"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - "ყვარლის გამგებლის გადაყენება შს მინისტრის მოადგილის ინტერესებშია"

"ოცნება" "ოცნების" წინააღმდეგ - "ყვარლის გამგებლის გადაყენება შს მინისტრის მოადგილის ინტერესებშია"

ადგილობრივ არჩევნებამდე 2 თვით ადრე ურთიერთობები როგორც ჩანს არა მხოლოდ მთავარ ოპონენტ პარტიებს შორის, არამედ თავად მმართველი "კოალიციის შიგნითაც" იძაბება. ყოველ შემთხვევაში, რეგიონებში ეს აშკარაა და კახეთში განვითარებული მოვლენები ამის დადასტურება იყო.

ყვარელში "ოცნების" კონტროლს ქვეშ მყოფი საკრებულო "ოცნების" წარმომადგენელ გამგებელს დაუპირისპირდა და გადააყენა. შემდეგ კი ამას "ოცნების" წარმომადგენელთა ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება, კვერცხების სროლა, დაპატიმრება და დაჯარიმება მოყვა.

გუშინ ყვარლის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად 17 მხარდამჭერი პირი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, პარალელურად კი ორდღიანი "შეტევის" შემდეგ ყვარლის საკრებულოს წევრების ნაწილმა გამგებელი ქევხიშვილი თანამდებობიდან გადააყენა კიდეც. ცნობისათვის, იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ოცნების" მხრიდან ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო დასახელებული, მაგრამ არჩევნებზე "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელ მარიკა ვერულაშვილთან დამარცხდა.გუშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ ქევხიშვილთან ერთად დაკავებული მოქალაქეები მისი მხარდამჭერები იყვნენ.რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ ისინი ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქევხიშვილი 100 ლარით დააჯარიმეს. სხვებს - გიორგი დარიაშვილს, მამუკა შაროვს, ნიკოლოზ მესაბლიშვილს, ლევან ხუციშვილს, ვალერი გოგსაძეს, ლაშა ყიზილაშვილს, ვანო მალაციძეს, სერგო მამაგულაშვილს, ბერდია გეზელიშვილს, ვახტანგ პაპოვს, შამილ კახიტაევს, მიხეილ მზექალიშვილს, შალვა რცხილაძეს, რევაზ ასათიანს, არსენ ნაცვლიშვილს, ილია ბეროშვილს 400-400 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრათ ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ყვარელში პოლიცია კახეთის ყველა რაიონიდან იყო მობილიზებული. პოლიციას გამგეობის შენობა ბლოკირებული ჰქონდა, თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მუშაობა პარალიზებული იყო.

ქევხიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში მონაწილე პირების მფარველობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ნინო ხუციშვილი შს მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზედელაშვილს ადანაშაულებს და იმასაც აცხადებს, რომ ზედელაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფი პირები ყოფილი "ნაციონალები" არიან, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე "ზონდერბრიგადებს" ხელმძღვანელობდნენ.

ქევხიშვილის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც საკრებულოში გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დაისვა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. გუშინ კი ქევხიშვილის მომხრეებმა აქცია გამართეს და "ნაციონალური მოძრაობიდან" მათ გუნდში პორტირებულ და მეამბოხე თანაპარტიელებს კვერცხები დაუშინეს.

როგორც შს სამინისტრო აცხადებს, სწორედ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს ქევხიშვილი და კიდევ 17 პირი. დაკავებიდან რამდენიმე საათში კი ყვარლის საკრებულომ დახურულ სხდომაზე გამგებელი ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის მოვალეობას კი გამგებლის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი შეასრულებს.

ნინო ხუციშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გამგებელი ქევხიშვილი კვერცხების სროლოს დროს იქ საერთოდ არ იმყოფებოდა და დაკავებულთა ერთმა ნაწილმაც ამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ დაპატიმრების შემდეგ შეიტყო.

მისი თქმით, უკვე თვენახევარია საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე დეპუტატთან ერთად გამგებლის გადაყენებას და მის ნაცვლად საკუთარი კადრის დანიშვნას ცდილობს და ამ ჯგუფს შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი მფარველობს.

ნინო ხუციშვილი: "გამგებლის ჩამოშორება უნდათ. კანონის მიხედვით, არჩევნებამდე გამგებელი თანამდებობას არ ტოვებს და მათთვის სასურველ ახალ კანდიდატურას ხელი ეშლება.

"დადასტურებული ფაქტია, რომ გამგებლის გადაყენება შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილისა და მისი მეგობრის, უშიშროების სფეროს ხელმძღვანელის ალექსი ფერიაშვილის ინტერესებშია. ზედელაშვილს ყვარელში სამეგობრო ჰყავს, რომლებიც 2012 წლამდე ზონდერბრიგადებს ხელმძღვანელობდნენ და ძალიან უხერხულია, როდესაც მინისტრის პირველი მოადგილე დღეს ასეთ ადამიანებს მფარველობს. თუმცა, იმედს ვიტოვებ, ზედელაშვილი მიხვდება, რომ შეცდომაშია შეყვანილი.

"მათ საკუთარი კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავთ და ასევე ადამიანები, რომლებიც სიებში პირველ-მეორე ნომრებად სურთ, მაგრამ არ მინდა, ახლა ამაზე გვარებით ვილაპარაკო... ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადრე "ნაციონალები" იყვნენ".

"საკრებულოში და გამგეობის აპარატში ზედელაშვილის გარდაცვლილი ცოლის ბიძაშვილები მუშაობენ, ბუძიაშვილი თენგო და ბუძიაშვილი ოთო. სწორედ ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს და ის ადრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო."

როგორც ხუციშვილი ყვება, თვენახევრის წინ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძემ და მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე პირმა გამგებელს მოსთხოვეს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, უარის მიღების შემდეგ კი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, თუმცა, კვორუმი ვერ შედგა და ქევხიშვილის მოშორება არ გამოუვიდათ.

"ამის შემდეგ დაიწყო პროვოკაციები, თითქოს ვიღაცამ ვიღაც სცემა. იყო სასამართლო პროცესები, თუმცა, გამგებლის გადაყენება ვერც სასამართლოს საშუალებით შეძლეს. ამიტომაც ხუთშაბათს ხელახლა შეიკრიბნენ და იმპიჩმენტის საკითხი ისევ დააყენეს, თან ისე, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. ჯერ თქვეს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შემაჯამებელი სხდომა იყო, მაგრამ მოულოდნელად გამგებლის გადაყენების საკითხი დააყენეს. კანონის მიხედვით კი საკრებულოს სხდომაზე იმპიჩმენტის საკითხი ერთადერთი უნდა იყოს.

"გამგებლის გადაყენების მიზეზად სახელდება ის, პრემიებისთვის ფული რატომ დაიზოგა, ოფისი რატომ არ გაარემონტა და ტუალეტში კარგი ხარისხის ქაღლდი რატომ არ არისო...

"ქევხიშვილის დაპირისპირებულ პირებს დღეს ყვარლის პოლიცია დაჰყვება დაცვად. საკრებულოში სულ 20 წევრია და აქიდან 10 ადამიანი ამ მოვლენების მიმართ პროტესტს გამოხატავს. არიან ადამიანები, რომლებიც ქევხიშვილს გვერდით არ დაუდგნენ და რომლებიც ამბობენ, რომ დააშინეს, ცოლ-შვილის აწიოკებით დაემუქრნენ და იძულებულნი გახდნენ, ასე მოქცეულიყვნენ. თუმცა, ისინი საჯაროდ ამაზე ვერ ილაპარაკებენ", - ამბობს ხუციშვილი და დასძენს, რომ გამგებელი შვიდმა ადამიანმა გადააყენა და მათი ნაწილიც იქ შანტაჟის შედეგად მივიდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, გუშინ დილით გამგებლის მომხრეებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძეს პროტესტის ნიშნად სამუშაო ოთახის კარი აუჭედეს. შემდეგ კი გამგებლის მომხრეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრებულოს წევრების გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ქევხიშვილის მხარდამჭერებმა საკრებულოს წევრებს კვერცხები დაუშინეს, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ, პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი საკუთარ სამუშაო ოთახში მაშინ დააკავა, როცა მასთან საკრებულოს წევრი თამაზ გუგოშვილი შევიდა და გამგებლისთვის ხელის დარტყმა სცადა. ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც უკვე გავრცელდა. გუგოშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის მარიკა ვერულაშვილის მამიდაშვილია და ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

"კარდებში ჩანს, როგორ მიდის პოლიციელების მიერ ერთ-ერთ დაკავებულთან, ნუკრი მესაბლიშვილთან გუგოშვილი და სახეში ურტყამს. პოლიციელებს კი ამაზე რეაგირება არც მოუხდენიათ, პირიქით. დერეფანში კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაჰყვიროდა - გამგებელი დააკავეთ, ბრძანება მაქვს ასეთიო", - ამბობს ხუციშვილი.

"რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძესა და საკრებულოს აპარატის უფროს ანა ოსტიაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებას არ უპასუხეს. გამგეობიდან გადაყენებული დავით ქევხიშვილი და მისი მომხრეები კი "ქართული ოცნების" ლიდერებს ყვარელში მიმდინარე პროცესებისათვის ყურადღების მიქცევას სთხოვენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ როდესაც გაგებელი "ქართული ოცნების" მიერ არის დანიშნული, მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ოპოზიციონერივით ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს არ უნდა მართავდეს.

"მე ის ინფორმაცია მაქვს, რომ საკრებულომ გამგებლის გადაყენება გადაწყვიტა და საკრებულოს წევრები ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ. ჩვენ გარკვეული პრეტენზიები გვაქვს საკრებულოებთან, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშია არჩეული. ვიცით, რომ ადამიანებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სიებით იყვნენ გასულები, შემდეგ "ქართული ოცნების" ფრაქციები შექმნეს. ეს, რა თქმა უნდა, ჯანსაღი არ არის და არც ხალხის განწყობას გამოხატავს. ამიტომაც აუცილებელია საკრებულოებში არჩევნების ჩატარება.

"ჩემთვის აუხსნელია ის ფაქტი, როდესაც არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი და გამგებლის გადაყენება ხდება, მაგრამ გამგებელს თმენის მეტი ვალდებულება აქვს. როდესაც გამგებელი "ქართული ოცნების" მხრიდან ხარ დანიშნული, გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვს და თუ რაღაც არ მოგწონს, ქუჩაში აქციები კი არ უნდა გამართო, სხვა გზა უნდა აირჩიო, მაგალითად, უნდა გაასაჩივრო. აქციები ჩემთვის გაუგებარია.

"მეორე საკითხია, როდესაც ადამიანებს შორის გაწევ-გამოწევაა. მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალია", თუ "ოცნების" წევრი. თუ ვინმე კანონს არღვევს, ცხადია, პასუხი უნდა აგოს. თუ ეს დაკავებაც უკანონო იყო, ქევხიშვილს ამის გასაჩივრებაც შეუძლია," - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, როდესაც "ქართული ოცნების" პარტიის წევრი ხარ და ასეთ სერიოზულ ბრალდებას უყენებ შს მინისტრის მოადგილეს, რომ ის რაღაც პროცესებში ერევა, ეს არასწორია.

კობახიძე დასძენს იმასაც, რომ თუკი ბიუჯეტის დარღვევებზეა საუბარი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და პოლიტიკურად კოალიციის ლიდერები ამ საკითხით დაინტერესდებიან, რათა გაარკვიონ, რა ხდება.

მანანა კობახიძე: "მე არ მსმენია, რომ ქევხიშვილს პოლიტსაბჭოსთვის მოემართოს. მე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ეს ამბები დღეს მედიით გავიგე. თუ რაღაც პრობლემა არის, ეს პარტიის შიგნით შეიძლება გადაწყდეს და არა ქუჩაში. აქამდე სიტუაცია არ უნდა მისულიყო. თუ "ნაციონალების" მხრიდან პოლიტიკური დევნა იყო, პარტია უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში.

"საკმაოდ სერიოზული ბრალდებაც გაისმა. ვის უნდა მფარველობდეს ზედელაშვილი?! ასე ყველას შეიძლება რაღაც დააბრალო. ასე თავის დროზე "ნაციონალები" საუბრობდნენ. ის საკრებულო თვენახევარში აღარ იქნება და ის, რომ ვიღაც საკრებულოს წევრი ზედელაშვილის ნათესავია, ასე საუბარი არასერიოზულია. ცოტა მეტი წინდახედულება მართებს პარტიის წევრებს, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ ისე, რომ ხელშესახები არაფერი აქვთ და მხოლოდ ნათესაობაზე საუბრობენ. თუმცა, დემოკრატია ასეთია და აქციები ხდება".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა