"შევარდნაძის საათმა 5 000 დოლარი მოაგებინა"

"შევარდნაძის საათმა 5 000 დოლარი მოაგებინა"

ალბათ ბევრს ახსოვს რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მომხდარი ინციდენტი: ედუარდ შევარდნაძეს ხელიდან საათი შეხსნეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მაგიდაზე დაუდეს... ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თავად ბატონი პრეზიდენტი (როგორც ამბობენ) აღფრთოვანდა "ხელმარჯვე ოსტატით", თუმცა მისი ვინაობა დღემდე საიდუმლოდ არის შენახული.

არც ის იცის ვინმემ, თუ რა აზრი ჰქონდა ესოდენ დიდი რისკის გაწევას – ნუთუ თავზეხელაღებული ჯიბგირის მიზანი, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება იყო?

შემთხვევამ ამ საიდუმლოს ნაწილობრივ ამოხსნის შანსი მომცა.

ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტი, არცთუ ისე ახალგაზრდა და ფრიად სიმპათიური ჯიბგირი, ავტობუსში იმ დროს "დავწვი", როცა ასაკოვან ქალბატონს, ჩანთიდან საფულეს აცლიდა. ჩემს დაჟინებულ მზერას ჯიქურ გაუსწორა თვალი, საფულეს თავი დაანება და წინ გადაინაცვლა. გადავწყვიტე, ბოლომდე მივყოლოდი. ეს შეხვედრა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარში დასრულდა: მას შემდეგ, რაც დავარწმუნე, რომ "ჩამშვები" არ ვიყავი და თანაც კონფიდენციალობის სრული გარანტია მივეცი, საუბარზე დამყაბულდა და თანაც ძალზე ზოგადად და "ბუნდოვნად" გამცანო თავი.

- ცხადია, ნამდვილ სახელსა და გვარს არ გეტყვი, თქვენ შეგიძლიათ... გია დამიძახოთ.

- კარგი, გია იყოს. ის მაინც მითხარით, რამდენი წლის ხარ?

- 28-ის.

- დიდი ხანია, ქუჩაში "მოღვაწეობ"?

- არც კი მახსოვს ზუსტად, რამდენი წელია, ალბათ მთელი ცხოვრება, საბავშვო ბაღში დავდიოდი, პირველად, ცხვირსახოცებს რომ ვიპარავდი, შემდეგ უფრო "მსხვილმან" რაღაცებზე გადავედი...

- მაგალითად?

- მაგალითად, ნაყინზე, შოკოლადსა და სხვა ტკბილეულზე. ჩემს ბავშვობაში, თვითმომსახურების "მაღაზიები" იყო: ერთი "სტენკას დამიჭერდა", მე კი ჯიბეებს "დათუნიათი" და "წითელქუდათი" ვიტენიდი, განსაკუთრებით ნამცხვარი - რულეტი მიყვარდა, წამოსვლისას რაიმე იაფფასიან "პეჩენიას" ავიღებდით და იმის ფულს ვიხდიდით ხოლმე.

- ჯიბგირობაზე როდის გადახვედი?

- ალბათ 10-12 წლის ვიყავი, ჩემზე უფროსმა და გამოცდილმა ბიჭებმა "გამოცდაზე" გამიყვანეს – ტროლეიბუსში ერთ ჩასუქებულ ქალს ჯიბიდან ფული ამოვაცალე. პირველმა "ნადავლმა" 20 მანეთი შეადგინა, ეს იმ დროს კარგი თანხა იყო - წავედით და ჩემი "ნათლობა" აღვნიშნეთ. იმის შემდეგ კი... ამით ვცხოვრობ, რა, თავსაც ვინახავ და ოჯახის წევრებსაც ვეხმარები.

- არ გეშინია?

- არა, რისი უნდა მეშინოდეს? თავიდან, სანამ მივეჩვეოდი, "საქმეზე" გასვლამდე, ვნერვიულობდი, მაგრამ მალე გამიარა. ახლა, შეიძლება ითქვას, ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ.

- კი მაგრამ, მარცხი არ მოგსვლია?

- როგორ არა - ბევრჯერ. ორჯერ ვიჯექი კიდეც, სულ ხუთი წელი "მოვხეხე", მაგრამ რას იზამ - ასეც ხდება და ისეც, მთავარია, სულიერად არ დაეცე;

- ასეთი რისკის მიუხედავად...

- იცით, რა, რისკის სიყვარული ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა ჩვენი პროფესიის ხალხისთვის. ჩემს ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა, ქუჩაში, ფულის შოვნის გარდა, რისკის სიყვარულიც მეწეოდა. არ გაგიგიათ მილიონერი კლეპტომანების შესახებ, რომელთათვისაც სულ ერთია, ასანთს მოიპარავენ თუ კოვზს, ოღონდ მოიპარონ?

- ე.ი. ჯიბგირობა თუ ქურდობა, ნაწილობრივ ავადმყოფობაა?

- ალბათ უფრო ჩვევა. ყოველ შემთხვევაში, მე რომ ავად არა ვარ, ეს ზუსტად ვიცი.

- სად "მუშაობ"?

- ძირითადად ავტობუსებსა და ბაზრობებზე – იქ, სადაც ბევრი ხალხია და, რაც მთავარია, სადაც ხალხს ფული აქვს.

- მეტროში?

- მეტროში ერთი ჯგუფია - იქ თუ პოლიციასთან არ ხარ შეკრული, ისე არაფერი გამოგივა: პოლიციამ კარგად იცის თითოეული მათგანის ვინაობა და შემოსავალი, პროცენტებს იღებს ის კი არადა, ერთი ჩემი ნაცნობი ჯიბგირისგან ვიცი - "გეგმა" აქვთ. თუ დადგენილ ყოველდღიურ ნორმას არ მისცემენ, "სამუშაოდან" გაუშვებენ, თანაც როგორ გაუშვებენ...

- თუ არ "შეეკარი" პოლიციელებს?

- იმ დღესვე დაგწვავენ - მეტროში დაკეტილი სივრცეა, იქედან ვერსად გაიქცევი: ან ძალიან თავზეხელაღებული უნდა იყო ან მაგარი ზურგი გქონდეს პოლიციისგან.

- დღეში რამდენს შოულობ?

- გააჩნია, როდის - როგორ. ხან კაპიკიც არ არის. ხან იმდენს "მოარტყამ", რომ მთელი კვირა ისვენებ, ისე, საშუალოდ 20-50 ლარია.

- ბევრია ეს თუ ცოტა?

- ცოტა, მაგრამ დღევანდელ მძიმე ცხორვებაში მაინც ბევრია; ხალხს ფული არა აქვს და ჩვენ რა უნდა მოვპაროთ?! რაც წასაღები იყო, მთავრობამ წაიღო - ჩვენზე, ჯიბგირებზე კარგად, ეს არავინ იცის. მახსოვს, ერთხელ ქალს საფულე ამოვაცალე, გავხსენი და შიგ 5 ლარი იდო - სულ ხურდებით. იქვე იყო ფურცელზე ჩამოწერილი სია: ნახევარი კილო "პესოკი", კომბოსტო და სხვა წვრილმანი რამეები. ისე იყო ყველაფერი დათვლილი, რომ ჯამში, ზუსტად 5 ლარი გამოდიოდა. აუ, რა მომივიდა, იცი? მთელი საათი ვეძებე და, როგორც იქნა, ვიპოვე - ბორდიურზე იჯდა და ტიროდა... მივედი და ვუთხარი - ქალბატონო, ეს საფულე დაგივარდათ-მეთქი... საფულეში ხუთი ლარი კიდევ ჩავუდე, რომ გახსნა და ნახა, ხუთის ნაცვლად, ათი ლარი იდო, თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან, მაგრამ არაფერი უთქვამს... ასეა - ნაწილი იპარავს იმიტომ, რომ უჭირს, მეორე ნაწილი კი არ იპარავს, არა იმიტომ, რომ არ უჭირს ანდა არა აქვს ამის სურვილი - უბრალოდ, არ შეუძლია და იმიტომ.

- ამბობენ, ჯიბგირობის "ინსტიტუტს" ბევრი გამოჩენილი "ვარსკვლავი" ჰყავსო.

- იცით, რამდენი? ჩვენთან რომ ვარსკვლავები არიან, იმდენი მგონი, ჰოლივუშიც არ იქნება. ჩემს ბავშვობაში, ერთი ხეიბარი კაცი იყო - ხელები არ ჰქონდა და ფეხის თითებით იპარავდა. წარმოგიდგენიათ, ვიღაცა საფულეს რომ ფეხით ამოგაცლის? მერე დაიჭირეს ის კაცი და, ციხის ნაცვლად, ცირკში გაგზავნეს სამუშაოდ.

ერთი იყო კიდევ, ჩემი მეგობარი, წურო - მაგარი ჯიბგირის სახელი ჰქონდა. წეღან რომ გითხარით, ჯიბგირობა ჩვევად იქცევა-მეთქი, ის ჩემი მეგობარიც მყავდა მხელველობაში. ცოლს ირთავდა, კარგ ოჯახიშვილს, ძალიან კარგ გოგოს, ჰოდა, თავისი საცოლე წაიყვანა ოქროულობის მაღაზიაში, საქორწინო ბეჭდის შესარჩევად. ფულიც ჰქონდა საკმარისი, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და ერთ ნაყიდ ბეჭედს, მეორეც მიაყოლა მუქთად. ქორწილის დღეს მილიცია დაადგა და წაიყვანა. როგორც არ ეხვეწნენ, ერთი დღით დაგვიტოვეთ, ქორწილში იჯდეს და მერე წაიყვანეთო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. უსიძო ქორწილი იყო...

მეც დამემართა ერთხელ "მაგარი" ამბავი. ტროლეიბუსში ერთი ქალი "გავჩითე", ჟაკეტზე უშველებელი ჯიბეები ეკერა და აშკარად ჩანდა, რომ იმ ჯიბეში "რაღაც" იდო. ჩავყავი ხელი და ამ დროს მეორე ხელიც "ჩამოცურდა"... შიშისაგან სისხლი გამეყინა, შევხედე ჯიბის პატრონს, მაგრამ მშვიდად იდგა, სამაგიეროდ, ჩემ გვერდით მდგარი ბიჭი გამოიყურებოდა საეჭვოდ. მივხვდი, რომ ჩემი "კოლეგა" იყო. ჯიბიდან საფულე მაინც ამოვაცალეთ და შემდეგ ნადავლი ძმურად "გავტეხეთ".

- ყველაზე უცნაური თავგადასავალი?

- ყველაზე უცნაური იყო ჩემი მეგობრის სანაძლეო. გაგონილი გექნებათ, შევარდნაძის საათის ამბავი. ერთი თავზეხელაღებული "პადელნიკი" მყავს, სულ გაუმართლებელ რისკზე მიდიოდა და, წარმოიდგინეთ, ყოველთვის უმართლებდა. ჰოდა, სანაძლეო დადო - შევარდნაძეს საათს ხელიდან შევხსნიო. გავგიჟდი, რომ გავიგე - ჯერ მაგრად ვიცინე, მერე შემეშინდა: წაგებულს მიტანა უნდა, თან მაგარი არეულობა იყო იმ დროს, შევარდნაძეს ორი ბრიგადა დაცვა ჰყავდა... გავაფრთხილე - ჩემი იმედი არ გქონდეს ხელები დამიბანია-მეთბი. მეგონა, გადაიფიქრებდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოიგო ამ საქმეზე.

- მაინც როგორ მოახერხა, არ მოუყოლია?

- როგორც სტუდენტი, უნივერსიტეტში პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა და იმდენი "იჩალიჩა", რომ ხელის ჩამორთმევა შეძლო, ჰოდა, ხელს საათიც გამოაყოლა. მაშინვე გახმაურდა ეს ამბავი და მაგარ "გასწორებულში" იყო, მერე ამბობდა – ნეტავი დამეტოვებინა ის საათი "საჩუქრადო".

- "პადელნიკი" ახსენე. შენ თვითონ მარტო "მუშაობ" თუ ჯგუფურად?

- მე მარტო მირჩევნია. დადიან ბრიგადებიც - ბრიგადაში ნაკლები რისკია: ერთი "სტენკას იჭერს", მეორე აურზაურს ატეხს ყურადღების მისაპყრობად და მიდი, ასუფთავე, რამდენიც გინდა. ახლა, არც ისე ადვილად არის საქმე - ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ მაინც უკეთესია: თუ "დაგწვავენ", ერთი "პადელნიკი" პოლიციელად "გადაიქცევა" და სულ კინწისკვრით ჩაგიყვანს ავტობუსიდან, საფულეც თან მიაქვს, როგორც ნივთმტკიცება და... ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ბრიგადაში 5-6 კაცი მაინც არის - არ გინდა, ამდენ კაცზე "კუშის გატეხა"?! მარტო რომ ვარ, რასაც ვიშოვი, მყოფნის.

- პოლიციისგან არ გქონია წინადადებები თანამშრომლობაზე?

- როგორ არა, ციხიდან რომ გამოვედი, განსაკუთრებით მაშინ. შეგვეკარი და "ნადზორს" არ მოგცემთო. ეს "ნადზორი" მაგარი "პაზორნი" რამეა - საღამოს 8-დან დილის 8 საათამდე სახლში უნდა იჯდე, მოვლენ, შეგამოწმებენ, წარამარა განყოფილებაში გიბარებენ, მაგრამ "ბოზობას" მაინც სჯობს. ღმერთმა დამიფაროს, არაკაცური დღემდე არაფერი ჩამიდენია და არც დღეის შემდეგ ჩავიდენ.

- ამბობენ, ქუჩური "მოღვაწეობა" სპორტივით არის – თავისი ასაკი აქვსო.

- ასეა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. 35 წლის შემდეგ გვერდზე უნდა გადგე: ხელის სისწრაფეც გაკლდება და თვალიც ნაკლებად გიჭრის. მე ჯერჯერობით "ფორმაში" ვარ, მაგრამ მალე ასაკი მეც მაგრძნობინებს...

- მერე რა უნდა აკეთო?

- რა ვიცი, ჯერ არ მიფიქრია. მოვნახავ სამუშაოს, მოვიყვან ცოლს, მეყოლება შვილები და ვიცხოვრებ მშვიდად.

"მშვიდად ცხოვრებამდე" კი ჩემი რესპონდენტი ისევ ქუჩას შეერია და ისე გაუჩინარდა, თვალიც ვერ მოვკარი, საით წავიდა...

თეონა მეგრელიშვილი

ჟურნალი "გზა"

#24 23.11.2000

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია