The Washington Post - საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ

The Washington Post - საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ

"საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ,  მაგრამ   საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Post სარედაქციო საბჭოს სტატიას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ერთი პოზიტიური შედეგი, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჰქონდა, ევროკავშირის ძალისხმევის გაძლიერება და დაჩაქარება გახდა - გააღრმავოს ურთიერთობები საბჭოთა კავშირის ყოფილ ორ რესპუბლიკასთან: საქართველოსა და მოლდოვასთან.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნებთან "ასოცირების ხელშეკრულების" ხელმოწერა რომლის ფარგლებში მოლდოვასა და საქართველოს ეხსნებათ სავაჭრო ბარიერები და სამოგზაურო შეზღუდვები, დაჩქარდა და ივნისში მოეწერება ხელი. სტატიის ავტორთა თქმით, ამან უნდა გაზარდოს ამ ქვეყნების ხელისუფლებების პოლიტიკური მხარდაჭერა იმ მოქალაქეთა მხრიდან, ვისაც სურს დასავლეთში მოგზაურობა და სავაჭრო კავშირები.

"მოლდოვასა და საქართველოს თითქმის ისევე სჭირდება ევროკავშირის დახმარება, როგორც უკრაინას. ორივე ქვეყანა რუსეთის ზეწოლის ქვეშაა, რომელიც იმედოვნებს, რომ ჩაშლის ამ ქვეყნების ევროკავშირთან შეთანხმებებს და აიძულებს მათ კრემლის მიერ კონტროლირებად "ევრაზიულ კავშირში" გაწევრიანებას", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

ამასთან, გამოცემის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და რუსული ჯარები აფართოვებენ თავიანთ პოზიციებს. დასავლეთის ოფიციალური პირები კი შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯარებს დნესტრისპირეთშიც გააგზავნის.

"დასავლელმა მთავრობებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ ამ ქვეყნების დასახმარებლად. რუსეთისთვის დაწესებულმა მკაცრმა სანქციებმა შესაძლოა შეაჩეროს ბატონი პუტინი მომავალში აგრესიული ქმედებებისგან. ვიდრე ნატო ვერ ახერხებს ამ ქვეყნების დაცვას რუსეთის ინტერვენციისგან, მის ლიდერებს ის მაინც შეუძლიათ თავი შეიკავონ უსარგებლო რიტორიკისგან", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ გასულ თვეს, ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადება, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დაუყოვნებელი გეგმა არ არსებობს, შესაძლოა მიმართული იყო პუტინის დარწმუნებისკენ, მაგრამ საქართველოში პრორუსმა პოლიტიკოსებმა ეს იმის მტკიცებულებად მიიღეს, რომ ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული დასავლეთზე", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭო მიიჩნევს, რომ მოლდოვასა და საქართველოს ბედი მეტწილად ამ ქვეყნების ხელისუფლების ქმედებაზეა დამოკიდებული. მათივე თქმით, მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში უფრო უსიამოვნო პრობლემებია.

"უფრო უსიამოვნო პრობლემებია საქართველოში, სადაც 2012 წლის თავისუფალი არჩევნების შედეგად მოსული მთავრობა, აგრძელებს საკუთარი თავისთვისვე საზიანო ომს წინამორბედთან", - აღნიშნავს ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭო.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ თებერვალში ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდა და მიიღო გაფრთხილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გამო.

"მიუხედავად ამისა, 22 მარტს მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის ჩვეულებრივი პრელუდიაა. ამას წინ უძღოდა მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა და თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენება. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, დაკითხვაზე არ გამოცხადდა, ობამას ადმინისტრაციამ კი უმალ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, ქვეყნის ენერგია მომავლისკენ მიმართოს. თუ საქართველო დასავლეთისკენ სვლას აპირებს და არა - მოსკოვისთვის დანებებას, მთავრობამ ყურად უნდა იღოს ეს რჩევა", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წერილში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა