სკანდალური კიბერდანაშაული საქართველოს ლატარიის კომპანიაში!

სკანდალური კიბერდანაშაული საქართველოს ლატარიის კომპანიაში!

შსს-ს განცხადებით, 2014 წლის 19 აპრილს "საქართველოს ლატარიის კომპანიაში" კიბერდანაშაულის ჩადენის და ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქმე ეხება 2014 წლის 18 აპრილს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" მორიგი გათამაშებისას მომხდარ ფაქტს.

ამონარიდი შსს-ს განცხადებიდან: "დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე მოქალაქე დავით იაშვილმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა შპს "საქართველოს ფოსტისა" და შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, დანაშაულის ჩადენა განიზრახა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“რიგით 444-ე გათამაშების პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები - 5, 9, 15, 19, 30, 32 - ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობით (შეუფერხებელი წვდომა ჰქონდა შესაბამის სერვერთან) და ხელოვნურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეცვალა კომპიუტერული მონაცემი, შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს მომგებიანი ყალბი ბილეთი, რომელშიც მითითებული იყო ზემოაღნიშნული ციფრები".

ბილეთის ქსელში დარეგისტრირებისთანავე პირველი საპრიზო კატეგორია - ჯეკპოტი 561 176 ლარის ოდენობით, გათამაშებულად გამოცხადდა, თუმცა, სამართალდამცველთა თქმით, იაშვილმა თანხის თაღლითურად დაუფლების განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა - იგი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დავით იაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს მოქალაქე სოფიო ყარალაშვილთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა. ლოტოს მომგებიანი ყალბი ბილეთი სოფიო ყარალაშვილმა 561 176 ლარის ოდენობით ჯეკპოტის თაღლითურად დაუფლებისთვის გამოიყენა. ორივეს ბრალი წარედგინა ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადების გამო.

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" წარმომადგენელი სულხან ლაცაბიძე:

- გათამაშება დაიწყო 18 აპრილს, 20 საათსა და 40 წუთზე "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში. ლოტოტრონიდან ბურთების ჩამოყრა“დაიწყო 20 საათსა და 41 წუთზე. მომგებიანი ექვსი ძირითადი და ერთი ბონუს რიცხვი გამოვლინდა 20 საათსა და 43 წუთზე. პროცედურის მიხედვით, 20 საათსა და 44 წუთზე დაიწყო გათამაშებაში გამარჯვებული ბილეთების იდენტიფიკაციისა და შესაბამისი საპრიზო თანხების განსაზღვრის პროცესი. ამისთვის ლოტოს ცენტრალურ ელექტრონულ სისტემაში შეგვყავს მომგებიანი რიცხვები. სწორედ ამ დროს, 20 საათსა და 44 წუთზე, უსაფრთხოების სისტემამ დააფიქსირა შეტყობინება მონაცემთა ბაზაში არასანქცირებული ცვლილების შესახებ, რამაც შეაფერხა გამარჯვებული ბილეთებისა და საპრიზო თანხების დადგენის პროცესი და პირდაპირი ეთერით ვერ მოესწრო გათამაშების შედეგების ცხრილის ჩვენება... 19 აპრილს ლატარიის კომპანიას ჰქონდა ინფორმაცია სისტემაში არასანქცირებული ცვლილების შესახებ, თუმცა, არ არსებობდა საფუძველი, ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ჯეკპოტის გათამაშება, სანამ შს სამინისტრო არ დაადასტურებდა, რომ ბილეთი გააყალბეს...

თემურ ზარქუა, პროფესორი, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი: "მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორს შეუძლია, ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს ბაზაში, თუმცა, ყველა კორპორაციული სისტემა აღრიცხავს ამ სისტემაში შესრულებულ ქმედებებს, ამიტომ შეუძლებელია, ეს ქმედებები შეუმჩნეველი დარჩეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრატორმა დროებით გათიშა ამ ოპერაციათა აღრიცხვის რეჟიმი - გათიშვის ფაქტს სისტემა მაინც დააფიქსირებს. ასე რომ, სისტემაზე არასანქცირებული ზემოქმედების აღმოჩენა ძნელი არ არის და ადმინისტრატორისთვის ბრალდების წაყენების შემთხვევაში ამ ბრალდების დამტკიცება არ შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს.

ამავდროულად, ახალი ბილეთის დამზადება და დარეგისტრირება სპეციფიკური ქმედებაა, რაც ვერ განხორციელდებოდა ამისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გარეშე (მით უფრო, ასე სწრაფად). ეს ართულებს გამყალბებლის მდგომარეობას და აიძულებს მას, საქმეში ჩართოს სათანადო ადგილას მომუშავე და ამ ფუნქციების შემსრულებელი პირი.

გათამაშების დასრულების შემდეგ ახალი ბილეთის დამზადება და მისი ბაზაში დარეგისტრირება - თუკი ეს ნამდვილად მოხდა - მეტყველებს სისტემის სისუსტეზე და ცხადია, საეჭვო შეიძლება გახდეს ამ სისტემის მეშვეობით ჩატარებული ყველა წინა გათამაშების შედეგი..."

აღსანიშნავია, რომ ეს ლატარიის დაარსების დღიდან მე-13 გათამაშებული ჯეკპოტია. 2010 წლიდან 2013 წლის აპრილამდე ამ ლატარიის მხოლოდ ექვსი ჯეკპოტი გათამაშდა, 2013 წლის აპრილიდან დღემდე კი - უკვე შვიდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რატომღაც ჯეკპოტების გათამაშების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ეს შეიძლება დამთხვევაც იყოს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, შვიდი გათამაშებული ჯეკპოტიდან ხუთი თუ ექვსი ჯეკპოტის გათამაშებისას დავით იაშვილი "საქართველოს ლატარიის კომპანიაში" არ მუშაობდა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ დავით იაშვილი "საქართველოს ლატარიის კომპანიაში" აქამდეც არსებული, ჯერჯერობით იდუმალებით მოცული მაქინაციების მსხვერპლია და ვიღაც მისთვის დანაშაულის გადაბრალებას ცდილობს.

სამართალდამცველებმა ირმა ჭკადუა გააფრთხილეს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მას ბევრი რამის თქმის უფლება არ აქვს, მაგრამ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ დავით იაშვილი, რომელიც ლატარიის დაარსების დღიდან ამ კომპანიაში მუშაობდა, ცხრა თვის განმავლობაში სამსახურიდან წასული იყო და ლატარიის საბედისწერო გათამაშებამდე ორი კვირით ადრე კომპანიაში ხელმძღვანელობის თხოვნით დაბრუნდა.

- უცნაურია, გამოძიებამ ადვოკატები გაგვაფრთხილა, რომ საქმის დეტალები არ გავამჟღავნოთ, ამ დროს კი სასამართლო სხდომა ღია იყო და ბრალდების მხარემ წარმოადგინა საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც უამრავმა ადამიანმა მოისმინა. თავის დროზე იაშვილს აღნიშნულ კომპანიაში ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდა. ორი ორგანიზაციის საქმეს აკეთებდა და მხოლოდ ერთის ანაზღაურებას უხდიდნენ. იმის გამო, რომ ბევრი საკრედიტო ბარათი ჰქონდა და იპოთეკით დატვირთული მამისეული სახლის გადასარჩენად ყოველთვიურად პროცენტებს იხდიდა, მოითხოვა, ხელფასი მოემატებინათ, რაზეც უარი მიიღო. რა გაეწყობა, სხვაგან გადავალ სამუშაოდო, უთქვამს, მაგრამ "საქართველოს ლატარიის კომპანიაში" დამუქრებიან, ყველგან ხელს შეგიშლითო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ