ზაფხული თანდათან გვიახლოვდება და ჩვენი ქვეყნის კურორტები ყველაზე ცხელი სეზონისთვის ემზადებიან, თუმცა, ამ კურორტების მკვიდრთ ერთგვარი შიში აქვთ, რომ წლევანდელი სეზონი ვერ იქნება ისეთი, როგორსაც ისურვებდნენ. ქობულეთის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ გოგიბერიძე ძალიან კარგად იცნობს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, რადგან თვითონაც საოჯახო სასტუმროს მფლობელია. მისი აზრით, ზაფხულის სეზონზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უარყოფიათად აისახება:
- ბოლო წლებში შავიზღვისპირა ზოლში მოქმედი კერძო სასტუმროები ძირითადად სომხეთიდან ჩამოსული ტურისტებით ივსებოდა, შემდეგ სომხეთში დაიწყო კრიზისი, რომელმაც იქაური ტურისტების კონტიგენტი მკვეთრად შეამცირა. შარშან, მაგალითად, ორად-ორი ოჯახი მივიღე სომხეთიდან. გასულ წელს ისინი უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან ჩამოსულებმა ჩაანაცვლეს. ვშიშობთ, რომ უკრაინაში არსებული დაძაბულობის გამო წლევანდელი სეზონი შარშანდელთან შედარებით ცუდი იქნება. ახლა რაც შეეხება ფასებს: გასულ წელს, ერთადგილიანი ოთახი კარგი პირობებით, დღე-ღამეში 25-30 ლარი ღირდა. შედარებით ნაკლები პირობების მქონე კი - 20 ლარი. რადგან უკრაინაში სიტუაცია დაძაბულია, არა მგონია, უკრაინელები ქობულეთში ჩამოვიდნენ დასასვენებლად. ამიტომ, ადგილობრივი დამსვენებლების იმედზე უნდა ვიყოთ. მარტო ქართველი დამსვენებელი კი ბაზარს ვერ შექმნის. ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, წელს ბინები უფრო იაფი იქნება, ვიდრე შარშან იყო. თუ საკმაო რაოდენობის ხალხი ვერ ჩამოვა, ბინის ფასს როგორღა ავწევთ? პირიქით, უნდა გავაიაფოთ. ამის მიუხედავად, სეზონისათვის მაინც ვემზადებით: ოთახებს ვარემონტებთ, ვალამაზებთ. ბევრი ამას ბანკიდან აღებული სესხით აკეთებს. ადრეც ჰქონდათ სესხი, მაგრამ კიდევ გამოიტანეს, რომ მომავალ სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. რასაკვირველია, გვინდა, რომ ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ და ჩვენი სტუმრებიც.
საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ფიქრობს, რომ ტურიზმის ადგილობრივ ბაზარზე, დრამატული ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის:
- არაფერი ისეთი არ ხდება, რამაც შეიძლება კურორტებზე ფასების აწევა, ან გაიაფება გამოიწვიოს. ამ ეტაპზე საამისო ნიშნებიც კი არ ჩანს. რასაკვირველია, პოლიტიკურ სიტუაციაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და თუ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდება, ჩვენს კურორტებზე ისეთივე სიტუაცია იქნება, როგორიც შარშან იყო. რა თქმა უნდა, უკრაინის ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნიდან საქართველოში ბევრი დამსვენებელი ჩამოდის, მაგრამ თუნდაც უკრაინელი ტურისტების რიცხვი შემცირდეს, მათ რუსეთიდან და დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები ჩაანაცვლებენ. დსთ-ს სივრციდან წელს სერიოზული მოთხოვნაა და ეს ფაქტორი გიდების რაოდენობაზეც აისახება: კომპანიები უკვე ეძებენ გამოცდილ რუსულენოვან გიდებს. ასეთი მოთხოვნა წინა წლებში არ ყოფილა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო შიდა ტურიზმის მიმართ. ადგილობრივი, ქართველი დამსვენებლები ჩადიან ამ კურორტებზე, ხარჯავენ ფულს და მნიშვნელოვან სეგმენტს ქმნიან. სასიამოვნო სულაც არ არის ამის აღიარება, მაგრამ ჩვენ დაგვიგროვდა ფაქტები, რომ სასტუმროები ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე უცხოელებს. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს მოქალაქეები შიდა ტურიზმის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი რგოლია. ტურიზმისათვის სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორია დაბინძურებული გარემო, რომელიც ძალიან აწუხებს ყველას. როგორც წესი, დასასვენებელი კომპლექსები სუფთა და მოწესრიგებულია, მაგრამ უახლოესი გარემო, მაგალითად ტყე და მდინარეები დაბინძურებულია: ხეებს პოლიეთილენის პარკები ”ამშვენებს”, ზოგ დასახლებაში კი, ნარჩენებს პირდაპირ მდინარეში ყრიან. ეს ქართველი დამსვენებლებისთვისაც ძალიან შემაწუხებელია, ამიტომ, როცა საშუალება აქვთ, ისინი უცხოეთის კურორტებზე მიდიან. ამ პრობლემებს ყურადღება უნდა მიექცეს, თორემ შეიძლება ადგილობრივი ტურისტების დიდი ნაკადი დავკარგოთ. ალბათ თქვენც დამეთანხმებით: ძნელია დაისვენო იქ, სადაც ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემებიც კი მოუგვარებელია.