კახა კოჟორიძე - ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები

კახა კოჟორიძე - ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები

ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები, - ასე გამოეხმაურა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც კოჟორიძემ დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, პრემიერის მხრიდან გაკეთებული განცხადება არა თუ მაღალ, არამედ დაბალ მოთხოვნებასც ვერ აკმაყოფილებდა და ეს იყო საშიში სამომავლო განვითარებისთვის.

"თუ პრემიერს მიაჩნია, რომ ჩვენ ვართ მოღალატეები და მტრები, ეს ალბათ კატასტროფას შეიძლება ნიშნავდეს. ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები", - განაცხდა კოჟორიძემ.

გაზეთ "რეზონასის" მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის შეფასებით კი, შეუძლებელია დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს შეესაბამებოდეს განცხადებები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კეთდება სამოქალაქო პირების მისამართით.

"მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომლებიც ძველ დროში გვაბრუნებს და არ შეიძლება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მოწადინებულია ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და რომელიც დაინტერსებულია განხორციელდეს რეფორმები, უწოდოს ძირგამომთხრელი და ანტისახელმწიფოებრივი", – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე შეფასებით, ეს არის ძალიან საშიში, რადგან შეთქმულების თეორიების სუნი ასდის. მან მოუწოდა პრემიერ-მინისტრს კრიტიკულად შეხედოს საკუთარ პოზიციას.

"ჩვენი ამოცანა არ არის დამარცხდეს ხელისუფლება, ჩვენ გვინდა რეფორმები განხორციელდეს, ასევე მინდა მოვუწოდო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც, რომლებიც იგივე ტონალობაში საუბრობენ, მართლა უხერხულ სიტუაციაში იგდებენ თავს. არ შეიძლება ადამიანებს, რომლებსაც სიკეთის კეთება უნდათ, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები დააბრალო", - აღნიშნა ტუღუშმა.

მისივე თქმით, შეიძლება ხელისუფლებას ახსნა-განმარტებების გაკეთებაც მოუწიოთ, მათ შორის პარტნიორებთან.

ეკა გიგაურის შეფასებით კი, მსგავსი განცხადებები ქვეყანაზე უარყოფით იმიჯს ქმნიან. მსგავსი ტიპის განცხადებები დემოკრატიულ ქვეყანაში არ კეთდება და ეს არის დამანგრეველი ქვეყნის იმიჯისთვის.

ეკა გიგაური კახი კალაძის განცხადებასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, პირველი აქტივობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც იყო კამპანია "ნუ გვისმენთ" და ამ დროს კალაძეს ნამდვილად არ აინტერესებდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და მასთან ერთად წარმატებულ ბიზნესსაც ახორციელებდა.

"ის რომ, ისინი საუბრობენ ჩვენს წარსულზე, მე ერთ რჩევას მივცემდი მათ, ვფიქრობ, რომ წარსულზე საუბარი ყველას მობეზრდა ამ ქვეყანაში. ბატონებო, დაჯექით და ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავეთ", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

პრემიერის განცხადება სხვა არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლებმაც შეაფსეს.

SIDA-ს აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის განცხადებით, პრემიერისა და კახა კალაძის განცხადებები პირდაპირ კავშირშია წინასაარჩევნო კამპანიასთან, რადგან ხელისუფლება არ გრძნობს თავს კარგად წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, როდესაც მიმდინარეობს კამპანია - "ისევ გვისმენენ".

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლის თამარ ავალიანის თქმით კი, თუკი ასეთი განცხადებების კეთება გაგრძელდება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირთა მხრიდან არასამთავრობო სექტორის მიმართ, საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინ ვერ წავა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა