ქართველმა დედამ ორი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავიც მოიკლა

ქართველმა დედამ ორი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავიც მოიკლა

რედაქციაში ახალგაზრდა ქალმა დაგვირეკა და გვთხოვა: თუ ანონიმურობა გარანტირებული მექნება, ერთ სევდიან ამბავს მოგიყვებითო. ასე მოვხვდი იმ ოჯახში, რომელშიც წლების წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა: დედამ ორი შვილი მოკლა, შემდეგ კი, თავიც მოიკლა. ეს ამბავი არ გახმაურდა. ოჯახის უფროსმა მიცვალებულები საკუთარი ხელით გააპატიოსნა, ნაცნობი ექიმიც დაითანხმა და ხმა გაავრცელა, თითქოს ისინი სოკოთი მოიწამლნენ. სამი მიცვალებული ისე გაასვენეს, მათთვის სუდარა არავის გადაუხდიათ. წლების შემდეგ ქალბატონმა ნარგიზამ გაგვიმხილა ეს საიდუმლო.

- ამ სახლში, 1995 წლის 17 აგვისტოს, ყველანი გიჟებს ვგავდით. ვერ ვყვიროდით და ვერც ვღრიალებდით, რათა მეზობლები არ შემოცვენილიყვნენ და არ დაენახათ სისხლით მოსვრილი ოთახები და დაჩეხილი გვამები. მაშინ იმდენად შეგვეშინდა, რომ ჩვენ ხალხი მოგვიკვეთდა, შეგვიძულებდა, შეგვაჩვენებდა, რომ ეს ამბავი გავასაიდუმლოეთ. მთელი ღამის განმავლობაში ვწმენდდით იატაკს, კედლებს, მამის მეგობარი ქირურგი მოგვეხმარა და გვამები გავასუფთავეთ. დილით კი, კივილი ავტეხეთ, ვითომ ნანი და თავისი შვილები შხამიანი სოკოთი მოიწამლნენ და ძილში გაიპარნენ. არასოდეს არავის ამ ამბის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვია.

- ქალბატონო ნარგიზა, წლების შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ, ეს საიდუმლო ჩვენთვის გაგემჟღავნებინათ?

- როდესაც თქვენს ჟურნალში წავიკითხე იმ დედების შესახებ, რომლებმაც შვილები დახოცეს, მივხვდი, რომ თქვენი ნდობა შეიძლებოდა. წერილში იგრძნობოდა თანადგომა და თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ოჯახებშიც ასეთი საშინელებები დატრიალდა. თანაც იმ ქალზე, რომელზეც თქვენ წერდით. ბევრი რამ ვიცი. მისი ქმარი ახლა ჩვენი ოჯახის მეგობარია. საწყალი, ვერაფრით ივიწყებს ამ უბედურებას. თვითონაც მკურნალობს ერთ-ერთ ცნობილ ფსიქიატრთან. ის მკვდარია, როგორც კაცი, როგორც ადამიანი. საუკეთესო ექიმი და პერსპექტიული ახალგაზრდა კაცი, ახლა ხელჩაქნეული, უიმედო, საბრალო ადამიანად იქცა, რომელსაც თავის მოკვლის ეშინია, თორემ სიცოცხლე დიდი ხანია, აღარ უნდა. ჩვენს ოჯახებს მსგავსი ტრაგედია აერთიანებს. ჩვენ უბედურებას გავუმკლავდით, შევებრძოლეთ. გადავწყვიტე, ჩვენს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამომზეურებით იმ საწყალი ბიჭისთვის ნუგეში მეცა: მინდა გაიგოს, რომ მხოლოდ მის ცოლს არ მოუკლავს შვილები, რომ ასეთი დედები, სამწუხაროდ, სხვებიც არსებობდნენ...

- თქვენ მითხარით, ამ ტრაგედიის გახმაურების შეგვეშინდაო. რატომ?

- თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი გვარის ქალს აღარავინ შეირთავდა ცოლად, თუნდაც იმიტომ, რომ თუ ხალხი ალაპარაკდებოდა, ჩვენთვის ტრაგედია ათასჯერ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებდა და მის დამარცხებას ვეღარ შევძლებდით. წარმოიდგინეთ, რომ შევიდოდი ჩემს სტუდენტებთან ლექციის წასაკითხად და მათ თვალებში შიშს, ძრწოლას, სიძულვილს დავინახავდი... თუმცა, წლების განმავლობაში, იმდენი სათქმელი დამიგროვდა და ისე მომინდა გული ვიღაცისთვის გადამეშალა, რომ თქვენს რედაქციაში დარეკვის საშუალებამ შვება მომგვარა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ იმ ამბის შემდეგ, ჩვენ სრულფასოვანი ადამიანები აღარ ვართ, ვცდილობთ, რომ სიმართლეს თვალი არ გავუსწოროთ...

- იმ დღეს დატრიალებული ტრაგედია თქვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა? ნანის, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებდა?

- ნანი იყო საოცარი გოგო, ფილოლოგი. წერდა არაჩვეულებრივ ლექსებს, უყვარდა თავისი ოჯახი. ყოველთვის ვანებივრებდით, ყველა სურვილს ვუსრულებდით, მიუხედავად იმისა, რომ ის უფროსი შვილი იყო. როცა გათხოვდა, მამაჩემს სიძე არ მოეწონა, მაგრამ ნანის არ აგრძნობინა. თაფლობის თვე ბულგარეთში გაატარეს. რომ ჩამოვიდა, უკვე ორსულად იყო. ბაჩანა დაარქვა შვილს. მეორე ვაჟი ხუთი წლის შემდეგ შეეძინა. მას კოკა დავარქვით, ისე გვიყვარდნენ ბავშვები, რომ ნანი და მუნუჩარი იძულებული იყვნენ, ჩვენთან ეცხოვრათ. ხშირად გამიგონია ჩვენი ოჯახის ახლობლებისგან: ნანი და მანუჩარი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულებიო. მათი ბედნიერებით ყველა ხარობდა. მაგრამ ერთ დღეს ნანიმ განაცხადა: მანუჩარს უნდა გავშორდე, განქორწინება ჩემს სულს ტანჯვისაგან იხსნისო. ეს ჩვენთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ხუმრობად ჩავთვალეთ. ორი თვის შემდეგ კი, ტრაგედია დატრიალდა.

- ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა გამწვავდა?

- არა. მათ ძველებურად უყვარდათ ერთმანეთი. უბრალოდ, მანუჩარი ამბობდა, რომ მისი ცოლი ფიქრებში გამოგონილ კაცთან ღალატობდა.

- ეს რას ნიშნავს?

- ნანი რომანს წერდა. მისი რომანის გმირი იყო ვიღაც თემო, რომელზეც ბევრს გვიამბობდა, მისით აღტაცებული იყო. ბოლოს, აღარ უნდოდა დაეჯერებინა, რომ თემო თვითონ შექმნა, გამოიგონა. ვერც ერთი ვერ მივხვდით, რომ მას ფსიქიკა შეერყა. მერე ნანის მაღალი სიცხეები ჰქონდა. ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა ვერ დავუგდეთ. გვეგონა, რომ გაცივდა. იმ დღეს სახლში მარტო დარჩა. ყველანი ვმუშაობდით. მანუჩარმა გამომიარა სამსახურში - უნდა გელაპარაკოო. დიდხანს ვისაუბრეთ. მერე მამას გავუარეთ და ყველანი ერთად შინ დავბრუნდით. კარი ჩემმა სიძემ გააღო. უცებ ისე დაიგმინა, რომ მთელი ათი წუთის განმავლობაში მე და მამამ ღია კარში შესვლა ვეღარ გავბედეთ.

- რით დახოცა ნანიმ შვილები?

- უფროსი ვაჟი 10 წლის იყო. ნანის ჯერ უმცროსი მოუკლავს დანით. უფროსს ეს რომ დაუნახავს, გაქცეულა, მაგრამ ნანის დაუჭერია დერეფანში. ბავშვმა ალბათ, წინააღმდეგობა გაუწია. სულ დალილავებულები და დაკაწრულები იყვნენ ორივენი: ბავშვი თავს როგორ გადაირჩენდა? - ნანის პირდაპირ ფილტვებში ჩაურტყამს მისთვის პურის საჭრელი დიდი დანა. მერე ალბათ, გონზე მოვიდა და მიხვდა, რა ჩაიდინა, რადგან თვითონ მუცელში იმდენჯერ ჩაურტყამს დანა, რომ სულ დაგლეჯილი ჰქონდა მუცლის ღრუ... აი, ასეთ საშინელებას გავუძელით... დაკრძალვის შემდგე, ჩვენს სახლში ნამდვილმა სიგიჟემ დაისადგურა. ღამე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვებოდა ხოლმე. ყველანი ჩვენ-ჩვენს ლოგინებში თვალებდაჭყეტილები ვიწექით. ძილი ვის მიეკარებოდა?! ხან ერთი ავბღავლდებოდით, ხან - მეორე... ორმოცის წინა დღეს, მამამ ყველანი ერთად შეგვკრიბა: მანუჩარი, მე, ჩემი ძმა, დედა და ის ექიმი, რომელიც დაგვეხმარა. შემომხედეთო, - თქვა და კიდევ უფრო საშინელი ამბავი მოგვითხრო. მისი მამიდა ვიღაც კაცისგან დაორსულებულა. ორსულობა ვერავის გაუგია. ბავშვი რომ გაუჩენია, თივაში ჩაუწვენია და დაუტოვებია იმ განზრახვით, რომ მომკვდარიყო. ტირილის ხმაზე, მეზობლებს უთქვამთ - ალბათ კატები კნავიან. მეორე დღეს კი ღორებისგან დაჯიჯგნილი ჩვილი უპოვიათ.

- ე.ი. თქვენს ოჯახში ტრაგედია განმეორდა?

- დიახ. სამწუხაროდ, ამ უბედურებამ კიდევ შეიძლება იჩინოს თავი. ეს ისე ჩამიჯდა გონებაში, რომ არ გავთხოვდი და შვილები არ გავაჩინე... შარშან ჩემი ძმა ინფარქტით გარდაიცვალა - შვილი არც მას დაუტოვებია. ჩვენი წინაპარი ალბათ ღმერთმა ამ უბედურებით დასაჯა. ჩვენს ოჯახში ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი, კეთილშობილი ვინც იყო, უბედურება ღმერთმა სწორედ მას დაატეხა. მე მქონდა იმის გარანტია, რომ იგივე არ შემემთხვეოდა - ან მე ან ჩემს შვილს?!

- ნანის დაწერილი ლექსები თუ გაქვთ?

- დიახ. ყველაფერი შენახული მაქვს. მისი უკანასკნელი ლექსი საფლავის ქვაზეც წავაწერეთ:

მე მივიცვლები და დავხურავ სულის კარიბჭეს,

გამითავისეთ, გეხვეწებით, გამითავისეთ...

მე მოგიკვდებით და სიზმრებშიც გაგემიჯნებით,

თუ არ გამიგებთ...

- მანუჩარს ცოლი არ მოუყვანია?

- დიახ. ჩემი თანამშრომელი შეირთო ცოლად. ჯერ შვილი არ ჰყავთ. ახლა ჟენევაში არიან - იქ მუშაობენ. თქვენთან საუბარი სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველას, ვისაც მსგავსი უბედურება აქვს გადატანილი, ვუთხრა: ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ და იმ ადამიანებისთვის ვილოცოთ, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარდნენ და ასე დაგვაკლდნენ.

ქალბატონ ნარგიზას, რა თქმა უნდა, უფრო მეტხანს ვესაუბრე, მაგრამ ყოველი წვრილმანის დაწერა, თუნდაც იმიტომ არ ჩავთვლე საჭიროდ, რომ თქვენთვის გული არ მეტკინა და ნანის ლექსები თქვენს გონებაში არ ჩამებეჭდა. მით უმეტეს, რომ გამოჩნდა მეორე ოჯახიც, ისეთივე ტკივილს რომ დაატარებს და საზოგადოებისთვის გაზიარება რომ სურს...

ისინი გორიდან ჩამოვიდნენ, რათა შემხვედროდნენ და ჩემთვის თავიანთი უბედურება გაეზიარებინათ. კახა, ამ ამბავს რომ მიყვებოდა, ტიროდა. ჩვენი შეხვედრა ერთ დაცარიელებულ კაფეში შედგა. ვინც კი შემოვიდა, ყველა შეძრწუნდა კახას გამომეტყველებით. აი, რა მიამბო მან:

- მე და მთვარისა რომ დავქორწინდით, დედაჩემმა შინ არ შეგვიშვა: უდედმამო, ობოლი გოგო რძლად არ უნდოდა. მთვარისას მშობლები მაშინ დაეღუპა, როცა ის ხუთი წლის იყო. ბებიამ და მამიდამ გაზარდეს ისიც და მისი დებიც. მამიდამისი რომ გათხოვდა და ბავშვი შეეძინა, ისე შეიცვალა, ვეღარც ვცნობდით. ექიმი ამბობდა - მშობიარობის შემდეგ ზოგიერთ ქალს ფსიქიკა ერყევა; არაფერია, გაუვლისო. მისი ქმარი შეძრწუნებული იყო. დაასია ექიმები. ერთ დილას კი, ტრაგედია დატრიალდა. საბრალო ქალი მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა. ყველანი ცუდ დღეში ჩავცვივდით. მთვარისა სულ ტიროდა. მის თვალზე ცრემლი არ შრებოდა. ახალი დაქორწინებულები ვიყავით. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ვმუშაობდი, მაგრამ პურის ფულს ძლივს ვშოულობდი, მეგობარმა როსტოვიდან წერილი გამომიგზავნა: ჩამოდი, შენი ცოლიც ჩამოიყვანე - აქ უფრო კარგად იცხოვრებთო. წავედით. მთვარისას ბებიისა და მამიდის საფლავის დატოვება გაუჭირდა, მაგრამ მაინც ჩემ გვერდით ყოფნა არჩია. როსტოვში იმაზე უკეთესად მოვეწყვეთ, ვიდრე გვეგონა, მე მუშაობა დავიწყე, მთვარისამ ბავშვი გააჩინა, გოგო შეგვეძინა, მამიდის სახელი დაარქვა: მადონა, ერთი სიტყვით, ბედნიერები ვიყავით.

- მთვარისას მშობიარობამ იოლად ჩაიარა?

- დიახ. მართალია, მეშინოდა, მამიდამისის მსგავსად, მასაც არ შერყეოდა ფსიქიკა, მაგრამ ასე არ მოხდა. მერე წლები გავიდა, დილიდან საღამომდე, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ბინის ფული რომ მომეგროვებინა. ჩემი გოგონაც გაიზარდა. ექვსი წლის გახდა. გადავწყვიტეთ, საქართველოში დავბრუნებულიყავით და მადონა ქართულ სკოლაში მიგვეყვანა. ბარგი შევკარით. ბილეთებიც ვიყიდეთ. მაგრამ ბედმა გვიმუხთლა. მოგეხსენებათ, როსტოვი ქურდების ქალაქია. ერთხელ, ცდუნებას ვერ გავუძელი - ზარი გავაგორე. წავაგე. საქმეში ქურდები ჩაერივნენ. მერე ჩხუბი ატყდა და გადავდექი ჭკუიდან. ზუსტად იმ დღეს როცა მოვდიოდით, ის ბიჭი შემომაკვდა, ვისთანაც ოცდაათი ათასი მანეთი წავაგე. დამიჭირეს. მთვარისას ეს ამბავი მილიციამ შეატყობინა. ჩემმა მეგობრებმა მაშინვე დედაჩემს გააგებინეს. დედის გული ხომ იცით, წყენა დაივიწყა და როსტოვში ჩამოვიდა. სადგურში რძალი რომ არ დახვდა, გაუკვირდა. მისამართი იცოდა, მოძებნა ის სახლი, სადაც რძალი და შვილიშვილი ეგულებოდა. კარი არავინ გაუღო. იფიქრა, გზაში ავცდით ერთმანეთსო და კიბეზე ჩამოჯდა. ისე გათენდა, არავინ მოვიდა. მერე მეზობლებს სთხოვა დახმარება. იქვე ქართველი ბიჭები ცხოვრობდნენ. მათ უთქვამთ: მთვარისა სახლიდან გამოსული ამ შვიდი წლის განმალვობაში არ გვინახავს, ახლა სად წავიდიოდაო?! დაეჭვდნენ და კარი შეამტვრიეს. საშინელება დახვდათ.

- ორივენი დახოცილები იყვნენ?

- დიახ. მთვარისას ორი კოლოფი წნევის წამალი დაულევინებია ბავშვისთვის, ოთხი კი, თვითონ დაულევია. ჯერ ბავშვი მომკვდარა, ოთხი საათის შემდეგ, თვითონაც დაღუპულა. ასე დაადგინა ექსპერტიზამ. ხომ ჯობია, მკვდარი რომ ვიყო?!. ისე გადმოასვენეს და დაკრძალეს, არაფერი გამიგია. სასამართლოზე ცოლ-შვილი რომ არ მოვიდა, მაშინ მითხრეს ეს საშინელი ამბავი... სულ ვეკითხები ჩემს თავს - მოხდებოდა თუ არა ეს ტრაგედია, მე რომ ციხეში არ მოვხვედრილიყავი? ვერ ვხდები, რატომ მოიქცა მთვარისა ასე. მის საქციელს ვერ ვამართლებ. ათი წელი ციხეში თეთრად გავათიე, ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა. თავის მოკვლაზეც მიფიქრია. ერთხელ, დანის ბასრი წვერით ვენებიც გადავისერე. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ვეღარასოდეს გავიგებ, რატომ გამწირა ასე მთვარისამ; ვერც ბედნიერებას დავიბრუნებ.

- რატომ გადაწვიტეთ, ეს ამბავი ჩვენთვის მოგეთხროთ? როგორც ვიცი, მთვარისას უფროსი დები ჰყავს. მათ ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ, ისინი არ გთხოვენ ამ ტრაგედიის გასაიდუმლოებას?

- მათი ხათრით ვიყავი ამდენ ხანს ჩუმად. მაგრამ, ღმერთო ჩემო, ვიღაცას ხომ უნდა ვუთხრა, რა მოხდა სინამდვილეში?! რატომ უნდა ეგონოს ყველას, რომ ჩემი ცოლ-შვილი გაზით გაიგუდა? - გორში დედაჩემმა და მთვარისას დებმა ასეთი ხმა გაავრცელეს. ვის სჭირდება ეს ტყუილი?!

მე ვნახე მთვარისასა და მადონას სურათები, ნანის ფოტოებიც დავათვალიერე: მათი გამოქვეყნება თავადაც არ ვისურვე. მართლაც - ვის სჭირდება მათი სახეების დამახსოვრება?! სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევებია, რომელიც სჯობს დაივიწყო, - ისე, თითქოს ეს ყველაფერი არც კი მომხდარა...

ლელა ჭანკოტაძე

ჟურნალი "გზა"

#16 18.04.2002

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია