პურის სტანდარტი საქართველოში - გაუგონარი ქაოსი ბაზარზე

პურის სტანდარტი საქართველოში - გაუგონარი ქაოსი ბაზარზე

ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილ პურთან დაკავშირებით კრიტიკა უკვე წლებია ისმის - ზოგი წონას უჩივის, ზოგი კი იმას, რომ პური მალე ფუჭდება, ზოგი უცნაური გემოსია, ხშირად პური ფუნთუშას უფრო ჰგავს, ვიდრე პურს, ამასთან, მალე შრება და თანაც ნამცეცებად იფხვნება. სტანდარტიზაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ პურის ცხობისას ყველა საწარმომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ გასაყიდად გამოტანილი პურის დაახლოებით 30-40% უხარისხოა და არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება.

ბაზარზე მრავალი სახეობის პური იყიდება. მიუხედავად სიმრავლისა, მისი ამორჩევა დღემდე პრობლემაა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში, განსაკუთრებით ზაფხულში, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბაზარზე ჯანმრთელობისთვის მავნე პურია.

გარდა დაავადებისა, პრობლემაა პურის წონა. მომხმარებლები ამბობენ, რომ ხშირად პური ვიზუალურად დიდია, თუმცა რეალურად მისი წონა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გარდა ამისა, პური ნამცეცებად იფხვნება და ხშირად მეორე დღისით საკვებად მისი მიღება შეუძლებელია.

მოსახლეობის პრეტენზიებს იზიარებს ექსპერტი სასურსათო საკითხებში ეთერ სარჯველაძე. მისი თქმით, ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი პურის დიდი ნაწილი შესაბამის სტანდარტს არ შეესაბამება.

"პურის ხარისხზე როცა ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ცხობის პროცესი. ადრე არსებობდა პურის ცხობის ტექნიკური რეგლამენტი. ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დღეს კი ეს სტანდარტი უკვე აღარ არსებობს.

ბაზარზე რომ უხარისხო პური იყიდება, ეს გამომდინარეობს არა მარტო ცხობის პროცესიდან, არამედ ნედლეულისგან, საფუარისგან თუ როგორ ხდება მისი გაციება და ა.შ. ვფიქრობ, აუცილებელია დაიწყოს შემოწმება, თუ როგორ პირობებში აცხობენ ამა თუ იმ საწარმოში პურს", - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილ უხარისხო პროდუქციის რაოდენობას, სარჯველაძე ამბობს, რომ კონკრეტული ციფრის დასახელება ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით პურის 30-40% სტანდარტს არ შეესაბამება.

საქართველოში პურის სტანდარტი არსებობს, თუმცა მისი ცხობა კონკრეტული მეწარმის კომერციული "საიდუმლოა" და მასში სახელმწიფო ვერ ჩაერევა.

საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ჭიჭინაძე ამბობს, რომ პურის სტანდარტს "პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" არეგულირებს. შესაბამისად, არსებობს სახელმწიფო სტანდარტი - "პური ხორბლის ფქვილისა", რომლითაც მეწარმემ უნდა იხელმძღვანელოს და საწარმოოს მიერ დაწესებული სტანდარტიც აუცილებლად მასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.

"საქართველოში სტანდარტიზაცია არის ნებაყოფლობითი, ანუ მეწარმეს შეუძლია აირჩიოს რომელიმე მათგანი და ისე აწარმოოს პური. მან შეიძლება გამოიყენოს რეგიონული სტანდარტი, შეიძლება გამოიყენოს ევროპული ან შიდა სტანდარტი შექმნას, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულ სტანდარტს. რამდენად ირღვევა მოთხოვნები, ტექნიკური პირობები, ეს უკვე ჩვენი პრეროგატივა არ არის. იმ სტანდარტით გამომცხვარი პური, რაც სახელმწიფოს აქვს დაწესებული, ნამდვილად კარგი უნდა იყოს.

კანონში პირდაპირ წერია დეკლარირებული სტანდარტი, შესაბამისად, მეწარმემ დოკუმენტაციაში უნდა მიუთითოს, რომ პურს ამ სტანდარტით აცხობს, შემმოწმებელმაც ამ სტანდარტით უნდა შეამოწმოს პროდუქცია. თუ მეწარმე მას არღვევს, ძალიან ცუდია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება ცხობის სტანდარტს, ის არის მეწარმის ინტელექტუალური საკუთრება და ამას სახელმწიფო ვერ დააწესებს.

"იმისათვის, რომ პური ხარისხიანი იყოს, საწარმოში სრულყოფილი ტექნოლოგიური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს", - აცხადებს მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე. მისი თქმით, პურის ცომი სათანადოდ უნდა მოიზილოს, დაცული უნდა იყოს სათანადო ტემპერატურული რეჟიმი, მიკრობიოლოგიური პროცესი და სხვა მრავალი...

"საერთო ჯამში, როგორი პური გამოვა ბაზარზე სარეალიზაციოდ, მეწარმის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. დღეს ბაზარს მართავს გამყიდველი. რომელი დისტრიბუტორიც იაფ პურს მიუტანს, იმას მიიღებს, რათა მეტი მოგება დარჩეს და შესაბამისად, მომხმარებელიც იაფ, ნაკლებად ხარისხიან პურს ყიდულობს. ამიტომაც ხშირად ისმის კრიტიკა პურის ვარგისიანობასთან დაკავშირებით", - დასძინა დოლიძემ.

დაბოლოს, პურის ხარისხთან დაკავშირებით ბოლო წლებში სპეციალური კვლევა არ განხორციელებულა. ერთ-ერთი უკანასკნელი რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია  "21-ე საუკუნემ" ჩაატარა. მაშინ პურის ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და უსაფრთხოების პარამეტრების დადგენის მიზნით, ორგანიზაციამ რამდენიმე სახეობის პური შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ შემოწმებული პურის დიდი ნაწილი არ პასუხობდა ამ სპეციალურ მოთხოვნებს, რაც პურთან მიმართებაში არსებობს.

როგორც "კავშირი 21-ე საუკუნეში" აცხადებენ, მას შემდეგ სიტუაცია გაუარესდა: "ჩვენ კვლევა რამდენიმე წლის წინ ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ქართული პურის დიდი ნაწილი შესაბამის მოთხოვნებს არ პასუხობდა. მართალია, მას შემდეგ კვლევა აღარ ჩაგვიტარებია, მაგრამ, ცხადია, რომ ბაზარზე რეალიზებულ პურთან მიმართებაში ბევრი რამ შეიცვალა და ძირითადად უარესობისკენ".

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია