"ნაციონალები" "მაიდნის" მოწყობას 17 მაისისთვის აპირებენ?

"ნაციონალები" "მაიდნის" მოწყობას 17 მაისისთვის აპირებენ?

უკრაინული მაიდნის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ქართული მაიდანი ელის. მაშინ ეს სერიოზულად არავინ აღიქვა შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო ალექსანდრე ჭიკაიძე თანაგუნდელებმაც კი ლამის ჯვარზე გააკრეს. ისიც გაჩუმდა, არადა ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე ჩანს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელმა, ირაკლი ვაჭარაძემ განაცხადა, რომ 17 მაისს ლგბტ პირები აქციას აღარ გეგმავენ და ამ დღეს მხოლოდ იმ ფილმის პრემიერით აღნიშნავენ, რომელიც ქართულ კინოთეატრებში გავა და რომელიც ქართველ გეებზეა გადაღებული. თავის მხრივ, სამღვდელოებამ რუსთაველზე 30 ათასკაციანი აქცია დააანონსა და დილიდან საღამომდე ლოცვას აპირებს, თუმცა...

"ვაჭარაძემ ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმებით განაცხადა უარი აქციის გამართვაზე, რადგან რეალურად აქციის გამართვას სწორედ ნაციონალები აპირებენ. "იდენტობისკენ" ხელს ვეღარავინ გაიშვერს, რადგან ამ ორგანიზაციას ოფიციალურად აქვს უარი ნათქვამი აქციაში მონაწილეობაზე. რეგიონებში მობილიზაციაა გამოცხადებული და რეალურად, ნაცები არჩევნებისთვის კი არა, სწორედ 17 მაისისთვის ემზადებიან"...

ეს განცხადება ჩვენთან ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი რაიონული ორგანიზაციის აქტივისტმა გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ თითო რაიონიდან 250-დან 500 კაცამდე ადამიანის ჩაყვანა იგეგმება. მისივე თქმით, ეს ადამიანები საპატრიარქოს მიერ დაანონსებული აქციის წევრებს პროვოკაციაზე მარტივად წამოაგებენ, ვიღაც მერე დროშის ტარს მოიქნევს და პირველი ნიშანი იმისა, რომ თბილისური მაიდანი იწყება, საბურავების დაწვა იქნება – რეგიონებიდან თითოეულ ორგანიზაციას თბილისში 20 საბურავის ჩატანა ევალება. შესაძლოა, ვინმეს ეს საფრთხე გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩვენ დავწერეთ პირველად, 17 მაისისთვის გეებზე გადაღებული ფილმის პრემიერა რომ იგეგმებოდა და მაშინაც გვითხრეს, რომ ეს სიმართლეს არ ჰგავდა, თუმცა აფიშები უკვე გამოკრულია და ფილმიც დაანონსებული.

გარდა იმისა, რომ 17 მაისს არეულობაა დაგეგმილი, არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი _ ამ დღეს საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ჩამოდის. როგორ გგონიათ, საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისურ აქციას და ცემა-ტყეპას (რაც დღევანდელი მდგომარეობით გარდაუვალია) რომ ნახავს, როგორი რეაქცია ექნება? 30-ათასიან აქციას ნაციონალები სათავისოდ რომ გამოიყენებენ და მაქსიმალურად შეეცდებიან, შარშანდელზე უარესი ამბავი მოაწყონ, უკვე ცნობილია და რეგიონებშიც ნაცმოძრაობის აქტივისტები სწორედ ნახმარი საბურავების შეგროვებით არიან დაკავებულნი. ჯერჯერობით, არავინ საუბრობს "მოლოტოვის კოქტეილებზე", მაგრამ უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე, საბურავებიდან "მოლოტოვამდე" ერთი ნაბიჯია.

ზუსტად ვიცით, რომ ამ სტატიას ნაციონალური მოძრაობის წევრები სისულელეს უწოდებენ, 17 მაისისთვის პასუხისმგებლობასაც მოიხსნიან და ესეც მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. პასუხისმგებლობა მოიხსნა "იდენტობამ", ოფიციალურად აქციაზე მისვლას არ აპირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა გამოვა? სწორია _ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ნებას დაბრალდება. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპა და აქ მყოფი ოლანდი თითს ერთად დაგვიქნევენ, ხალხის ნებას წინ არ აღუდგეთო და უმართავი პროცესი მაპ-ზე უკეთესივით ხელში გვიჭირავს.

ვერ გეტყვით, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი არაფერი ხდება და ის სიმშვიდე, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას სახეზე აწერია, ვერ გეტყვით, რითაა გამოწვეული. გამორიცხულია, მათ ეს ინფორმაცია არ ჰქონდეთ, მაგრას საამისოდ ზომებს რომ იღებდნენ, აშკარად არ შეიმჩნევა. თუ ეკა ბესელიასავით ხელისუფლება ქართველი ხალხის სიბრძნის იმედადაა, გვერწმუნეთ, ეს სიბრძნე ხშირად სისასტიკეში გადადის და ამის მაგალითი მრავლად გვაქვს.

P.S. აქ რა მოსატანია, მაგრამ თუ აკვირდებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი მიაძინეს. სამაგიეროდ, ჩვენ არ "გვძინავს" და საინტერესო დეტალებიც გავიგეთ. უფრო ზუსტად, ის ვერსია გავიგეთ, რომელიც ყველაზე რეალურად ჟღერს და რაც მთავარია, რომლის გახმაურებაც ნუგზარს არაფრით აწყობს. თანაც, იმის მტკიცება, რომ წიკლაური 8 კაცმა სცემა და დავით კოდუა მხოლოდ ერთმა, უკვე სასაცილოა და... ნუგზარ, ნაცმა თხარა, თხარაო... მოდი, ამჯერად "თხარა, თხარა" ვიკმაროთ.

გიორგი იაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა