სახიფათო შპროტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შემდეგ ნომერზეა შესაძლებელი - 2 91 91 67

 სახიფათო შპროტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შემდეგ ნომერზეა შესაძლებელი - 2 91 91 67

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებს. "ინტერპრესნიუსს" მოქალაქეები უკავშირდებიან, რომლებიც სახიფათო შპროტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება სურთ. დეტალების გასარკვევად "ინტერპრესნიუსი" სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალების გასარკვევად ცხელ ხაზს მიმართონ ნომერზე: 2 91 91 67

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის თაობაზე მათ "საგანგაშო შეტყობინება" ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიიღეს.

შეტყობინების თანახმად, ლატვიური წარმოების SIA "GAMMA-A" LTD-ს მიერ წარმოებული შებოლილი თევზის შპროტში აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა. შეტყობინებაში გასატარებელ ღონისძიებად მითითებულია სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

მათივე განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე გადანაწილებულია.

"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 240-გრამიანი 2544 ერთეული თევზის კონსერვი შემოვიდა. იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა შპს "ევერესტი 2010"-ის მიერ. კონსერვის ვარგისიანობის ვადა 03.10.2017 წლამდეა. საქართველოს კანონმდებლობით შებოლილ თევზში ბენზ(ა)პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატვიური წარმოშობის კონსერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა. ინსტრუქციის თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოიძიეს აღნიშნული პარტია. შემოწმების შედეგად საწყობში კონსერვები არ აღმოჩნდა. მეწარმის განცხადებით, სურსათი უკვე რეალიზებულია საცალო ვაჭრობის ობიექტებში", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და განმარტავენ, რომ ამჟამად სააგენტოს სპეციალისტები საცალო ვაჭრობის ობიექტებს ამოწმებენ.

ამასთან, შპს "ევერესტი 2010"-ში ვერ აკონკრეტებენ, რომელ ობიექტებში მოხდა ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობის მქონე თევზის შპროტის რეალიზება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ევერესტი 2010"-ში განუცხადეს, აღნიშნული პროდუქტი საქართველოში ნოემბრის თვეში კანომდებლობის სრული დაცვით შემოვიდა. დეტალებზე საუბრისგან შპს-ში თავი შეიკავეს.

"ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელ ობიექტებშია რეალიზებული შპროტი. ჯერ ერთი, ეს არის 6-7 თვის წინანდელი ამბავი. ნამდვილად არ ვიცი, ის 30 ყუთი შპროტი სად არის გაყიდული. არც ვაპირებ ამაზე კომენტარს. ეს არის რაღაც რაოდენობა, რომელიც საქართველოში შემოვიდა 2013 წლის ნოემბერში, აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით, შესაბამისი ვეტერინარული სერტიფიკატით, შესაბამისი დოკუმენტაციით. 7 თვის წინანდელი ამბავია", - აღნიშნეს შპს "ევერესტი 2010"-ში.

მათივე ინფორმაციით, ნოემბრის შემდეგ შპს-მ შპროტის ახალი პარტია საქართველოში ისევ შემოიტანა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია