ჰიპნოთერაპიის დანერგვა სკოლებში - მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

ჰიპნოთერაპიის დანერგვა სკოლებში - მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში შესაძლოა, ჰიპნოთერაპია დაინერგოს. აღნიშნულის შესახებ ambebi.ge-მ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ლევან ზარდალიშვილს მიმართა, რომელმაც აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდი უწოდა:

"ეს არის არაპროფესიონალის მიერ კონტექსტიდან ამოღებული ციტატა, სადაც აბსოლუტურად სხვა რამეზე ვისაუბრე. როცა ფსიქოლოგიურ ცენტრებში თერაპიული სეანსების აუდიო-ვიდეო გადაღების ჩაწერებზე იყო საუბარი, მაშინ განვაცხადე, რომ ჩაწერა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეს შედის პაციენტის ინტერესებში, როდესაც ის ან მისი მეურვე, ან მშობელი თანახმაა და თუ ეს ფსიქოლოგს სჭირდება. და ამასთან ერთად მაგალითად მოვიყვანე მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, როცა მსგავს სიტუაციებში, როდესაც პაციენტს ეს სჭირდება, იწერენ ხოლმე კამერით სეანსს, თუმცა ყველა ზემოთ აღნიშნული პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ამასთან ერთად ისიც აღვნიშნე, რომ არსებობს ისეთი თერაპიაც, როდესაც ჩაწერა არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კი არის და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვანე ჰიპნოთერაპია. მეტსაც გეტყვით, ჰიპნოთერაპია ბავშვებში მიუღებელი და დაუშვებელია და ძალიან ბევრ ქვეყანაში 21 წლამდე აკრძალულია კანონით. რამდენადაც ვიცი, საქართველოში არცერთი ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაცია ან ცენტრი ჰიპნოთერაპიას არ იყენებს. არც ჩვენ ვიყენებთ და თავში აზრადაც კი არ მოგვსვლია. ამ თემაზე სტატიაც კი მაქვს დაწერილი ჩეხეთში, სადაც აღვნიშნავ, რომ ჰიპნოთერაპია ბავშვებში დაუშვებელია.

ამ კომენტარის მიცემის შემდეგ იგივე ტექსტი ჩემს ფეისბუქის გვერდზეც კი დავწერე. ამრიგად, ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი არასწორი ციტატაა. მე შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი დედა კარგი ქალია, ვიღაცამ კი ციტატას ბოლო ორი სიტყვა მოაშოროს და სრულიად სხვა, დამახინჯებული შინაარსი მივიღოთ", - აღნიშნა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ზარდალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრებში თერაპიული სეანსების აუდიო-ვიდეო გადაღების პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია წინა კვირაში გავრცელდა. მანდატურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ აუდიო-ვიდეო გადაღება მხოლოდ პაციენტის, პაციენტის მეურვისა და წამყვანი ფსიქოლოგის ნებართვის შემთხვევაში მოხდებოდა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია