დეკანოზი დავით ლასურაშვილი - მე არ მინდა ოლანდის ევროპა

დეკანოზი დავით ლასურაშვილი - მე არ მინდა ოლანდის ევროპა

რატომ უნდა ვასრულოთ ვიღაცის დირექტივა?! - ამ შეკითხვით ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებს სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა , დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვისას მაშინ მიმართა, როცა დეპუტატებმა სასულიერო პირებს განუმარტეს, რომ აღნიშნული პაკეტის მიღება ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ევროკავშირის მოთხოვნაა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, დეპუტატები უნდა დაფიქრდნენ, სანამ ვიღაცის თითის დაქნევაზე იმოქმედებენ. "ჩვენ ვერ დავდებთ ამ საკითხზე იურიდიულ დასკვნას. ჩვენ სულიერი და მოქალაქეობრივი კუთხით უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი. ამ კანონის მიღება იქნება შეურაცხყოფა ქართველი ერის, კულტურისა და ზნეობის. ჩემი, როგორც სასულიერო პირის შეგონებად ჩათვალეთ, ოღონდ არა ჭკუის სწავლებად - გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ, ასეთი გამოთქმა არსებობს, მაგრამ ადამიანი როცა პარლამენტარი ხდება, უნდა გაითვალისწინოს, რომ გმირობას მოსთხოვენ. გმირობაა, როცა ბიძინა ივანიშვილი დაგიქნევთ თითს რომელიღაც შეკრებაზე, როდესაც ფულე დაგიქნევთ ხელს, როცა სხვები დაგიქნევენ ხელს და ყველაფერს მაინც ზნეობისა და ჩვენი კულტურის გათვალისწინებით გააკეთებთ. რატომ უნდა ვასრულოთ ვიღაცის დირექტივები?! ასეთი კანონი არ მიუღია ევროკავშირის იმ ქვეყნებიდან არავის, რომლებიც ჩვენ რაღაცით, მათ შორის სარწმუნოებრივად გვგვანან - კვიპროსი და საბერძნეთი ისე მიიღეს ევროკავშირში, რომ ასეთი ნორმები არ მიუღიათ. მაინც და მაინც ჩვენ რატომ გვთხოვენ გადავაბიჯოთ ჩვენს ტრადიციებს, რომ გავხდეთ ევროპის ოჯახის წევრი?!", - განაცხადა დეკანოზმა.

მამა დავით ლასურაშვილის განმარტებით, მას არ უნდა "ოლანდის ევროპა" და იმ 800 ათასი კაცის ევროპა უნდა, რომლებმაც მამათმავლობის გამო პროტესტი გამოთქვეს.

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში", "სისხლის სამართლის კოდექსში", "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონსა და "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის საფუძველზე პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად. კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორ საჯარო, ასევე კერძო სფეროში.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.

ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტს კანონპროექტის განხილვის გადადების თხოვნით მიმართა. პატრიარქისთვის პროექტის წარმოდგენილი სახით მიღება მიუღებელია.

"ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კონსტიტუციაში არარსებული ცნებების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად", - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი იწვევს ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს კი, თავის მხრივ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა