მეძავობის პირველი დღის ქრონიკა: "ტიტველი და სისხლიანი დავადექი აბასთუმნის გზას"

მეძავობის პირველი დღის ქრონიკა: "ტიტველი და სისხლიანი დავადექი აბასთუმნის გზას"

გამოკითხულ მეძავთა უმრავლესობა საუბარზე უპრობლემოდ დაგვთანხმდა. თუკი სურათებს არ გადაგვიღებთ, ჩვენი ამბის მოყოლას როგორ დაგამადლითო, - მითხრეს, თან მირჩიეს, ლიას გავსაუბრებოდი, რომელიც კლიენტებს ხან ინგას სახელით ეცნობა, ხან კი, თავს სვეტლანად ასაღებს. ზოგჯერ ნამდვილი სახელი თავადაც არ ახსენდება, რადგან ის მის ბედნიერ წარსულთან ერთად დასამარდა. ლიას მოძებნა იოლი არ აღმოჩნდა, თურმე "ნაყოფიერ" მუშაობას ეწევა, ამიტომ ერთი დღის განმავლობაში, თითქმის ყველა "სტაიანკაზე" უწევს დგომა. ბოლოს მაინც მივაგენი. დილით ადრე, დიდუბეში, გამოფენის წინ გამოვიჭირე. ერთი ბოთლი არყისა და ორი კოლოფი "მაგნას" სანაცვლოდ, მისგან ძალზე სევდიანი ამბავი მოვისმინე...

ოცდახუთი წლის წინ, როცა ლია დაბადებულა, თურმე საშინლად ციოდა, დიდი თოვლი მოსულა, სულ რაღაც ერთი დღით, გაზიც გამორთულა. სამშობიარო სახლში განგაში აუტეხავთ: ახალშობილები არ დაგვეყინონო... პატარა ლიას სიცივე რას უზამდა? - ის დედას მაგრად ჰყავდა მკერდზე მიხუტებული და წუთითაც არ იცილებდა, - არადა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა: ბავშვი ორი ათას მანეთზე უნდა გადაეცვალა. შინ სამი ბიჭი ჰყავდა. უფროსი ცოლის შერთვას აპირებდა, უმცროსი სკოლას ამთავრებდა, როგორ მიუყვანდა მათ ჩვილს?! არც ქმრისთვის უნდოდა, საზრუნავი დაემატებინა... მეშვიდე დღეს, ფეხაკრეფით გაიპარა სამშობიაროდან. ლია კი შეძლებულმა ცოლ-ქმარმა იშვილა. მათ ორი ათასი მანეთი გადაუხადეს ბიოლოგიურ დედას. ასე აღმოჩნდა პატარა ლია მზრუნველ და მოსიყვარულე ოჯახში. ლიამ მათზე გულისტკივილით მიამბო:

- მანებივრებდნენ... რაც სხვა ბავშვებს ეკრძალებოდათ, ჩემთვის შეიძლებოდა. მე ყველაფრის უფლება მქონდა. არ მიყვიროდნენ, არ მტუქსავდნენ, არაფრისთვის არ მსაყვედურობდნენ. მეც თავი ყველაზე ამაყად მეჭირა და ყველაზე ბედნიერიც მეგონა. სკოლას რომ ვამთავრებდი, მამაჩემმა მთელი ევროპა მომატარა. შემიძლია ვთქვა, რომ ფუფუნებაში გავიზარდე, მაგრამ ერთმა უცნაურმა შემთხვევამ მთელი ცხოვრება დამინგრია... ბულგარეთში ვიყავით მე და მამაჩემი დასასვენებლად, იქიდან რომ ჩამოვედით, დედა შეცვლილი მოგვეჩვენა. ემჩნეოდა, რომ რაღაცა აწუხებდა. ნერვიულობდა, ღამღამობით ტიროდა, ვეღარ იძინებდა. გადავწყვიტე, გამერკვია, რა ხდებოდა. ყურადღება დავძაბე, სულ ვაკვირდებოდი, ვუთვალთვალებდი. ერთხელ ტელეფონით ლაპარაკობდა; გავიგონე, რომ თქვა: რამდენსაც მთხოვს, მივცემ, მთავარია, ჩემმა შვილმა სიმართლე არ გაიგოსო. კინაღამ გავგიჟდი, მივხვდი, რომ მშობელი რაღაცას მიმალავდნენ...

- რამდენი წლის იყავი, ეს ამბავი რომ მოხდა?

- სკოლას ვამთავრებდი. მეთერთმეტე კლასში ვიყავი. უკვე მაისი იყო, ჩვენთან ვიღაც ქალი რომ მოვიდა. დედაჩემს უთხრა: ან ფული მომეცი, ან არა და, შენს შვილს სიმართლეს ვეტყვიო. დედაჩემმა ის ქალი გააგდო. წადი, თორემ მილიციას გამოვიძახებო. ჩუმად გავეკიდე უკან. გავაჩერე და ვუთხარი: ფულს მე გადაგიხდით, მითხარით, ვინ ხართ და რა გინდათ-მეთქი - დედაშენი ვარო, - მითხრა დაუფარავად. მაშინვე კანკალმა ამიტანა. იმ ქალმა სიმართლე რომ მიამბო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ჯერ გიჟივით დავიწყე ქუჩაში სირბილი, მერე კი დაქალათან გავიქეცი.

- რატომ? რატომ გქონდა ასეთი ცუდი რეაქცია? შენ ხომ მშობლები ჩიტის რძესაც არ გაკლებდნენ, ისე გაგზარდეს, მათი ამაგი ვერ დააფასე?

- იმწუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ისინი მეზიზღებოდნენ. საოცრად მომინდა, აღარასოდეს მენახა. არ ვიცი, რა ვერ ვაპატიე, დღემდე არ ვიცი, მაგრამ დღემდე მეჯავრებიან. არც ჩემი ბიოლოგიური დედა მიყვარს, არც მინახავს და არც ვნახავ არასოდეს, მაგრამ ის არ მეჯავრება...

- მერა რა მოხდა? სახლში აღარ დაბრუნდი?

- სამი დღე დაქალთან ვიყავი. დედამისი მივიდა ჩემს მშობლებთან და უამბო, რაც მოხდა. მამაჩემი მაშინვე ცუდად გამხდარა. იფიქრეს, დავმშვიდდებოდი და უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. სამი დღის შემდეგ, ავტობუსში ჩავჯექი და ახალციხეში წავედი. იქ უნივერსიტეტი იყო ახალი გახსნილი. ჩემი მეგობრები სწავლობდნენ. მათ მივაკითხე. მშობლებმა თურმე ძებნა დამიწყეს. ერთი თვის შემდეგ, აბასთუმნის გზაზე ტიტველი მიპოვეს...

- რატომ იყავი ტიტველი?

- ჩემს მეგობრებს რომ მოვუყევი, რაც შემემთხვა, მითხრეს: მშობლებს ნუ ანერვიულებ, სახლში წადიო - და მატარებელში ჩამსვეს. მე სახლში დაბრუნება არ მინდოდა და ჩუმად ჩამოვედი ვაგონიდან. ორი ღამე სადგურში გავათენე. მესამე ღამეს ერთმა სომეხმა თავისთან წამიყვანა. დილით მაგრად მცემა.

- რატომ?

- ქალიშვილი ვიყავი და მეჩხუბა: რატომ მომატყუე, შარი რატომ ამკიდეო?.. ვუხსნიდი - ნუ გეშინია, არ გიჩივლებ-მეთქი, მაგრამ ჩემი არ ესმოდა. ნაცემი, ქუჩაში გამომაგდო. ვიღაცამ მანქანა გამიჩერა... მერე იმან კიდევ ვიღაცასთან მიმიყვანა... და ა.შ. ერთი სიტყვით, ახალციხეში გამოჩნდა უფასო ბოზი - ლამაზი, ქერა გოგონა, რომელიც მხოლოდ ღამის გასათევს თხოულობდა, მეტს არაფერს. ბოლოს, ბიჭებმა აბასთუმანში წამიყვანეს. გზაში ჩხუბი მოგვივიდა, მე მანქანაში შიშველი ვიჯექი - ბიჭებს ასე მოსწონდათ... მერე კარი გააღეს და მანქანიდან გადმომაგდეს. რა უნდა მექნა? - ასე, ტიტველი და დასისხლიანებული დავადექი გზას, იქნებ, დასახლებულ პუნქტამდე მივიდე-მეთქი. უცბად მილიცია და ჩემი მშობლები დამადგნენ თავს.

- მშობლებმა რა გითხრეს? ჩხუბი ხომ არ დაგიწყეს?

- არა, პირიქით – გულში ჩამიკრეს და სახლში ისე ჩამომიყვანეს, სულ ბოდიშებს მიხდიდნენ.

- რის გამო გიხდიდნენ ბოდიშს?

- სიმართლე რომ შევიტყვე, საიდუმლო კარგად რომ ვერ შეინახეს და გავიგე, ნაშვილები რომ ვიყავი. ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ცოცხლები აღარ არიან. მათ ჩემი არაფერი მართებთ და არც მე მმართებს მათი რამე. ჩვენ ერთმანეთი ისევე გავამწარეთ, როგორც გავაბედნიერეთ.

- რით დაიღუპნენ შენი მშობლები?

- მე რომ სახლში კაცები მაკითხავდნენ, მამაჩემი ნერვიულობდა, გულმა "დაარტყა". ჩაის სვამდა. უცბად უთქვამს, - გული მტკივაო, - და სკამიდან გადმოვარდნილა კიდეც... დედაჩემი მისი სიკვდილიდან ორი კვირის თავზე გარდაიცვალა, მაგრამ სანამ მოკვდებოდა, მთელი ქონება თავის დისშვილებს დაუმტკიცა, რომ იტყვიან - "მშრალზე დამსვა". იქ რაღა მინდოდა ან ვინ გამაჩერებდა?!. ჯერ საყვარელი მყავდა. ბინა დამიქირავა და როცა მოუნდებოდა, მაშინ მოდიოდა. მაგრამ მისი ლოდინი მომწყინდა. გამოვედი ქუჩაში. რომელ მანქანასაც ხელი ავუწიე, ყველამ გამიჩერა, კაცებს ჩემი თეთრი სხეულით ვაგიჟებ...

- არც კი ვიცი, რა უნდა გკითხო, შეძრწუნებული ვარ შენი ამბით...

- მე არაფერზე ვფიქრობ. დავწვები, დამეძინება, ავდგები და მუშაობას ვიწყებ. როცა დავფიქრდები, ვგიჟდები კიდეც... ბევრს ვმუშაობ, რომ ამბობენ - მეძავები მაგარ მაყუთს ღუნავენო, - ტყუილია: დღეში ოცი ლარი თუ ვიშოვე, ვამბობ, ბედნიერი დღე გამითენდა-მეთქი. იცი, რა არის ბედნიერება? როცა ცხოვრებით ხარ კმაყოფილი. არა აქვს მნიშვნელობა, რა იწვევს ამ კმაყოფილებას...

- შენ ბედნიერი ხარ?

- ... აქ ერთი გოგოა. ორი შვილი ჰყავს. გამოვა, დადგება. ერთ კლიენტს გამოიჭერს. ექვსი ლარიც რომ გააკეთოს, ბედნიერია: თავის "ჩიტებს" საჭმელს მოუტანს. მისთვის ეს არის ბედნიერება. ჩემი ბედნიერება ის იქნებოდა, დედაჩემს რომ ფულზე არ გავეყიდე. მან საკუთარი სისხლი და ხორცი გაყიდა. მე მხოლოდ საკუთარ ხორცს ვყიდი...

ლელა ჭანკოტაზე

ჟურნალი "გზა"

#15 11.04.2002

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია