ნიკა გვარამია - "იმედის" ჟურნალისტების მიყურადება ლეგიტიმური იყო

ნიკა გვარამია - "იმედის" ჟურნალისტების მიყურადება ლეგიტიმური იყო

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, წლების წინ, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ფარული მიყურადება ლეგიტიმური იყო.

გვარამიამ, როგორც მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ აღნიშნულ საკითხზე დასმულ შეკითხვას გადაცემა "პოლიტიკის დროში" უპასუხა და აღნიშნა, რომ "იმედის" ჟურნალისტების მიყურადების მიზეზი მისი მფლობელი – ბადრი პატარკაციშვილი იყო, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა.

"ნამდვილად არ მახსოვს ცალკეული დეტალები, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა იმ საქმესთან და ყველა იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც მე მომიწია შეხება, აბსოლუტურად ყოველთვის იყო გადამოწმებული მისი მოპოვების კანონიერება და ისინი იყო მოპოვებული კანონიერი გზებით. ის, რისთვისაც მე ბოდიში მოვიხადე, არ ეხებოდა უკანონო ჩანაწერებს – შემახსენეს 26 ათასი ფაილი, ამისთვის ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ რომ არც ერთ უკანონო ჩანაწერში არანაირი თანამონაწილეობა არ მიმიღია. მე ბოდიში მოვიხადე იმისთვის, რომ ხელი შევუწყეთ ამ ყველაფრის ტირაჟირებას ფართო მასებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იყო. როგორ ლეგიტიმურადაც არ უნდა ყოფილიყო მოპოვებული მტკიცებულებები, ამ მასშტაბით ყველაფრის ტირაჟირება იყო არასწორი. რაც შეეხება უშუალოდ "იმედის" ჟურნალისტების მოსმენას, მათი მიყურადება იყო ლეგიტიმური, რადგან არხის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო ბრალდებული და მისი ერთ-ერთი დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა ტელეკომპანია "იმედი". მაშინ საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელშიც პატარკაციშვილი იყო დადანაშაულებული და არსებობდა ინფორმაცია, რომ ის "იმედს" იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ "იმედის" ჟურნალისტები აწყობდნენ გადატრიალებას.

"იმედის" ჟურნალისტები გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებული არასდროს არ ყოფილან", - აღნიშნა გვარამიამ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.

ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია