თბილისის ზოოპარკში ატრაქციონების დემონტაჟი განხორციელდა - რა სიახლეებია "ცხოველების სამფლობელოში"

თბილისის ზოოპარკში ატრაქციონების დემონტაჟი განხორციელდა - რა სიახლეებია "ცხოველების სამფლობელოში"

თბილისის ზოოპარკში მისულ დამთვალიერებელს მალე ბევრი სიახლე დახვდება. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, გაჩერებული ატრაქციონებია. პატარების საყვარელ გასართობს რამდენიმე ადგილას უკვე დემონტაჟიც გაუკეთდა. მიზეზი ერთია - ეს ცხოველების სამფლობელოა და ატრაქციონებით მათი შეწუხება გაუმართლებელია. საქანელები, რომელიც უშუალოდ ცხოველების  ვოლიერების წინ  მდებარეობდა, ამ დროისთვის გაჩერებულია.

როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, ეს არ არის გასართობი დაწესებულება, აქ არის შემეცნებით - სამეცნიერო დაწესებულება, შესაბამისად ატრაქციონები და ცხოველები ერთმანეთთან შეუთავსებელია, მისი თქმით, აქ ინტერესი  მხოლოდ ცხოველებზე უნდა იყოს გადატანილი.

"მართალია ატრაქციონების წინააღმდეგები ვართ, მაგრამ წავედით იმაზე, რომ მთლიანად არ დაგვეშალა და ქუჩაში არ გაგვეყარა ის ხალხი, ვინც აქ მუშაობდა. ამიტომ გამოვყავით მაქსიმალურად დაშორებული ტერიტორია ცხოველებისგან. ზოოპარკში იქნება 2 კუნძული - შემოსასვლელში და ბოლოში, სადაც მსურველები მსგავსი ატრაქციონებით ისარგებლებენ", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გართობის მოყვარულებს ზოოპარკის ადმინისტრაცია სხვა, უფრო საინტერესო თავშესაქცევს შესთავაზებს. როგორც ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადეს, ეს იქნება შემეცნებითი, ასევე სპორტულ-სათავგადასავლო გასართობები, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

თბილისის ზოოპარკს სხვა  სიახლეებიც აქვს. ახალ ბინადრებს - ირმებსა და გიბონებს მალე პინგვინებიც დაემატებიან. ახალი ბინადრების მისაღებად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეს ადგილი, სადაც საქანელები იყო, ცარიელი არ დარჩება, ჩვენ ტერიტორია მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, რადგან ველოდებით ახალი ცხოველების ჩამოყვანას. ძალიან ბევრი სიახლე იქნება,  ვცდილობთ განვაახლოთ ზოოპარკი", - აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

თბილისის ზოოპარკი ცხოველების ჩამოყვანასთან ერთად, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ქვეყანაში მათი ბინადრების გაგზავნასაც. ბაქოსა და მინსკში უკვე გაიგზავნა თბილისში დაბადებული რამდენიმე ცხოველი. ზოოპარკის ადმინისტრაცია, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას უცხოურ ქვეყნებთან მომავალშიც აპირებს.

ნინო ჭანია

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია