1 მაისს ნინო ბურჯანაძემ ანტიდისკრიმინაციული კანონი ინცესტის დაკანონების წინაპირობად მიიჩნია. ბურჯანაძე კანონთან დაკავშირებულ თემაზე ამბობს:
"ერთ კითხვას დავსვამ: ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევანი დგას რუსეთსა და ევროპას შორის, როცა არჩევანი კეთდება ჰომოსექსუალიზმის ღია პროპაგანდასა და არდაჩაგვრას შორის, ვის საქმეს აკეთებენ? ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი ისმება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვერასოდეს ვერ მივიღებ ჰომოსექსუალიზმის, ინცესტის დაკანონებას, ჩვენს ქვეყანაში ეს არის მიუღებელი, და თუ არჩევანი დგას ასე: ინცესტის მიღება, თუ დარჩენა იქ სადაც ვართ, მე არ ვარ რუსეთში, მე ვარ საქართველოში, მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში. ვივლი ტრადიციების გზით პროგრესისაკენ, მაგრამ იმ პროგრესისაკენ, რომელიც არის ნორმალურ, ჯანსაღ, ადამიანურ ფსიქიკასთან შესაბამისობაში. არავის არ დავჩაგრავთ, ოღონდ თავის ცხოვრების წესს ნურავინ თავს ნუ მიგვახვევს",- აღნიშნა ბურჯანაძემ.
პოლიტიკოსის ამ განცხადებიდან, ბუნებრივია ყველაზე დიდი ყურადღება ინცესტის საკითხმა მიიპყრო. ინტერნეტში მათ, ვინც ბურჯანაძისგან, როგორც პოლიტიკური ფიგურისგან, აღნიშნული განცხადება ძალიან არასერიოზულად მიიჩნია, სხვადასხვა სახის შარჟებიც მიუძღვნეს.
ბურჯანაძის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებისას ინტერნეტმომხმარებლებზე არანაკლებ კატეგორიული იყო "რესპუბლიკური პარტიის ლიდერი" დავით ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ სოლიდურ პოლიტიკოსს მსგავსი განცხადებების გაკეთება არ შეშვენის და რომ "ბურჯანაძის მხრიდან ინცესტზე განცხადების გაკეთება არის უბინძურესი სპეკულაციაა".
ამინარიდი "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან:
- თუ ქალბატონი ბურჯანაძე იმას გულისხმობს, რომ ინცესტი არაა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ეს მართლაც ასეა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ინცესტი კანონით არ არის აკრძალული და ამაზე სისხლის სამართლის მუხლი არაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინცესტი კარგია. ბურჯანაძის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება არის უბინძურესი სპეკულაცია.
- ბურჯანაძე წერს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინცესტი დაკანონებულიაო..
- ეს სისულელეა. რას ნიშნავს დაკანონებულია?! რა, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ ხალხო, მიდით დედათქვენთან და მამათქვენთან, ასევე და-ძმებთან და რაღაცეები აკეთეთო თუ რას ნიშნავს - დაკანონებულია?! თუ ბურჯანაძე იმას ეძახის დაკანონებას, რომ კანონით აკრძალული არაა, ეს საქართველოშიც ასეა. ჩვენთან სპეციალური მუხლი, რომ ინცესტზე ციხე იყოს, არ არსებობს. რა, ამის გამო უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ინცესტი დაკანონებულია?! ზოგიერთ ქვეყანაში არის სპეციალური მუხლი, სადაც ამის გამო აპატიმრებენ ადამიანებს, ზოგან არა, თორემ მორალური თვალსაზრისით ყველგან ცუდ ტონად ითვლება. ინცესტი ეს არის პათოლოგია.