თბილისში ახალი მაფია შეიქმნა!

თბილისში ახალი მაფია შეიქმნა!

რა ხდება ღამით აღმაშენებლის 123 ნომერში დღისით, მზისით, სადაც კომპოზიტორთა სახლია მოთავსებული? გვესაუბრება ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე.

- აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებიდან იყო შემოსული ინფორმცაია, მოგვაქციეთ ყურადღება, რადგანაც გვიან ღამით ქალი ვერ გამოსულა ქუჩაში, შეურაცხყოფა შეიძლება მოგაყენონ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მიგიღონო და უნდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებმა კონკრეტული მისამართი მიგვითითეს, ბატონო, და ესაა აღმაშენებლის (ყოფილი პლეხანოვის) #123, კომპოზიტორთა კავშირის შენობა. აქ პირველი სართულის ფართი გაქირავებულია და, ჩვენი ინფორმაციით, მეპატრონე არაბია, სადაც დაახლოებით გვიან ღამეს მიმდინარეობს ისეთი რამე, რაც, როგორც გითხარით, მრცხვენია, რომ თბილისში ვცხოვრობ. მე ჩართული ვიყავი აჭარაში, კერძოდ, გონიოში მიმდინარე პროცესებში სადაც ხდებოდა პროსტიტუციის გამოვლენა და დაახლოებით იგივე ხდება აქაც.

- ეს, როგორც მახსოვს, თვეების წინანდელი პრობლემაა, მაშინ პლეხანოველებმა აქციაც კი მოაწყვეს.

- სიტუაცია უფრო გამწვავდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ვიდეომასალა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. აქ უცხოელებს ჩაჰყავთ არასრულწლოვანები და იქ გარყვნილების ბუდეა. ეს არის სტრიპტიზკლუბი და ღამის კლუბი ერთად და არის ყველაფერი, რასაც მამაკაცი მოინდომებს. მოკლედ, ჩაჰყავთ ქალები და გოგონები და საინტერესო ფაქტია, რომ ქართველ კაცებს იქ არ უშვებენ. მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მსგავსი ადგილები მკაცრად იყოს აღრიცხული, რადგანაც არასრულწლოვნებს შემდეგ აქ სექსუალური კუთხით იყენებენ.

- ნამდვილად არაბები არიან მფლობელები?

- კი და მათ უბრალოდ ნაქირავები აქვთ ფართი, ჩვენმა თანამშრომელმა მოახერხა შიგნით შეღწევა, თუმცა ბოლომდე დარბაზში ნამდვილად ვერ შევიდა, რადგანაც გითხარით, სასტიკად იკრძალება ქართველი კაცის შესვლა იქ, მაგრამ მოახერხა გასაუბრება დაცვასთან. მოვიფიქრეთ ვერსია, რომ ვითომ სტუმრებს ველოდებოდით უცხოელებს და მათთვის გვინდოდა ქალები. იქიდან გვაქვს ეს ინფორმაცია. აქვე მივმართავ იმ ქართველებს, ვინც ეს ფართი მიაქირავა უცხოელებს, მათ ხომ ძალიან კარგად იციან, ეს ადამიანები რასაც საქმიანობენ იქ და მარტო ბიზნესინტერესი და ფული არ უნდა იყოს მთავარი. ახალგაზრდობა გვეზრდება და 4000 თუ 5000 დოლარად არ უნდა ვუჩენდეთ ქალაქს ამხელა პრობლემას.

- მომიყვით, რა გაარკვია თქვენმა მონიტორინგის თანამშრომელმა?

- ვიმეორებ, იმ ადამიანმა თავისი თვალით ნახა ყველაფერი და შესაბამისად, თუ მოწმედ დასჭირდა შესაბამის უწყებებს, იტყვის ყველაფერს. საუბარი იქაური დაცვის თანამშრომლებთან ფარულად გვაქვს გადაღებული.

- რაზე იყო იქ საუბარი?

- იმაზე, თუ რას სთავაზობენ ამ დაწესებულების მეპატრონეები კლიენტს. ესაა სტრიპტიზი, ასევე სექსუალური მომსახურებაც. მსუქანი ქალბატონებიც ჰყოლიათ, რაც ჩანაწერიდან ჩანს, გამხდრებიც, ქერა ქალებიც, შავგვრემნებიც, გემოვნების მიხედვით და, რაც მთავარია და რამაც განსაკუთრებით აღმაშფოთა, როგორც შვილების მამა, ჩანაწერში ფრაზა ისმის, რომ ჩვენ პატარა გოგოებიც გვყავსო და ამ ჩემს თანამშრომელს შესთავაზეს, რომ ღამით მოდით, 11-12 საათზე, არჩევანში რომ მიიღო მონაწილეობაო, მერე ეს გოგოები მიჰყავთო.

- და სად მიჰყავთ?

- მიმდებარე ტერიტორიაზე არის პატარა სასტუმროები, ასევე კერძო ბინები, ბუნაგები, რომლებიც საათობრივად ქირავდება.

- თავად ამ კლუბს არ აქვს ნომრები?

- ვერ ვიტყვი, რაც არ ვიცი. იმის საშუალება ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა, რომ ეგ დაეფიქსირებინა. თუმცა, ამის სურვილი გამოიჩინა, მაგრამ შიგნით, უკაცრავად, ვერ შევიდა. შეიძლება, შიგნითაც არის ნომრები, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ, სხვას ამის საშუალებას იქაურები არ მისცემენ, ფაქტია. როგორც მონიტორინგის თანამშრომელმა თქვა, ეს არის ძალიან დიდი ფართობი, შუაგულში არის სტრიპტიზის საცეკვაო ადგილი, მის გარშემო კი მაგიდებია, სადაც ხდება მოლაპარაკებები ამ ქალებთან. ასაკი შეზღუდული არ არის არც შემსვლელებისთვის და არც იმ ქალებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, აქ 13-14 წლის ბავშვები ჰყავთ საპროსტიტუციოდ და მე, პირადად, იქ ერთი არასრულწლოვანი გოგოც რომ დავინახო ჩასული, ბოლომდე გავყვები და აუცილებლად იმდენს ვიზამ, რომ ეს ამბავი აღვკვეთო. საშინელებაა, როცა შენს ქალაქში ჩამოდის უცხოელი და იმ ბავშვთან, რომელსაც სოციალურად ძალიან უჭირს, ასეთ რამეს ეწევა და ამ ამბის უკან ხომ ისეთი ხალხი დგას, ვინც ხელი შეუწყო ბავშვების იქ მიყვანას?

- უცხოელი კლიენტურააო, თქვით და ისინიც მხოლოდ არაბები არიან?

- არაბები, თურქები და ინდოელები. მაგრამ ვთქვათ, ჩახვედი და გკითხეს, ქართველი ხარ? თუ უპასუხე, - კიო, გაგდებენ იქიდან, გახსოვთ, ალბათ, რაც მოხდა რუსთაველზე რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ, გვირაბში, როცა ასევე უცხოელები ყველას უშვებდნენ ღამის კლუბში ქართველის გარდა? საშინელი ჩხუბი რომ იყო. ის თურქებიც ასე ამბობდნენ, ეს ჩვენი უფლებააო და მორჩა!

- თუ იცით, მომხმარებელი ბლომად ჰყავთ?

- კი, მთელი ღამე მუშაობს ეს დაწესებულება. დღის მანძილზე ეს კლუბი დაკეტილია და ვერც კი შეამჩნევთ, რომ იქ რამე მსგავსი ხდება. სხვათა შორის, ეს კლუბი არც ღამით გამოირჩევა ჭრელაჭრულა ფერებით და განსაკუთრებული წარწერებით, საკმაოდ სადად არის, მაგრამ ვინც იცის და ვინც მომხმარებელია, იმან ძალიან კარგად იცის, იქ რა ხდება. კლიენტურა, წესით, ასეთ დაწესებულებებს მუდმივი ჰყავთ. თუმცა, ხშირად სტუმრებიც მიჰყავთ ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად იციან, ვინ შეუშვან და ვინ - არა.

- უცხოელი ქალები არ ჰყავთ მომსახურე პერსონალში?

- არ ვიცი. მაგაზე საუბარი იმ დღეს არ ყოფილა, თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, მარტო ქართველი ქალები ჩადიანო. მათ ისიც გვითხრეს, რომ რამდენჯერმე მომხდარა დაპირისპირება მათსა და ამ კლუბის დაცვას შორის, რომელიც რატომღაც არ გახმაურდაო. კაცებმა როდემდე უნდა უყურონ ამ უმსგავსობას, როცა მათი შვილების ტოლა ბავშვები ჩადიოდნენ ამ კლუბებში და ეტყობა, ჩხუბი იყო, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. გავიხსენებ გონიოს ფაქტს, რაც იქ ჩატარდა და იმ რეიდში სახელმწიფო სტრუქტურებიც იყო ჩართული, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ათი დღის მანძილზე მოხდა ამ პროსტიტუციის დაპაუზება და დღეს ის ყაზახები, თუ თურქმენები ისევ დგანან იმავე ადგილებზე და არაფერი არ შეცვლილა. აჭარაში სამართალდამცავი ორგანოები თავად უწყობენ ხელს ამ ბიზნესის აყვავებას, რაც არ უნდა, სამწუხარო იყოს ჩვენთვის. ფაქტია, რომ ეს სერიოზული შემოსავალია, მაგრამ ასეთი ფული არავის შერგებია და არც არავის შეერგება.

- ფული ახსენეთ და დაახლოებით რა ღირს იმ კლუბში სექსმომსახურება?

- დაახლოებით 50 დოლარიდან ას დოლარამდე საათი.

- და რაზეა ეს თანხა დამოკიდებული? არასრულწლოვანები მეტი ღირს?

- მოდით, ეს გამოიძებამ დაადგინოს, სამართალდამცავებმა გაარკვიონ. ჩემმა თანამშრომელმა იკითხა, სამ სტუმარზე რამდენი დაგვჭირდება თანხაო და პასუხია, - 3000 დოლარი, ეს კარგად ისმის ჩანაწერში. ამაში შედის მაგიდის ხარჯიც, შედმგომი მომსახურებაც და სასტუმროც. ამ ქალებმა მშვენივრად იციან, სად წაიყვანონ კლიენტები, ვინ სად შეიყვანონ და რა ფასში. კიდევ ერთი თემა: ამას წინათ გლდანში ერთ-ერთ საუნაში შეიყვანეს სამი თურქი მოქალაქე, წინასწარ თანხა გადაახდევინეს და 5 წუთის შემდეგ ეს თურქები საუნის ე.წ. "ვიშიბალებმა" გამოყარეს წიხლისკვრით იმ საუნიდან იმ მიზეზით, რომ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენესო და ასეთი შემთხვევები ხდება. ანუ ქალაქში არის უკვე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს. იმ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი სექსმომსახურება არ მომხდარა, უბრალოდ, ვერ მოასწრეს, მაგრამ თურქებმა ფული დაკარგეს. ეს ახალი მაფიაა, თან უსაფრთხო, რადგანაც არავის აწყობს, გამოვიდეს ტელევიზორში და თქვას, ასე დამმართესო. ამ შემთხვევაში უცხოელებმა იციან, რომ ამბის გამჟღავნება მეტი პრობლემაა. ამიტომ არ უღირთ ამ 100 და 200 დოლარის გამოდევნება, რომ მერე პოლიციასთან ჰქონდეთ საქმე... ჩვენ მაშინ მოგვაკითხეს ამ თურქებმა და დავპირდით, რომ ამ ამბავს გამოვიკვლევდით, მაგრამ თავი შორს დაიჭირეს, ესო ფაქტად გითხარითო, თქვეს. ეს იყვნენ ტრაილერის მძღოლები და თავი აარიდეს საქმის გამწვავებას. ხვდებით საით მივდივართ? ანუ ამ ბიზნესმა მუტაცია განიცადა და გამოძალვის სახე მიიღო. ეს საკითხი კი, რაც პლეხანოვზე ხდება, მისახედია. მაინტერესებს, ამ კავშირის ხელმძღვანელი რას იტყვის ამ ფაქტზე.

ეს ჩვენც გვაინტერესებს და ამიტომ დავუკავშირდით კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელს კომპოზიტორ კახა ცაბაძეს.

- (უკიდურესად გაღიზიანებული ხმით) ასჯერ იყვნენ უკვე მოსულები და მიბრძანდით და ნახეთ, რაა. მე ვიცი, რომ არ არის და როგორ ვამტკიცო?

- რას ნიშნავს, "მე ვიცი, რომ არ არის?"

- მე ნამყოფი ვარ და ვიცი, რაც არის, ხო? ხოდა, ახლა როგორ ვამტკიცო მე? მე მაგ ფართზე მოსმენილი მაქვს, რომ 4000 დოლარს ვიღებ 2003 წლიდან და 2008 წელს მივედი მანდ. თუ გინდათ, თვითონ...

- საქმე ისაა, რომ მე იქ არავინ მიმიშვებს ღამით და დღისით ეს დაწესებულება არ მუშაობს. ვინც მივიდა, მას აქვს ფარული ჩანაწერი ამ კლუბის შესახებ.

- (პაუზა) ნუ, რა ვიცი, ეგება მაგ ადამიანს ნომერი ეშლება და ან ცდება? ხო შეიძლება, არა? მე რა ვამტკიცო?

ამის შემდეგ უკვე ვუკავშირდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს.

- ცხადია, რეაგირებას მოვახდენთ, ხომ ხედავთ რამდენი მასალა გვაქვს პროსტიტუციის საკითხზე და რამდენ ადამიანს ვიჭერთ საქართველოს მასშტაბით? მოგვიტანოს ბატონმა ბურჯანაძემ ეს მასალა და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია