"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" დუბლ-შემადგენლობაა

"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" დუბლ-შემადგენლობაა

ორგზის მარცხის - ორი არჩევნების წაგების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ცდილობს, "ახალი სისხლის გადასხმითა" და ახალი სახეების წარმოჩენით, ხალხის ნდობა დაიბრუნოს და მესამე ცდაზე მაინც, გაიხანგრძლივოს დედაქალაქზე კონტროლის ვადა. ამისათვის კი ექსმერმა - გიგი უგულავამ, 34 წლის ნიკოლოზ მელია მთაწმინდის რაიონის გამგებლობიდან მერობის კანდიდატად "გადმოაწინაურა". აქტიური და გულანთებული "ნორჩი ნაციონალი", მიუხედავად პარტიის ამჟამინდელი დაბალრეიტინგულობისა, იმედოვნებს, რომ თბილისის მოსახლეობა მას არა - პარტიული, არამედ პიროვნული თვისებებით გამოარჩევს და მათ მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას მოიპოვებს.

ნიკა მელიას კარიერული ბიოგრაფია ასეთი გახლავთ: "სახელმწიფო ეროვნული უშიშროების აკადემიის დამთავრების შემდეგ, 8 თვის განმავლობაში, უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ვმუშაობდი. 2002 წელს ინგლისში წავედი და ოქსფორდში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 4 წელი ვისწავლე. თბილისში დაბრუნების მერე, უშიშროების საბჭოში მრჩეველი გახლდით; 2012 წლამდე იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი; ხათუნა კალმახელიძის უწყებაში მხოლოდ თვე და 7 დღე დავყავი, იქ ჩემს ადგილს ვერ დავიმკვიდრებდი, რაიმე რეფორმის გატარება შეუძლებელი იყო, ამიტომ კვლავ იუსტიციის სამინისტროში დავბრუნდი".

-  ორი წლის წინ, ვერც წარმოვიდგენდი, თუ თბილისის მერად ვიყრიდი კენჭს, სულ სხვა გეგმები მქონდა და მას შემდეგ, რაც მთაწმინდის რაიონის გამგებელი გავხდი, 2012 წლის ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ვითარება იყო...

-  უკაცრავად, შეგაწყვეტინებთ, მძიმე რა მხრივ იყო? რას გულისხმობთ? მთავრობა ხომ რევოლუციის გარეშე, მშვიდობიანად შეიცვალა და დაუსრულებელი კოაბიტაციის პროცესი მიდიოდა.

-  სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ძველი ხელისუფლება წავიდა, ახალი მოვიდა, მე ამ დროს კერძო სექტორში ვაპირებდი წასვლას - მეგობრებთან ერთად იურიდიული ფირმის დაფუძნებას ვაპირებდი. სწორედ 2012 წლის ნოემბერში გავიცანი გიგი უგულავა, მანამდე ხელის ჩამორთმევის დონეზეც არ ვიცნობდი არც ერთ პოლიტიკოსს. ამ სფეროდან შორს ვიყავი და ძალიან მაცდუნებელი წინადადება იყო იმ რაიონის გამგებლის ადგილის დაკავება, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე და დღემდე ვცხოვრობ. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი სამსახურისგან არ მიმიღია ისეთი სიამოვნება, როგორსაც იქ მუშაობით ვიღებ. ხალხთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებს. მიუხედავად ამისა, ბევრი ისეთი პრობლემა და საკითხი აღმოვაჩინე, რაზეც მანამდე თურმე წარმოდგენაც არ მქონდა. რამდენიმემ გამაკრიტიკა, როცა ვთქვი, რომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ. კი, ბატონო, თბილისის მერობა პოლიტიკური თანამდებობაა, მაგრამ ჩემი მოწოდება და სურვილია, რომ თბილისთან მიმართებაში პოლიტიკა გავიგოთ არა ურთიერთდაპირისპირების, ქიშპობის სახით, არამედ ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტების განხორციელების, ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით. ვისაც უნდა ეწყინოს, ჩემთვის თბილისი ათასგზის მეტს ნიშნავს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი და პარტია. დროა, თბილისი დაბოღმილი პოლიტიკოსებისგან გათავისუფლდეს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ სტერეოტიპს დავანგრევ. თბილისის მერი რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან არ უნდა ასოცირდებოდეს.

-  "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ისეთი პოპულარობით ვეღარ სარგებლობს, რეიტინგი საგრძნობლად დაეცა და ელექტორატის დიდი ნაწილი ამ პარტიისადმი ნეგატიურადაა განწყობილი. ამის ფონზე, რამდენად გაქვთ დიდი მხარდაჭერის იმედი?

-  სწორედ მაგას ვამბობ, რომ მაინც დიდი მხარდაჭერის იმედი მაქვს! დღეს არ არსებობს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც რეიტინგი არ დაკარგა. ვიცი, რომ ეს იმ პარტიის შემთხვევაშიც ასეა, რომელსაც მე წარმოვადგენ და შესაძლოა, მათი მხარდამჭერების ხმები საკმარისი არ იყოს, მაგრამ ზუსტად ეს მაძლიერებს და ეს არის ჩემთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმული. სიმართლე გითხრათ, სულაც არ გამიხარდებოდა, ერთი პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერების ხმების ხარჯზე რომ მქონდეს ქვეყნის დედაქალაქის მერობის შანსი. არსებობს განცდა, რომელიც მერიამ, სამწუხაროდ, წინა წლებში "აიკიდა", რომ ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის მერი ხარ და მერე - დანარჩენების, ამიტომ ეს უნდა დავანგრიოთ. ჩემთვის პოლიტიკური გაერთიანება არის უბრალოდ საშუალება, რომ დედაქალაქის მერი გავხდე.

-  ამ სტერეოტიპის დანგრევა არცთუ ისე ადვილი იქნება. გვინდა თუ - არა, ყველა კანდიდატი იმ პარტიასთან ასოცირდება, რომელსაც წარმოადგენს და თქვენი მერობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მაინც მოგიწევთ ამჟამად ოპოზიციაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართულებებისა და იდეოლოგიის გატარება, გარკვეული დოზით მაინც, ასე არ არის?

-  რას ჰქვია, მომიწევს? არასწორი შეკითხვაა და არასწორად ფიქრობთ.

-  არანაირად. ეს თქვენ გგონიათ ასე.

-  დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ისეთი თბილისელი, რომელიც იტყვის, რომ რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ყველაფერი ცუდი იყო. ჩემი ამოცანაა, რაც დადებითი იყო, ის გავაგრძელო და განვავითარო, ხოლო უარყოფითზე აუცილებლად ვთქვა უარი! ბევრი რამ მეც არ მომწონდა და ამას ყოველთვის ვაღიარებ. ვაკის მოსახლეობასთან შეხვედრისას, ერთმა ქალბატონმა მითხრა, "ნაციონალური მოძრაობიდან" რომ არ იყრიდე კენჭს, პირადად შენ ხმას მოგცემდიო, რაც ფუნდამენტალურად მცდარი პოზიციაა. მერე დიდხანს ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ის ქალბატონი სწორ არჩევანს გააკეთებს. არსებობს არჩევნები პოლიტიკურ პარტიებს შორის და არსებობს - პერსონიფიცირებული არჩევნები, სადაც კონკრეტულ ადამიანებს ვირჩევთ. ბრმად აღარ უნდა გავყვეთ ავტორიტეტებს და ვიღაცის ჯიბრით ვიღაცისთვის ხმის მიცემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩემთვის "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" დუბლ-შემადგენლობაა. მედროვეების დრო უნდა დასრულდეს. თუ მე დავინახავდი, რომ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისში რამე კარგი გაკეთდა და ცუდი უგულებელყოფილია, არც სურვილი გამიჩნდებოდა და არც სითამამე მეყოფოდა, რომ კენჭი მეყარა, მაგრამ ის, რაც ადრე მანკიერი იყო, ახლა ერთი ერთში გრძელდება.

-  კონკრეტული მაგალითები დავასახელოთ.

-  მაგალითად ის, რომ ძალოვანი სტრუქტურები არჩევნებში თხემით ტერფამდე იყვნენ ჩართულები და ახლაც იგივე გრძელდება. თუ ამას "კუდი" აკეთებდა, ახლა - "სუსი". ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედის შეცდომები უნდა გაითვალისწინოს. მეტაფორულად რომ ვთქვათ, მათ გაშლილი სუფრა რომ დახვდათ, რა კარგი ყოფილაო, თქვეს, ეს უკანონო მოსმენები, თვალთვალი გააგრძელეს, სუფრა კი არ აალაგეს. შსს-ს შესაბამისი სტრუქტურების პოლიტიკაში ჩართვა ნამდვილად არ მომწონდა, ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ქვეყნის განვითარების ერთი ეტაპი გახლდათ, თავისი ავ-კარგით. ის, რომ წინა ხელისუფლება არჩევნებში დამარცხდა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრებაა - ხელისუფლებაში ხარ, აგებ, მერე ისევ ბრუნდები და ა.შ. მაგრამ როცა ახალი ხელისუფლება მოდიხარ და კარგის ნაცვლად ცუდს ავითარებ, ეს ბევრად უარესია. თბილისი ახალი განვითარების ეტაპზე ვერ გადაჰყავთ. სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად, პოლიტიკურ შურისძიებასთან გვაქვს საქმე.

-  თქვენს ოპონენტებზე რას იტყვით?

-  ორი ოპონენტი მყავს. ერთი არის ნებისმიერი მერობის კანდიდატი, რომელსაც უნდა შევეჯიბრო იმაში, თუ რა იქნება ხვალ და მეორე - წინა "ნაციონალური მოძრაობა". კიდევ ვიმეორებ, არ მინდა ის შეცდომები გავიმეორო, ცხოვრება გრძელდება, ვითარდება და ხვალინდელი დღე გუშინდელზე უკეთესი უნდა იყოს.

-  რეალობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, სახელისუფლებო კანდიდატს ამ არჩევნებზეც მეტი შანსი ექნება?

-  ეს არის არჩევნები, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია. ჩემთვის სამივე კანდიდატი ერთ ლიგაშია და მხოლოდ დავით ნარმანიაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ. დიმიტრი ლორთქიფანიძესა და კახა კუკავასაც ერთნაირი შანსები აქვთ. კლასიკურად, ხელისუფლება იყო ორთქლმავალი და ნებისმიერ კანდიდატს "გაათრევდა" ხოლმე. დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. როდემდე შეიძლება იყოს ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი გარანტია მხოლოდ წინამორბედის შეცდომებზე ლაპარაკი? დათო ნარმანია, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, ძალიან წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ცუდს არ გააკეთებს, მაგრამ ჩემი აზრით, დედაქალაქის სამართავად ეს საკმარისი არ არის. ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობის დროსაც, დამოუკიდებლობის ხარისხი მას ნულის ტოლფასი ჰქონდა.

-  ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული?

-  არა. თუმცა ნარმანიამ მშვენივრად იცის, რომ არა ეს ერთი ადამიანი, ის არც ერთ შემთხვევაში არ დასახელდებოდა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად. ეს არც კოალიციის შიგნით მოსწონთ. დამოუკიდებლობის ხარისხში ვგულისხმობ იმას, რომ რომელიმე მოადგილე მინისტრზე უფრო ავტორიტეტული არ უნდა იყოს, ესაა პრობლემა. მოკლედ, თბილისმა და თბილისელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის აირჩევენ. "ქართულმა ოცნებამ" მხარდამჭერთა დიდი არმია დაკარგა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარცხი ნამდვილად სჭირდებათ, რომ გამოფხიზლდნენ. ორი წლის განმავლობაში ისედაც ხელისუფლებაში იქნებიან, მაგრამ არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, ვინც კმაყოფილია იმით, რაც დღეს ხდება. არჩევნებიდან არჩევნებამდე მკვეთრად გაუარესებული შედეგით უნდა დაინახონ, რომ საზოგადოება მათით უკმაყოფილოა და საქმის კეთებას მოუმატონ! თქვენ გგონიათ, ინტერვიუზე მარტო მოვედი?! მანქანა ან წინ მიმიძღვება ხოლმე, ან - უკან!

-  გამაღიმეთ. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ თვალთვალი და უკანონო მოსმენა არასასიამოვნო და დაუშვებელია, მაგრამ მგონი, თქვენ ეს არ უნდა გიკვირდეთ. ყბადაღებული თემა იყო, წინა ხელისუფლების დროს, როგორ დაჰყვებოდნენ ნებისმიერ ოპოზიციონერს ან უბრალოდ, "არანაციონალს".

-  მერე, მე რა შუაში ვარ? ხელისუფლების წევრი კი არ ვიყავი.

-  სამინისტროებში ხომ მუშაობდით და ხომ იცოდით, შიგნით და გარეთ რაც ხდებოდა?

-  პოლიტიკას არ განვსაზღვრავდი, ჩვეულებრივი თანამშრომელი ვიყავი. მაშინაც ხდებოდა, მაგრამ ახლა უარესია.

-  მერობის კანდიდატი ხართ და იმდენად გიფრთხილდებიან, რომ თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ და გიცავენ.

-  გულწრფელად ასე გგონიათ?

-  ვხუმრობ, მაგრამ გგონიათ, რამეს დაგიშავებენ?

-  მე მათი ქცევა კი არ მიკვირს, ასე არ უნდა ხდებოდეს-მეთქი, მაგას ვამბობ. თვალთვალი რომ ცუდია, იმიტომაც წააგო არჩევნები წინა ხელისუფლებამ. როცა სათავეში მოვიდნენ და ხალხს იჭერდნენ, ეს აპლოდისმენტების ფონზე ხდებოდა და ნახევარ საქართველოსთან ერთად, დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენი მშობლებიც ტაშს უკრავდით ამას!

-  თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, მე და ჩემი მშობლები როდის სად ვიდექით და რა ღირებულებები გაგვაჩნია, ამიტომ საკუთარ თავს მსგავსი ტექსტებით მომართვის უფლებას არ უნდა აძლევდეთ. თქვენ რატომ არ აპროტესტებდით ამ ყველაფერს, თუ აღმაშფოთებლად თვლიდით?

-  რა იცით, რომ პრეტენზიას არ გამოვთქვამდი?

-  ფაქტია, რომ მათთან ერთად მუშაობას აგრძელებდით და აგრძელებთ და რაღაც არ მახსოვხართ, საჯაროდ გამოსულიყავით, წინა ხელისუფლება გაგეკრიტიკებინათ და მსგავსი ქმედებები დაგეგმოთ.

-  2007 წლამდე საერთოდ, ქვეყანაში არ ვიყავი და სტუდენტი გახლდით.

-  მას მერე 7 წელი გავიდა.

- მე მკვეთრად გამოვხატავდი პროტესტს! მაგალითად, 2010 წელს არჩევნებზე საერთოდ არ წავედი, არც 2008 წელს მიმიცია ხმა.

-  მაშინ ალოგიკურია, არ მოგწონდეს და მაინცდამაინც იმ პარტიის სახელით იყრიდე კენჭს არჩევნებზე.

-  ვიმეორებ, მე რომ დამენახა, დღეს "ქართული ოცნება" იმავეს არ აკეთებს, რაც წინა წლებში არ მომწონდა, მერობაზე არც ვიფიქრებდი-მეთქი. საბედნიეროდ, ბევრი უკვე მიხვდა, რასაც წარმოადგენს ეს მთავრობა. ხელისუფლება არჩევნების წაგების საფრთხეს ხედავს და ამიტომაა, რომ შსს-ს შესაბამისი სამსახურები ახლაც იმავენაირად არიან ჩართულები ამ ამბავში.

-  ჯობია, თემა შევცვალოთ. ინგლისში სწავლის პერიოდზე გვიამბეთ.

-  სწავლის პარალელურად, ჩვეულებრივ, სტუდენტურ სამსახურებში ვმუშაობდი - რესტორანი, კაფე, ბარი, რაც ევროპულ ქვეყნებშია მიღებული. პირდაპირ ოფისში ვერ დაიწყებ იქ მუშაობას. სამწუხაროდ, ჩვენთან სტუდენტებს საშუალება არა აქვთ, რომ პარალელურ რეჟიმში დასაქმდნენ.

-  ოჯახზე რას გვეტყვით? როგორც ვიცი, მამათქვენი - ანზორ მელია ცნობილი ექიმია. თქვენ არ გაგჩენიათ ექიმობის სურვილი?

-  ექიმების ოჯახში დავიბადე, დედა, მამა, და, დეიდა, ბიძა, ბებია-ბაბუა - ყველა ექიმები არიან და ერთადერთი მე აღმოვჩნდი ისეთი, რომელიც ამ საქმეს არ გავყევი. მამაჩემს თავიდან დიდი სურვილი ჰქონდა, მეც ექიმი ვყოფილიყავი, აბიტურიენტობისას ამ მიმართულებით ვემზადებოდი კიდეც, მაგრამ ბოლო ეტაპზე გადავიფიქრეთ და ამაში დიდი წვლილი ისევ მამაჩემს მიუძღვის - იქნებ არ ღირდესო, მირჩია. ამაზე თან გული მწყდება, თან - არა. ჩემი და მამაჩემის გზას განაგრძობს და მასთან ერთად, სამედიცინო კლინიკაში მუშაობს.

-  რა ფასეულობები იყო თქვენს ოჯახში, რაზეც აღიზარდეთ?

-  ოჯახმა ბევრი რამ მომცა ურთიერთობების თვალსაზრისით, ჩვენთან უამრავი საინტერესო ადამიანი ტრიალებდა და მაშინ, როცა ბავშვს ცნობიერება უყალიბდება, ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რა წრეში იზრდება. ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა და თუ რაიმე კარგი თვისება მაქვს, სწორედ ოჯახისა და ჩემი მეგობრების დამსახურებაა. ფასეულობა - კაცთმოყვარეობაა, ნებისმიერი თანამდებობა, სიმდიდრე, მდგომარეობა წარმავალია და ყველაზე მდგრადი ღირებულება ურთიერთობებია.

-  კარიერის განმავლობაში, როდის იყო თქვენთვის ყველაზე რთული პერიოდი?

-  ალბათ მაშინ, როდესაც სტუდენტურ სამყაროს ვემშვიდობებოდი. ამ დროს არ იცი, როგორ უნდა აღმოჩნდე პროფესიულ სამყაროში. მერე უკვე, სარბენ ბილიკზე თუ ერთი ნაბიჯი გადადგი, სულ უნდა ირბინო, რომ არ წაიქცე. ყველაზე რთული და სასიამოვნო კი როგორც აღვნიშნე, მთაწმინდის რაიონის გამგებლობაა. რაც მეტი წინააღმდეგობა მხვდება, მით უფრო მომწონს.

-  პირად ცხოვრებაზეც გვესაუბრეთ. როგორია თქვენი გემოვნება მანდილოსნებთან მიმართებაში?

-  მანდილოსნებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. დასაოჯახებელი ვარ, მაგრამ არც უახლოეს პერიოდში ვაპირებ, ჰორიზონტზეც არავინ ჩანს... გარეგნობას, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შესაბამისი ამუნიცია უნდა ახლდეს, რომელიც ინტელექტუალურ შესაძლებლობებსაც გულისხმობს. მხოლოდ სილამაზე რაღაც პერიოდის შემდეგ, მოსაბეზრებელი და უინტერესო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ევროპაში ვცხოვრობდი, უნდა აღვნიშნო, რომ ქართველ გოგონებს ნამდვილად განსაკუთრებული ხიბლი და უპირატესობა აქვთ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა