატოვებულია ძველი საფარი, რომელიც თბილ ამინდში რბილდება და როდესაც მასზე დიდი სატვირთო მანქანები მოძრაობენ, იცვლის ფორმას.

არასამთავრობო ორგანიზაციის - "მძღოლი, გზა, სამართალის" პრეზიდენტს, რობერტ იანტბელიძე:

- რამდენადაც ვიცი საგზაო დეპარტამენტი გზები მონიტორინგს ანხორციელებს, მაგრამ თუ ასეთი ადგილები(ჩაღრმავებები) მართლაც არის, ეს ძალიან ცუდია და საგზაო სამსახურმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან გამოცდილ მძღოლსაც გაუჭირდება საჭის დამორჩილება. დღე კიდევ შეიძლება დავინახოთ ასეთი ადგილი, მაგრამ ღამე ფაქტობრივად წარმოუდგენელია მაღალი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ რეაგირება მოასწროს და ამ დროს უპირველესად სწორედ საგზაო სამსახურის პასუხისმგებლობა დგება. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ავტობანზე სხვა გზებთან შედარებით შესანიშნავი პირობებია და ავარიები ხშირად მძღოლების დაუდევრობის, უდისციპლინობის და არაპროფესიონალიზმის ბრალი. ამ შემთხვევაში გზა არაფერ შუაში არაა. ასე ვთქვათ, თავის გასამართლებლად იგონებენ ამ მიზეზს.

- მძღოლთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ კასპთან გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ეს ქმნის ავარიულ სიტუაციებს...

- მანდ სიჩქარის რეჟიმი იმის მიხედვითაა დადგენილი, თუ რა მდგომარეობაშია გზის საფარი. მძღოლმა თუ ეს რეჟიმი არ დაიცვა, ბუნებრივად გამოიწვევს ავარიულ სიტუაციას. ნატახტართან ბეტონის საფარი ისე იყო დაგებული, რომ მოჭიდების კოეფიციენტი ნაკლები იყო, ვიდრე ეს სტანდრატს შეესაბამებოდა, მაგრამ ეს ხარვეზი გამოსწორდა. თუ გზის ბრალია, მაშინ ყველას რატომ არ მოსდის ავარია?! მძღოლების 90%-მა ელემენტარული მართვის წესები არ იცის. არ იციან წვიმიან ამინდში მოძრაობა, ბევრმა საკუთარი მანქანის შესაძლებლობებიც არ იცის და ეს ყველაფერი იწვევს ავარიებს. ამიტომ კარგი გადაწყვეტილებაა, რომ მართვის მოწმობის აღებიდან, გარკვეული ვადის გასვლის შედმდეგ, მძღოლებს ხელმეორედ ჩაბარება რომ უწევთ (ასევე სწორია, რომ მძღოლს სთხოვენ ჯანმრთელობის ცნობას). ეს მით უფრო კარგია იმ მძღოლებთან მიმართებაში, ვინც ხალხს ემსახურება. ასეთი მძღოლი ვალდებულიც კია, ყოველ 2 წელიწადში ჩააბაროს სპეციალურ საშუალებებზე გამოცდები. ეს უნდა იყოს როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდა. თუ გეშინია გამოცდის ანუ რაღაც არ იცი, როგორ შეიძლება საჭესთან დაჯდე და თან სამარშრუტო ტაქსზე, როდესაც ათობით ადამიანის ბედი გაბარია?!

- მძღოლები აქტიურად იყენებენ მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციას, რომელიც წინასწარ ატყობინებს რადართან მიახლოებას, იქ დადგენილი სიჩქარით მოძრაობენ, გზის დანარჩენ მონაკვეთზე კი "თავისუფლები" არიან. ეს ავარიების გახშირების ერთ-ერთი მიზეზი ხომ არაა.

- ამ აპლიკაციების არაკრძალვით, საპატრულო პოლიციამ პასუხისმგებლობა მოიხსნა. მაგრამ თვითონ მძღოლი არ უნდა იყო დაინტერესებული, რომ სიჩქარის რეჟიმი დაიცვას?! კამერაც რომ არ იყოს, თვითონ მძღოლს ხომ უნდა ჰქონდეს იმდენი თვითშეგნება, რომ აკონტროლოს სიჩქარე?!

ლადო გოგოლაძე, ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია